ლეგიონის უქმეები: გენერალური რეპეტიცია სანაკრებო პაუზის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი მერებაშვილი ამჯერად ნაკრებს მიღმა დარჩა
ვნახოთ, როგორ იასპარეზეს ჩვენმა ლეგიონერებმა სანაკრებო პაუზის წინ, როგორც ეროვნულ ნაკრებში ესტონეთთან (11 ნოემბერი) და ალბანეთთან (16 ნოემბერი) სათამაშოდ გამოძახებულებმა, ისე სხვებმა...

ნაკრებში გამოძახებულები
მეკარეები
რუსეთის პრემიერლიგაში აუტსაიდერთა მატჩში "მორდოვიამ" 4:0 გაანადგურა "ანჟი". ნუკრი რევიშვილმა ნაკრებში გამომგზავრების წინ კარი "მშრალად" შეინახა. ჩვენებური მთლად უსაქმოდაც არ ყოფილა - მეტოქეთა 5 დარტყმა მოიგერია და "ჩემპიონატისგან" 7,5 ბალიც დაიმსახურა.

გიორგი ლორიას დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში მარცხიანი გამოდგა, მან ორი გოლი გაუშვა "კრილია სოვეტოვის" საგარეო მატჩში "რუბინთან" - 0:2.
თუმცა ქართველმა ორჯერ აშკარა გოლისგანაც იხსნა თავისი გუნდი.

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში კარი "მშრალად" შეინახა, მისმა "ფეირენშემ" კი "ოლანენშეს" მოუგო - 1:0. "ფეირენშე" უკვე მეხუთე ადგილზეა.

მცველები
უჩა ლობჟანიძეს და "ომონიას" კვიპროსის ჩემპიონატში დღეს ლიდერი, თემურ ქეცბაიას აპოელ-ი ეწვევა.

საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა "რუბინისა" და "კრილია სოვეტოვის" ზემოთ ნახსენებ დაპირისპირებაში.

ალეკო ამისულაშვილმა, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა "ქარშიაქასა" და "გიოზთეფეს" მატჩში თურქეთის I ლიგაში, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

გურამ კაშიას "ვიტესმა" ჰოლანდიაში დასანანი მარცხი იწვნია შინ "ალკმაართან" - 0:2. ქართველმა კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ტაიმზე მეტი 10 კაცით მოთამაშე გუნდს ვერაფერი უშველა.

ნახევარმცველები
გერმანიის II ბუნდესლიგაში ქართველთა დუელი ვერ ვიხილეთ - "დუისბურგის" ახალმა თავკაცმა გიორგი ჭანტურია სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ლაშა დვალი კი განაცხადში არ ყოფილა, სტუმართა შორის კი 46-ე წუთზე გამოჩნდა ლუკას ჰუფნაგელი, რომელსაც დებიუტი ელის საქართველოს ნაკრებში. მატჩი აუტსაიდერსა და ერთ-ერთ ლიდერს შორის ფრედ დასრულდა - 1:1.

ბუბა დაუშვილმა ("კარპატი") უკრაინაში "მეტალისტთან" 1:1 დასრულებულ თამაშში შეუცვლელად ითამაშა.

ჯაბა კანკავა თვეზე მეტი ხნის მერე დაუბრუნდა "რეიმსს", თუმცა მისმა გუნდმა კვლავ წააგო ფრანგულ ლიგა 1-ში, ამჯერად უკვე "გაზელეკ აიაჩოსთან" - 1:2. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა.

სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა უკრაინის პრემიერლიგის მატჩში "ვოლინსა" და "ვორსკლას" შორის, რომელიც "ვოლინმა" 2:1 მოიგო. მასპინძელთა მეორე გოლი სანდროს ჩაწოდებას მოჰყვა საჯარიმოში. მცველმა თავით კი მოიგერია, მაგრამ იქვე დადარაჯებულმა მასპინძელმა გაიტანა.

"ვიტესის" თამაში ზემოთაც ვახსენეთ, იმ შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილი შეუცვლელად გაისარჯა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ბელგიის ჩემპიონატში "გენკის" რიგებში ბოლო 4 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი სტუმრად "ბრიუგესთან" 0:1 დამარცხდა.

თავდამსხმელები
დანიაში ქართველთა "ორჰუსი" სტუმრად "რანდერსთან" 1:4 განადგურდა. მათე ვაწაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუმცა თავი არ გამოუჩენია. მართალია, მათეს 13 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მას 18 ოქტომბრის მერე გოლი არ გაუტანია. გუნდის მეორე ქართველი დავით სხირტლაძე კი სექტემბრის შუა რიცხვებში დაიმტვრა და მის მერე ვერ თამაშობს.

ნიკოლოზ გელაშვილის და გია გრიგალავას (ეს ორი ფეხბურთელია ნაკრებში გამოძახებული) კვიპროსული "პაფოსი" "აია ნაპას" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა, გელაშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს. მოგეხსენებათ, "პაფოსში" სხვა ჩვენებურებიც თამაშობენ. სწორედ ერთ-ერთმა გაიტანა სტუმართა გოლი - ელგუჯა გრიგალაშვილმა 74-ე წუთზე გაათანაბრა, 82-ე წუთზე მოედანი მანაც დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევან ხმალაძემ
შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეკარე როინ კვასხვაძე დისკვალიფიცირებული იყო.

ბაჩანა ცხადაძემ ალბანეთის ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა, მან "ტეუტასთან" გასვლით შეხვედრაში მე-19 წუთზე გაათანაბრა, მაგრამ მისი და გიორგი ფოფხაძის გუნდი 1:3 დამარცხდა. ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გააფრთხილეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვები
ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგიას (სათადარიგო) "ბრენტფორდი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ბლექბერნს".

გერმანია. III ბუნდესლიგა. გიორგი პაპუნაშვილის (90-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ვერდერი II" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ფორტუნასთან".

იტალია. სერია A-ში ლევან მჭედლიძემ ვერ შეძლო "ემპოლი"-"იუვენტუსის" მატჩში მონაწილეობა, მან ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

ლეგა კალჩო. "ტუტოკუოიომ" 3:0 აჯობა "სავონას". მასპინძელთა პირველი გოლი ირაკლი შეყილაძის ანგარიშზეა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა, ეს მისი მესამე გოლია ჩემპიონატში.

საფრანგეთი. ნასიონალი. "სერკლ ბასტია" 0:2 დამარცხდა "ლუჩონთან". წაგებულთა განაცხადში არ ყოფილა ლუკა კიკაბიძე.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის (90 წ) "ჟილ ვისენტე" შინ "ვარზიმს" 1:1 დაუზავდა.

რუსეთი. პრემიერლიგა. თედო გრიგალაშვილის გარეშე "ტერეკმა" 2:1 მოუგო ჯანო ანანიძის გარეშე მოთამაშე "სპარტაკს". პირველი საქართველოში იმყოფება, მეორე ტრავმირებულია.

I ლიგა. "არმავირი" შინ 0:2 დამარცხდა "სკა-ენერგიასთან". მასპინძელთა რიგებში ზურაბ არზიანი 67-ე წუთზე ირაკლი ჭეჟიამ გამოცვალა. სტუმრებში გოჩა ხოჯავა 69-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო კახა ალადაშვილი სათადარიგო იყო.

უკრაინა. პრემიერლიგა. ოდესის "ჩერნომორეცი" 0:2 დამარცხდა დონეცკის "ოლიმპიკთან". მასპინძელთა დაცვის ცენტრი ისევ სუფთა ქართული იყო - გიორგი გადრანმა და დავით ხოჭოლავამ (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშეს.

ჯაბა ლიპარტიას (I ტაიმი ითამაშა) "ზორიამ" "მეტალურგს" 4:1 მოუგო.

"შახტარმა" სტუმრად 3:2 მოუგო "ოლექსანდრიას", გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო, მასპინძლებში თამაშის უფლება არ ჰქონდა "შახტარის" საკუთრება დავით თარგამაძეს.

თურქეთი. სუპერლიგა. შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" ახლა "ბაშაქშეჰირთან" დამარცხდა - 0:1. 93-ე წუთზე ტრაბზონელმა ოსკარ კარდოსომ პენალტი ვერ გაიტანა. ეს "ტრაბზონის" მე-5 მარცხი იყო.

