გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელებში კრასნოდარელი ლეო გოგლიჩიძე გამოიძახა

AutoSharing Option
სააგენტო "ფლეიარაგენტის" დამფუძნებელმა ირაკლი ხვედელიანმა საინტერესო ამბავი გვიამბო. მისი თქმით, რუსეთის პრემიერლიგელი "კრასნოდარის" მცველს საქართველოს სახელით თამაში სურს.

"ჩვენი სააგენტო ქართულ (და არამხოლოდ) კლუბებს მოთამაშეებს სთავაზობს. ჩვენი მიზანი ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაა და ვცდილობთ, ეროვნული ჩემპიონატის თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდებისთვის კადრები მოვიძიოთ. ამის გამო უცხოეთში მოთამაშე პერსპექტიულ ქართველებს ყურადღებით ვაკვირდებით.

ასეთ ფეხბურთელს ახლაც მივაკვლიეთ: ის 1997 წლის 29 აპრილს დაბადებული ლეო გოგლიჩიძეა, რომელიც მ
არცხენა მცველია და მეორე სეზონია, რაც რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" დუბლებში 91-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ რუს სპეციალისტებს და გოგლიჩიძე რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა. მან ეს ფაქტი ჩემთან პირად საუბარში დაადასტურა, თუმცა გაგვიმხილა, რომ მისთვის პრიორიტეტული - საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშია. თქვა, რომ მამამისიც ამ აზრზეა და რომ საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმით მოედანზე გასვლა და ჰიმნის მოსმენა მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იქნება.

თურმე, მამამისს საქართველოდან ორიოდე წლის წინ დაუკავშირდნენ. ის პიროვნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლად გაეცნო და ამტკიცებდა, რომ უშუალოდ ევალებოდა ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება. როცა საქმე საქმეზე მიდგა, ეს პიროვნება საერთოდ გაქრა და "დაინტერესებაც" აღარ ყოფილა.

მსურს, მივმართო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებს - დაინტერესდნენ ლეო გოგლიჩიძის პერსონით, ნუ დავუთმობთ სხვა ქვეყანას კიდევ ერთ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს. საქმეში ნახონ და იქნებ გამოგვადგეს. სულ არაფერი, მისი შესაძლებლობები მაინც გვეცოდინება", - ამბობს ხვედელიანი.

2015 წლის 11 ნოემბერს, რუსული ინტერნეტგამოცემა sports.ru წერდა, თუ ვინ შეიძლებოდა "კრასნოდარში" დუბლებიდან დაეწინაურებინათ და 6 მოთამაშიდან ერთადერთი ქართველიც იყო ნახსენები.

"ლეო გოგლიჩიძე 18 წლის მარცხენა მცველია. ის "კრასნოდარის" ყოფილ მცველს, ამჟამად "ცრვენა ზვეზდაში" გადასულ დუშან ანჯელოვიჩს ჩამოჰგავს, ოღონდ უფრო აზრიანია. გოგლიჩიძე კარგად არჩევს მომენტს, როდის შეიძლება ფლანგზე გაქცევა და როდის - ბურთის უკან დაბრუნება.

კარგ დრიბლინგსაც დროულად იყენებს. კორპუსს ისე დგამს, ეს უფრო დიდი გაბარიტის მქონე მოთამაშეებთან ორთაბრძოლების მოგებაში ეხმარება. სტაბილურია და, ფაქტობრივად, სეზონის ყველა შეხვედრა ჩაატარა.

რა სჭირდება მთავარ "კრასნოდარში" მოსახვედრად? ტექნიკის გაუმჯობესებით მოქმედების ეფექტურობა უნდა გაზარდოს. ახლა კი ხშირად მისი ჩანაფიქრი ტექნიკურ შესრულებას უსწრებს წინ და პოტენციალის გამოვლენაში უშლის ხელს. შესაძლოა, ცოტა ეშმაკობაც სჭირდება. ზოგჯერ მისი დიაგონალური გადაცემები მაყურებლისთვისაც ადვილი გამოსაცნობია, არათუ - მეტოქისთვის", - წერს sports.ru.

გავარკვიეთ, რომ ლეო გოგლიჩიძე 2012 წელს ტირასპოლში გამართულ "შერიფის" თასის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

ახლა მთავარზე: თურმე, გიორგი ყიფიანი, რომელიც ორიოდე დღის წინათ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, "კრასნოდარის" ქართველით უკვე დაინტერესდა და 20 იანვრისთვის ნაკრებში სათამაშოდ გამოიძახა.

საქართველოში სტუმრად ჩამოდის ბულგარეთის 19-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ქართველ თანატოლებთან 24 და 26 იანვარს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ყიფიანი გოგლიჩიძეს სწორედ ამ თამაშებში დააკვირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული