ლეგიონი ევროპალიგაზე: შოთა არველაძის ორიდან ორი!

AutoSharing Option
23 ივლისს ქართველმა ლეგიონერებმა, ძირითადად, ევროპალიგაზე ითამაშეს.

დიდი ბრძოლით გადალახა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ბაქოს "ინტერმა". ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ისლანდიაში მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ შინ მხოლოდ დამატებით დროში გატეხა "ჰაფნარფიორდურის" წინააღმდეგობა - 2:2.

"ინტერის" ქართველებმა - ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა - სრულად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი საგოლე პასი მიითვალა. გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. მომდევნო ეტაპზე "ინტერს" უაღრესად მკაცრი გამომცდელი ეყოლება "ბილბაოს" სახით.

* * *
კვიპროსში გამართულ ქართულ დერბიში "ომონიამ" 1:0 მოუგო პოლონურ "იაგელონიას" და შემდგომ ეტაპზე გავიდა.
პირველი მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

"ომონიაში" 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ, პოლონურ კლუბში კი ნიკა ძალამიძეს მხოლოდ პირველი 45 წუთი ანდეს.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ომონია" დანიურ "ბრონდბიუს" დაუპირისპირდება.

* * *
შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა" გასვლაზეც (შინ 1:0) დაამარცხა ლუქსემბურგის "დიფერდანჟი" (2:1) და ბრძოლას აგრძელებს.

შემდეგი მეტოქე მაკედონიური "რაბოტნიჩკია", რომელიც "ტრაბზონმა", წესით, უნდა დაძლიოს.

* * *
უნგრეთში შერცხვა თამაზ პერტიას "სკონტო", რომელმაც "დებრეცენთან" 2:9 წააგო. პირველ მატჩში ლატვიელები გაცილებით ღირსეულად გამოიყურებოდნენ - 2:2.

"სკონტოში" არ უთამაშია ახალგაზრდა ქართველ მცველს, ლევან მახარაძეს, რომელიც დაშავებულია.

* * *
ლიტვურმა "ტრაკაიმ" გასვლაზე უიმედოდ წაგებული (0:4) მატჩის შემდეგ შინ 0:0 ითამაშა კვიპროსულ "აპოლონთან". "ტრაკაის" ქართველი მცველი ნიკა აფაქიძე შეცვლაზე შევიდა, ბესო ამაშუკელს კი არ უთამაშია.

* * *
უკრაინის ჩემპიონატში "ვოლინმა" შინ 1:4 წააგო "შახტართან". დამარცხებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, რომელიც ახლო მომავალში, შესაძლოა, "დნიპროში" დაბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული