ლეგიონის უქმეები: ლორიას ტრავმა, ჯაბას მოგება, "ვიტესის" კრიზისი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ - ვიხილეთ ქართული გოლი აზერბაიჯანში (ნუგზარ კვირტია), ორი ქართული გოლი ამხანაგურ შეხვედრაში (გოგიტა გოგუა და ჯაბა ლიპარტია) და ერთი საგოლე პასიც პოლონეთში (ლადო დვალიშვილი).

ცუდი იყო ის, რომ შეკრების უკანასკნელ მატჩში დაშავდა "კრილიასა" და საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსმა" ბოლო თვეებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "ბორდო" 4:1 გაანადგურა. ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა ნახევარდაცვაში (6 ბალი "ორანჟის" შეფასებით).

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე "რომასთან" მატჩის 73-ე წუთზე
გამოვიდა, ერთ წუთში კი ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გავიდა - სტეფან ელ შაარავიმ დუბლი შეასრულა და "რომამ" "ემპოლის" 3:1 მოუგო. შემდეგ "ემპოლი" 10 კაცის ამარა დარჩა. ჩვენებურმა ერთხელ, შორი მანძილიდან დაარტყა "რომას" კარში ზუსტად. "პიანეტა ემპოლიმ" მჭედლიძის თამაში 5 ბალით შეაფასა.

"ემპოლის" დუბლები კი რომის "ლაციოსთან" დამარცხდა ამავე ანგარიშით - 1:3. რომან ჭანტურია სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის მე-80 წუთზე შეცვალეს.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წუთი) "ტუტოკუოიო" სტუმრად "ლ'აკვილას" 0:0 დაუზავდა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. არნემული კლუბის ქართველებს აშკარად ეძაბებათ ურთიერთობა გუნდის თავკაც რობ მაასთან. ამის ყველა ნიშანი ვიხილეთ ბოლო ტურში და მის მერე გაკეთებულ კომენტარებში - "ვიტესი" შინ "ვილემ II"-თან დამარცხდა - 0:1.

გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა (მარჯვენა მცველად), ხოლო ვაკო ყაზაიშვილი (ცრუ ცენტრფორვარდად) 74-ე წუთზე გამოცვალეს. აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი აშკარად უკმაყოფილო ჩანდა შეცვლით, ხოლო კაშიამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ეს გუნდი ბევრ მომენტს ქმნიდა, ახლა კი ვერ ახერხებს ამას. "ეს ბიჭები "რეალთან" და "ბარსასთან" ომსაც შეძლებდნენ", - დანანებით ამბობს გუნდის ქართველი კაპიტანი.

ესპანეთი. სეგუნდა.
გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკი" შინ 1:1 დაუზავდა "ვალიადოლიდს". ჩვენებურმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა. მესამედან მეექვსე ადგილამდე გუნდებს (რომლებიც პლეი ოფის საგზურს იძლევა) 43-43 ქულა აქვთ, მათ შორისაა, აბურჯანიას "ხიმნასტიკიც".

გერმანია. II ბუნდესლიგა. "ფრაიბურგმა" 2:0 მოუგო "კაიზერსლაუტერნს" და 44 ქულით მეორე ადგილზეა. ლუკას ჰუფნაგელი რომ არ ითამაშებდა, თამაშამდე დაიწერა, მას ინფექცია აქვს.

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" შინ 0:2 დამარცხდა "ზანკტ პაულისთან". ჩვენებური სასტარტოში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. აი, "დუისბურგი" კი უიმედო აუტსაიდერად რჩება. გერმანული მედია მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ჭანტურიას ინდივიდუალურ მოქმედებებს გამოჰყოფს კარგი კუთხით. "შპორტალმა" მხოლოდ ჭანტურიას და ერთ მის თანაგუნდელს დაუწერა 3 ბალი, დანარჩენებმა ძალიან ცუდი შეფასება მიიღეს.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილმა მე-80 წუთამდე ითამაშა "ვერდერის" დუბლების მატჩში სტუმრად "ზონენჰოფთან", რომელიც ბრემენელებმა 1:0 მოიგეს.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგია კვლავ არ ყოფილა განაცხადში. მისი "ბრენტფორდი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "როტერჰემთან".

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის (56-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" ლისაბონის "ორიენტალს" სტუმრად 1:1 დაუზავდა.

გიორგი მაკარიძის გარეშე "ფეირენშე" სტუმრად "ფამალიკაოსთან" 0:1 დამარცხდა და ზუსტად ეს გუნდი გადაუშვა მესამე ადგილზე.

თურქეთი. სუპერლიგა. "რიზეს" განაცხადში გამოჩნდა ნიკა ძალამიძე. მისმა გუნდმა 2:0 მოუგო "ქასიმფაშას". ჩვენებურს არ უთამაშია.

თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირი" შინ 0:1 დამარცხდა "ბურსასთან" და ბოლო ადგილზეა. ოქრიაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე კი გამოცვალეს.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილს ოთხი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. ამიტომ ის "პანიონიოსთან" საგარეო მატჩს ტოვებდა. ქართველის გარეშე მოასპარეზე "ლევადიაკოსმა" 2:0 იმარჯვა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკმა" 3:2 დაამარცხა "ბრიუგე". ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის (90 წ) "შლიონსკი" შინ "გორნიკს" 0:0 დაუზავდა.

ლადო დვალიშვილის "პოგონი" შინ 1:1 დაუზავდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტერმალიცას". ლადო სასტარტოში იყო. სწორედ მისი პასით 50-ე წუთზე პჟიბეცკიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. დვალიშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს.

ჩეხეთი. სინოტლიგა. ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ტეპლიცე" შინ განადგურდა "ლიბერეცთან" - 0:3.

ლევან ყენია არ ყოფილა "სლავიასა" და "ოსტრავას" დაპირისპირებაში.

სლოვაკეთი. ფორტუნალიგა. აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "მიხალოვცე" შინ 0:1 დამარცხდა "ტრნავასთან".

დანია. სუპერლიგა. ჩემპიონატის განახლებამდე დაიწერა, რომ მათე ვაწაძემ "ორჰუსში" სასტარტოში ადგილი გამოცდილ შემტევ მორტენ "დუნკან" რასმუსენთან კონკურენციაში დაკარგა. ასეც აღმოჩნდა - "ოდენსესთან" საგარეო მატჩში (2:2) მათე სათადარიგო სკამს არ გასცილებია.

კვიპროსი. ლევან ხმალაძის (90 წ) "პაფოსმა" შინ 2:0 მოუგო "ერმისს".

თემურ ქეცბაიას აპოელ-მა შინ 3:0 გაანადგურა "აია ნაპა", ხოლო ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "ანორთოსისი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "არისს".

ქართველთა "ახნასი" აელ-ს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. შოთა გრიგალაშვილმა (73-ე წუთზე შეცვალეს) და რევაზ ბარაბაძემ (90 წთ) სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს, ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.

აზერბაიჯანი. ქართველთა აზალ-მა მინიმალური სხვაობით სძლია "რავანს" - 1:0. გამარჯვების გოლი სწორედ ნუგზარ კვირტიამ გაიტანა 61-ე წუთზე. მატჩის გმირი 93-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათიც მიიღო და პენალტიც გააფუჭა. სანდრო გურული 83-ე წუთზე გამოცვალეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მაშინ გაიტანეს, როცა მოედანზე ათნი დარჩნენ მაგომედოვის გაძევების გამო.

"უნდა დამერტყა პენალტი ძლიერად, რომ მეკარეს შანსი არ ჰქონოდა", - დანანებით თქვა თამაშის მერე კვირტიამ.

ზაურ სვანაძის "ინტერი" 1:1 დაუზავდა ლიდერ "ყარაბაღს". ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, სკამზე ჯდომისას ყვითელი ბარათი მიეღო. ზურაბ ხიზანიშვილი და ლაშა კასრაძე განაცხადში არ ყოფილან. "ინტერი" მეოთხე ადგილზეა, აზალ-ი კი - მეშვიდეზე.

ამხანაგური მატჩები
გოგიტა გოგუამ პირველი გოლი გაიტანა "ირტიშის" შემადგენლობაში. მან "სტალთან" მატჩის 34-ე წუთზე 11-მეტრიანით გახსნა ანგარიში, ყაზახურმა გუნდმა კი საბოლოოდ 2:1 იმარჯვა.

"მორდოვია" მოლდოვურ "შერიფთან" 0:2 დამარცხდა. რუსული გუნდის კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა, ხოლო მამუკა კობახიძე 66-ე წუთზე გამოცვალეს.

ყაზანის "რუბინმა" და "კრილია სოვეტოვმა" ლა მანგაში 0:0 ითამაშეს. საბა კვირკველია 90 წუთი გაისარჯა "რუბინის" შემადგენლობაში. "კრილიაში" კი გიორგი ლორია 43-ე წუთზე შეცვალეს. ის ცუდად დაეცა მეტოქის კუთხურისას.

"ზორიამ" შეკრების ბოლო მატჩში "ლიეპაია" 4:1 დაამარცხა. ჯაბა ლიპარტიამ მეორე ტაიმი ითამაშა და "ზორიას" ბოლო გოლი გაიტანა 88-ე წუთზე.

მოსკოვის "სპარტაკმა" კვიპროსული შეკრება "ურალთან" 1:2 მარცხით დაასრულა. ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული