ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შოთა არველაძე ბერძნული პაოკ-ისგან გარანტიებს ითხოვს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, შოთა არველაძისა და ბერძნული პაოკ-ის თანამშრომლობის საკითხი კვლავაც აქტუალურია. ჩვენი ინფორმაციით, 42 წლის ქართველი სპეციალისტი სალონიკური კლუბის ხელმძღვანელობისგან გარკვეულ ფინანსურ-საბანკო გარანტიებს ითხოვს. ბოლოს სწორედ ამ შინაარსის საუბარი შედგა პაოკ-ის მესვეურებსა და არველაძეს შორის.

ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებით, შოთას ვერავინ გაამტყუნებს. ჯერ ერთი, მას "ტრაბზონსფორში" ქრონიკული ფინანსური კრიზისის პირობებში უწევდა მუშაობა და ამანაც განაპირობა, რომ გუნდის შედეგები იდეალური არ იყო.

და მეორეც - ბერძნული კლუბები არცთუ ჯანსაღი რეპუტაციით გამოირჩევიან. არაერთხელ მომხდარა, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ამ ქვეყნის კლუბებთან ფინანსური პრობლემები რომ
შეჰქმნიათ. მათ შორის იყვნენ ჩვენებურებიც და ამაზე "ლელო" ოპერატიულად გაწვდიდათ ინფორმაციას.

შოთას აქამდე "ქაისერისფორი", "ქასიმფაშა" და "ტრაბზონსფორი" (სადაც გიორგი დევდარიანი ეხმარებოდა) გაუწვრთნია, მანამდე კი ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო "ალკმაარში".

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სუპერლიგაში პაოკ-ს მეოთხე ადგილი უჭირავს. ამ გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. ბერძნებს აქამდე ახლო წარსულში ცნობილი ხორვატი მცველი იგორ ტუდორი მოძღვრავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"