ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი აბურჯანია: ლა ლიგა? რატომაც არა!

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" ქართველმა ახალწვეულმა გიორგი აბურჯანიამ ინტერვიუ გაზეთ Diari de Taraggonas-ს მისცა:

- ბოლო ორ თამაშში თქვენ "ნასტიკის" სასტარტოში იყავით, ორივე შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ. უკვე შეეგუეთ ახალ გუნდს?
- ძალიან ბედნიერი ვარ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ვთამაშობ და გუნდი წარმატებას აღწევს. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

- თავს უკვე კომფორტულად გრძნობთ მოედანზე?
- ჟირონაში გამიჭირდა, რადგან დერბი იყო და მეტოქე გულშემატკივრების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას ვგრძნობდი, მაგრამ საშინაო მატჩში, ტარაგონაში, ვიგრძენი, როგორ მიჭერდა მხარს გულშემატკივარი. როცა ახალი ხარ, ხალხს უნდა
ნახოს, რა შეგიძლია. კმაყოფილი ვარ, თუ ხალხს მოეწონა ჩემი თამაში. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო კარგადაც ვითამაშებ.

- "ხიმნასტიკის" შემტევ ნარანხოსთან მალევე დაალაგეთ ურთიერთობა? ბოლო ორი გოლი მან თქვენი პასებით გაიტანა...

- ნარანხო დიდებული ფეხბურთელია. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვივარჯიშეთ ერთად, თუმცა ყველაფერი მომენტზეა დამოკიდებული. ასევე კარგად გამომდის თამაში აჩილესთან, სერხიოსთან, ლევისთან... მგონი, მთავარი არ არის, ვის გააქვს გოლი, მთავარი მაინც შედეგია.

- ისეთია ესპანური ლიგა, როგორსაც მოელოდით?
- სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ სეგუნდა დივიზიონში თამაში უფრო ადვილი იყო, მაგრამ პირველივე თამაშში მივხვდი, რომ აქ სისწრაფე და დონე უფრო მაღალია, ვიდრე მეგონა.

- დამაინც, როგორი დონეა?
- ტექნიკურადაც, ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც გუნდები კარგად არიან მომზადებულნი, გავოცდი გუნდების დონით. ჩემი აზრით, ლა ლიგასა და სეგუნდას შორის სხვაობა არც ისე დიდი ყოფილა.

- როგორია ქართველი ფეხბურთელისთვის, რომელიც აქამდე კვიპროსის ლიგაში თამაშობდა, აქ თამაში?
- რა თქმა უნდა, კვიპროსის ლიგიდან სეგუნდაში თამაში ცოტა ძნელია. ვიცი, რომ ემილიო მე დიდხანს მაკვირდებოდა, კვიპროსშიც და ესპანეთში ასაკობრივ ნაკრებში თამაშისას. როგორც ჩანს, ჩემი თამაშით "ხიმნასტიკს" თავი მოვაწონე.

- ძნელი იქნებოდა პირველი დღეები ტარაგონაში, არა?
- პირველი დღეები მართლაც რთული იყო. მოვხვდი სულ სხვა ქვეყანაში, სადაც განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია. ამას ემატება ენის არცოდნაც. სავარჯიშო პროცესიც სულ სხვანაირია, ვიდრე კვიპროსში. ნელ-ნელა ყველაფერს შევეჩვიე. ფეხბურთელები, მწვრთნელები, პრეზიდენტი ემილიო, ყველა დამეხმარა.

- "ხიმნასტიკში" არის ჩისკო მუნიოსიც, რომელიც თქვენ თბილისის "დინამოდან" გეცოდინებათ...
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩისკო ძალიან დამეხმარა. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, სწორედ ჩისკოა. სანამ გადავიდოდი, ველაპარაკე მას და ბევრი რჩევაც მივიღე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. როცა ტარაგონაში ჩამოვედი, პირველი ჩისკოსთან მივედი. ის საქართველოში ძალიან დაფასებულია - საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, თბილისის "დინამოს" კაპიტანი იყო.

- როგორ მიდის ენის შესწავლის საქმე?
- ვსწავლობ. ვიცი რამდენიმე სიტყვა. ძალიან გავრცელებული სიტყვები, რომლებიც ფეხბურთთან კავშირშია. დავიდ როჩამ მიშოვა ესპანურის მასწავლებელი. ვსწავლობ, მინდა, რაც შეიძლება სწრაფად შევისწავლო ენა.

- როგორ ფიქრობთ, მოიპოვებს "ხიმნასტიკი" ლა ლიგის საგზურს? ეს შესაძლებელია?
- რატომაც არა. გუნდი ამბიციურია. თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს და ცოტა იღბალიც დაგვეხმარება, ყველაფერი შესაძლებელია.

- მოგვიყევით საქართველოს შესახებ...
- ეს არის ქვეყანა დიდი ისტორიით. ყველას გირჩევთ, იმოგზაუროთ საქართველოში. ნახეთ თბილისი, ეს დიდებული ქალაქია.