Chempionat.com: გურამ კაშია - სწორედ ამ დაუფასებლობის მსხვერპლია

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა ინტერნეტგამოცემა Chempionat.com-მა დასავლეთ ევროპაში მოთამაშე ის ფეხბურთელები მიმოიხილა, რომლებსაც რუსული პრემიერლიგის კლუბების გაძლიერება შეუძლიათ.

საიტმა პოტენციურ ახალწვეულთა შორის კი საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშიაც დაასახელა.

"კარგი მცველი ჰოლანდიის ჩემპიონატში - ეს ეგზოტიკაა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ როდესაც ადგილობრივ ლიგაში კარგი მცველი ჩნდება, მას ტოპ-ჩემპიონატების კლუბები ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. ჰოლანდიის ჩემპიონატი კი, მართლაც რომ არაა მაღალი დონის.

გურამ კაშია - სწორედ რომ ამ დაუფასებლობის მსხვერპლია. მან თავისი კარიერის მანძილზე უკვე დაამტკიცა, რომ იოლად შეუძლია თავისი
თამაშის ხარისხის მაღლა და მაღლა აწევა.

კაშია რაინის სანაპიროზე "ვიტესის" ახალ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას მიჰყვა. თუმცა, ჰოლანდიელებს სულ ნახევარი წელიწადი დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ გურამს დამოუკიდებლად, კაბინეტებიდან მხარდაჭერის გარეშეც შეეძლო წარმატებული კარიერის აწყობა.

მიმდინარე სეზონი კაშიასთვის არნემში მეხუთეა. ამ დროში ქართველმა მცველმა მოასწრო კაპიტნობა, "ვიტესის" გასახდელში ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, ერედევიზიეს თვის საუკეთესო მოთამაშის (არცთუ დიდი ხნის წინ, 2015-ის აგვისტოში) ტიტულის მოპოვება და ქალაქის შეყვარება:

"ადაპტაცია მიჭირის ხოლმე, მაგრამ ახლა ჰოლანდიაზე, პრაქტიკულად, ყველაფერი ვიცი. ჩემს ქუჩასა და საყვარელ კაფეში თითქმის ყველას ვიცნობ".

ადაპტაციასთან დაკავშირებით სირთულეები ერთადერთი მნიშვნელოვანი მინუსი არაა კაშიასთვის. პლუსი კი მას გაცილებით მეტი აქვს - ფიზიკური ძალა (ამაოდ არ ჩადის ხოლმე გურამი სტანდარტულების დროს მეტოქის საჯარიმოში), თამაშის ბრწყინვალედ წაკითხვის  უნარი, მწვრთნელის მითითებისა თუ მეტოქე გუნდის წყობაში ცვლილებების დროს სწრაფად გადაწყობა.

უცნაურია, რომ 28 წლის კაშია აქამდე მოკრძალებულ "ვიტესში" თამაშობს", - წერს სერგეი ტიტოვი.

ჩვენ კი დავძენთ, რომ ბოლო დროს გურამ კაშიას არნემულ კლუბში საქმეები არცთუ იდეალურად მისდის - მას ძირითადში აღარ აყენებენ, ბოლოს კი სულაც "ვიტესის" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა. მთლიანობაში კი, საქართველოს ნაკრების მცველი გაცილებით უკეთესი ჩემპიონატისთვის გვემეტება, ვიდრე ჰოლანდიის ერედივიზიე ან რუსეთის პრემიერლიგაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას უცუნებენ ვერ გავიგე,ჯობია ცამოვიდეს,შHესაფერის გუნდს აუცილებლად იშჰოვის
ალეკსანდრე
14:11 20-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული