ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ლორია: "ადიდასის" ახალი ბურთი კარგია...

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ნაწილისთვის მზადებაზე, საკონტროლო მატჩებსა და "ადიდასის" ახალ ბურთებზე ილაპარაკა, რომლითაც რუსული გუნდები ამიერიდან ითამაშებენ.

გიორგიმ ინტერვიუში ნიკა კაჭარავა და ნუკრი რევიშვილიც ახსენა...

- გვიამბე სეზონის საგაზაფხულო ნაწილისთვის გუნდის სამზადისზე. როგორ ფორმაში ხარ? ხომ არ დაკარგე ის თავდაჯერება, რომელიც დამახასიათებელი იყო შენი თამაშისთვის შემოდგომაზე?
- ფორმას ნელ-ნელა ვიბრუნებ. სპარინგები არცთუ ბევრი იყო, მაგრამ იმ თამაშებში, რაც გვქონდა, საკუთარი გარჯით კმაყოფილი ვარ. აღვნიშნავ, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი შეკრებაა
ჩემს კარიერაში. საქართველოში ჩემპიონატში პაუზა საკმაოდ ხანმოკლეა და მაქსიმუმ, ორი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. აი, საბერძნეთში კი გუნდები შეკრებებზე არ დადიან.

- რა ითვლება შენთვის კარგ ვარჯიშად - სპარინგის დროს შენს კარში ხშირად დარტყმა?
- სწორედაც. მაგალითად, ამ მხრივ ძალიან მომეწონა "მურსიასთან" თამაში. მეტოქე ბევრს გვიტევდა. ამ შეხვედრაში გაშვებულ გოლს მოგვიანებით გონებაში "ვატრიალებდი". შემეძლო მოგერიება. როგორც ჩანს, დატვირთვებისგან დაღლილობამ იმოქმედა, მაგრამ სამაგიეროდ, შეკრების შემდეგ ჩემპიონატში გაგვიიოლდება თამაში, ნაკლებად დავიტვირთებით.

- მიეჩვიე "ადიდასის" ახალ ბურთებს, რომლითაც გაზაფხულიდან მოგიწევთ თამაში? ბურთს რაიმე განსაკუთრებული შეატყვე?
- ვარჯიშის შემდეგ ბიჭებთან ერთად კარში დარტყმებზე ხშირად ვმუშაობ. ამას წინათ ალან ჩოჩიევთან წყვილში ვვარჯიშობდი, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთმა "ჩაუხვია" და ძნელი დასაჭერი გახდა. შესაძლოა, ეს ბურთის ბრალი იყო, შესაძლოა - ალანის დარტყმის. მგონი, უფრო დარტყმის. სხვა მხრივ კი, ბურთი კარგია, ახალია...

- "როსტოვის" თავდასხმის ხაზი ამ ზამთარს ორ ახალი ფორვარდით გაძლიერდა. მზად ხარ როსტოველთა შემოტევებისთვის მომავალ შეხვედრაში (რედ: "კრილია"-"როსტოვის" მატჩი 5 მარტს გაიმართება)?
- დიახ, "როსტოვს" თავდასხმაში მართლაც ყველაფერი წესრიგში აქვს. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ქართველი ფორვარდის, ნიკა კაჭარავას დამატებას. ის თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ "ცხინვალში" იტანდა. კარგი მოთამაშეა.

რაც შეეხება მეტოქეს, ჩვენმა მწვრთნელმა ფრანკ ვერკაუტერენმა ჯერ კიდევ ესპანური შეკრების პირველ დღეს გვითხრა, რომ ვიწყებდით მზადებას "როსტოვისთვის" და ყველა ჩვენი ფიქრი ამ თამაშისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. ამიტომ მუდმივად ვარჩევთ მეტოქის თამაშს, ვიგებთ რაღაც ახალს...

- "კრილია" სარანსკში სინთეტიკურ გაზონზე ითამაშებს. ამ ტიპის საფართან დაკავშირებით ხომ არაფერი გირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შენმა თანაგუნდელმა ნუკრი რევიშვილმა, რომელიც "მორდოვიას" კარს იცავს?
- მხოლოდ ის მითხრა, რომ "სტარტზე" ბოლო თაობის, ახალი და კარგი გაზონი დააგეს. რა თქმა უნდა, ნატურალურ გაზონზე ყოველთვის ჯობია თამაში, როგორც მინდვრის მოთამაშეებისთვის, ისე მეკარისთვის, მაგრამ რაკი ისე გამოვიდა, რომ საშინაო მატჩებს საკუთარ, ბუნებრივსაფარიან მოედანზე ვერ ვატარებთ, ეს ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. "სტარტზე" დაგებული ხელოვნური საფარი ბუნებრივთან ძალიან ახლოსაა.

სარანკსში, "კრილია"-"როსტოვის" თამაშზე სამარელი გულშემატკივრები ალბათ ნაკლებად იქნებიან, მაგრამ ვიღაც აუცილებლად ჩამოვა და დაგვიჭერს მხარს. ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ქომაგის იმედი გავამართლოთ.
ასევე დაგაინტერესებთ