ნიკა ძალამიძის "რიზესფორმა" სენსაციურად დაამარცხა "გალათასარაი" - 4:3, მაგრამ ქართველი მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილმა დააწინაურა "ვერია" სტუმრად "ლევადიაკოსთან" მატჩში, მაგრამ საბოლოოდ გუნდები ფრეს დაყაბულდნენ - 1:1. ჩვენებური 59-ე წუთზე შეცვალეს. ეს მისი პირველი გოლია "ვერიას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილმა ყოფილი გუნდის, "ლეგიას" წინააღმდეგ შეუცვლელად კი ითამაშა, მაგრამ ვერაფერი დაუშავა - "პოგონი" 0:1 დამარცხდა.

I ლიგა. დავით მაქარაძის (74-ე წუთზე შევიდა) "სუვალკი" შინ 1:2 დამარცხდა "პლოცკთან". წააგო გიორგი ალავერდაშვილის (II ტაიმი ითამაშა) "ზავიშამაც", სტუმრად "კატოვიცესთან" - 0:1.

ნორვეგია. "სტაბეკი" ბოდო გლიმტთან" 1:6 განადგურდა და საბოლოოდ, ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. "სტაბეკის" რიგებში 46-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი გოროზია.

ჩეხეთი. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ლევან ყენია მოულოდნელად დაშავდა და ის ნაკრებსაც დააკლდა და "სლავიასაც" "ბოჰემიანსთან" დერბიში.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წუთი, გააფრთხილეს) "მიხალოვცე" შინ 1:2 დამარცხდა "მიიავასთან".

კვიპროსი. "ახნასი" შინ 1:2 დამარცხდა "არისთან". მასპინძელთა რიგებში შესვენებაზე ბექა ტუღუშმა შოთა გრიგალაშვილი შეცვალა. "ახნასის" ერთადერთი გოლი კარლეს კოტომ გაიტანა. ალბათ, გეცნოთ თბილისის "დინამოს" ექსშემტევი.

ქართველთა კიდევ ერთი გუნდი, "ანორთოსისი" 1:1 დაუზავდა აეკ-ს. გიორგი აბურჯანია (გააფრთხილეს) 84-ე წუთზე ფეხბურთელმა შეცვალა, რომლის გვარიც პელეა; ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო.

ლიტვა. "ტრაკაიმ" "შიაულიაი" 4:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა რიგებში 51-ე წუთზე გამოჩნდა ნიკა აფაქიძე.

ლატვია. თამაზ პერტიას "სკონტომ" 2:1 მოუგო "სპარტაკსს". ჩემპიონატი მორჩა, ქართველი მწვრთნელის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, პერტიამ ეს ზედიზედ მესამედ შეძლო.

მოლდოვა. ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერი (14 თამაშიდან 3 ქულა) "საქსანი" სტუმრად "ზარიასთან" დამარცხდა - 1:2. წაგებულთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ირაკლი გოგინაშვილი და გიორგი სარჯველაძე.

ესტონეთი. უკვე ჩემპიონმა "ფლორამ" სტუმრად "პაიდესთან" მარცხის უფლება მისცა თავს - 1:2. ზაქარია ბეგლარიშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს. ჩემპიონატი მორჩა, "ფლორამ" 84 ქულა დააგროვა და 8 ქულით გაუსწრო "ლევადიას". ჩემპიონის რიგებში ბეგლარიშვილმა 31 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.

აზერბაიჯანი. ნუგზარ კვირტიამ შეუცვლელად ითამაშა აზალ-ის შემადგენლობაში, ხოლო სანდრო გურული განაცხადში არ იყო. ქართველთა გუნდი "ქიაფაზს" 1:1 დაუზავდა.

ზაურ სვანაძის "ინტერი" დღეს ესტუმრება "გაბალას".

სომხეთი. კაპანის "განძასარის" რიგებში მეორე გოლი გაიტანა 25 წლის ფორვარდმა გოგიტა გოგატიშვილმა (90 წ). ჩვენებურმა 30-ე წუთზე დააწინაურა გუნდი "ბანანცთან" საგარეო მატჩში, რომელიც საბოლოოდ, 1:1 დასრულდა.

შეუცვლელად ითამაშა ირაკლი კვეკვესკირმა, რომლის "მიკაც" შინ "ალაშკერტთან" 0:1 დამარცხდა.

"ულისი" შინ 1:4 განადგურდა "პიუნიკთან", თუმცა სომხეთის პირველობის უიმედო აუტსაიდერის ბედი ამიერიდან აღარ გვაინტერესებს, რადგან ქართველმა ფეხბურთელებმა (დავით ლომაია, გიორგი კაჭკაჭიშვილი და ბესიკ ჩიმაკაძე) გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული