ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა კანკავა: რამდენიმე წამით სამოთხეში ვიყავი

AutoSharing Option
ფრანგული ლიგა 1-ის "რეიმსისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ ინტერვიუ უკრაინულ საიტ MatchDay-ს მისცა. ინტერვიუში ჩვენი ნაკრების კაპიტანი ჰყვება მის ფრანგულ კარიერაზე, "დნიპროსთან" გამოთხოვებაზე, ჩინურ ვარიანტზე და იმაზე, თუ ვის შეუძლია ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეჩერება.

ქართულის მერე ფრანგული ღვინო რითი გამაკვირვებდა?
- bonjour mon ami, ფრანგული უკვე გესმით, ჯაბა?
- bonjour. ჯერ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, ფრანგული ენა ძნელია. მის შესწავლას დრო უნდა, თუმცა ვცდილობ.

- მოასწარით მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქ პარიზში გასეირნება? საერთოდ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს საფრანგეთში?
- პარიზზე მხოლოდ
დადებითის მოყოლა შემიძლია. ძალიან ლამაზი ქალაქია და, როცა ვახერხებ, სულ ჩავდივარ. კარგია პარიზში შოპინგი ან უბრალოდ, ქალაქის ქუჩებში ფეხით სეირნობა. თამაშის შემდეგ, თუ ძალიან დაღლილი არა ხარ, შეიძლება რომელიმე კლუბში წასვლა.

- ვიცი, რომ Pro Evolution Soccer-ის თამაში გიყვართ. საფრანგეთში ვის ეთამაშებით ხოლმე?
- არავისთან, სანდრო (კობახიძე - რედ.) აქ არ არის, მეტოქეც არ მყავს.

- "რეიმსში" ყველამ იცის ფრანგული. ენობრივი ბარიერი არ გაფერხებთ?
- შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობ, საფეხბურთო მოედანზე კი - არა. მოედანზე უნდა ითამაშო, ლაპარაკი ნაკლებადაა საჭირო. თუმცა, როცა ფრანგულს შევისწავლი, მოედანზე კიდევ უფრო გამიიოლდება.

- საფრანგეთს უკვე შეეგუეთ?
- პრაქტიკულად, კი.

- რითი გაგაკვირვათ საფრანგეთის ჩემპიონატმა?
- "პარი სენ-ჟერმენი" ცალკე ისტორიაა. თუმცა სუსტი მეტოქეები აქ არ არსებობენ. იოლად არავინ არაფერს დაგითმობს, ყოველი მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია. ლიგა 1-ის თითოეული გუნდის დონე სტაბილურად მაღალია, მატჩებზე ბლომად მაყურებელი დადის. მოკლედ, ყველგან საფეხბურთო ატმოსფეროა.

- რეიმსი შამპანური ღვინოების სამშობლოა, გასინჯეთ უკვე?
- დიახ, აქ შამპანური ღვინოების ფართო არჩევანია. გრძნობ, რომ ნაღდ, ხარისხიან შამპანურს სვამ. მაგრამ ღვინოს აქ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. საქართველოს შემდეგ საფრანგეთი დიდად ვერ გამაკვირვებდა.

- უკრაინაში ბევრი ქართული რესტორანია. საფრანგეთში გაქვს საშუალება, ხინკალი მიირთვა?
- რეიმსში არ გამიგონია, პარიზში ქართული რესტორნები არის, მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ.

- სულ ახლახან საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორი ემოციები დაგეუფლათ?
- ეს ცხოვრებაში პირველად მოხდა და ძალიან სასიამოვნო იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამის გამო. მადლობა ყველას, ვინც კი დამეხმარა ასეთი მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებაში.

- ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკვე შეხვდით. რას ფიქრობთ, შეიძლება მისი შეჩერება?
- იბრაჰიმოვიჩი ფიზიკურად მძლავრი, პლასტიკური და მაღალი დონის ფორვარდია. როგორ გავაჩეროთ ის, ვერ გეტყვით. სჯობს, მასკერანოს ჰკითხოთ (იცინის).

"დნიპროსთან" განშორება
- გაიხსენეთ 14 მაისი, კიევი. "ოლიმპიურზე" ევროპალიგის ნახევარფინალის საფინალო სასტვენი გაისმა "ნაპოლისთან" თამაშში...
- ძალიან ბედნიერი და დაღლილი ვიყავი.

- თქვენი გოლი ნოიერის კარში, უბრალოდ, ფანტასტიკური იყო. რა გრძნობა იყო გერმანიის ნაკრების კარის დალაშქვრა?
- ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. რამდენიმე წამით სამოთხეში ხარ. ცოტა ხანში დედამიწაზე ეშვები.

- ალბათ, ახლა პოპულარულობით კალაძეს არ ჩამორჩებით. მოგწონთ პოპულარულობა?
- ვერ შევედრები კალაძეს, ის სულ სხვა დონეზე თამაშობდა, გაცილებით მაღალზე, ვიდრე მე. თუმცა, რომ გცნობენ, სასიამოვნოა.

- ვიცით, რომ პრესასთან ურთიერთობა არ გიყვართ. თავად თუ კითხულობთ კოლეგების ინტერვიუებს?
- დიახ, არ მიყვარს დიდად პრესასთან ურთიერთობა, ეს მართალია. მხოლოდ, როცა ძალიან საჭიროა ინტერვიუ, მაშინ ვთანხმდები. თავად, რა თქმა უნდა, ვეცნობი საფეხბურთო სიახლეებს.

- "დნიპროდან" წასვლის წინ კლუბის ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ?
- მარკევიჩსაც ველაპარაკე და სტეცენკოსაც. ერთმანეთს კარგად დავშორდით. მაგრამ არის ნიუანსები, რომლებზეც ლაპარაკი პრესასთან არ მსურს.

- "დნიპროს" ფეხბურთელებს როგორ დაშორდით?
- საფრანგეთში გაფრენის წინა დღეს ერთად შევიკრიბეთ, კარგი დრო გავატარეთ. ცოტა დავლიეთ კიდეც. ბიჭებს მადლობა იმ წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ "დნიპროში".

- ახლაც გაქვთ მათთან ურთიერთობა?
- ხანდახან ვურეკავთ ერთმანეთს. ხშირად არა.

- ალბათ, გიფიქრიათ, რომ დროულად წახვედით "დნიპროდან"...
- "დნიპროს" თამაშებს თვალყურს ვადევნებ. დიახ, ვფიქრობ, რომ გუნდიდან დროულად წავედი.

მწვრთნელი, ალბათ, არ გავხდები
- უკრაინაში გატარებულ დროზე გული ხომ არ გწყდებათ?
- არა, ალბათ, ღმერთს ასე სურდა. მადლობელი ვარ უკრაინის, სადაც საუკეთესო საფეხბურთო წლები გავატარე.

- "რეიმსთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ უკვე 33 წლის იქნებით. რას აპირებთ მერე?
- არ ვიცი, რა იქნება სამი წლის მერე. კარიერას კი მაშინვე დავასრულებ, როგორც კი თავს შევატყობ, რომ მაღალ დონეზე თამაში არ შემეძლება.

- ალბათ, იცით, რომ ახლა ბევრი ფეხბურთელი მიდის ჩინეთში, სადაც მათ კარგ ხელფასს სთავაზობენ...
- არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტსაც. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

- თუ ხედავთ საკუთარ თავს მომავალში მწვრთნელის რანგში? დავუშვათ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში?
- არა მგონია, რომ მწვრთნელი გავხდე.

- თქვენ ახალი თაობისთვის სამაგალითო ხართ. საფეხბურთო სკოლის გახსნაზე არ გიფიქრიათ თბილისში?
- ჯერ ამაზე არ მიფიქრია.

- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ საქართველოში, უკრაინაში და ახლა უკვე საფრანგეთში. თქვენი გული თავისუფალია?
- არა, ჩემი გული თავისუფალი არ არის, იქ ჯერ კიდევ ფეხბურთია.