შოთა არველაძე: თურქეთში ვრჩები

AutoSharing Option
სტამბოლის "ქასიმფაშას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი.

შეგახსენებთ, თურქეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში 42 წლის ქართველის მიერ გაწვრთნილი გუნდი "კონიასფორთან" დამარცხდა, რის შემდეგაც შოთამ თანამდებობის დატოვების შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

შოთა მედიის ყურადღების ცენტრში იმ მატჩში მომხდარი ერთი ეპიზოდის გამოც მოექცა - მან თავის ფეხბურთელებს, გაშვებული გოლის ფასად, ფეარ პლეის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა, რაც საბოლოოდ წაგებად დაუჯდა...

- კლუბის ხელმძღვანელობას სურდა, რომ გამეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ მე მათ უკვე ვაცნობე, რომ უკან დასახევი
გზა არ არსებობს, - უთხრა არველაძემ "სპორტ ექსპრესს". - ძალიან ვცდილობდი, ბევრი გავაკეთე გუნდისთვის. ნულიდან დავიწყეთ და ევროპამდე მივაღწიეთ. მეორე წრე წარუმატებლად დავიწყეთ, თუმცა კარგი მატჩებიც გვქონდა.

თუ არ ვცდები, ბოლო ექვს ტურში ჩვენს კარში ხუთი დაუჯერებელი პენალტი დანიშნეს!.. ასე იყო ამ ბოლო თამაშშიც. გოლის შემდეგ დონკს ვუთხარი: "გააკეთეთ, რაც გსურთ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გვქონდეს".

მივეცით "კონიასფორს" გატანის საშუალება, შემდეგ კი მსაჯისგან მორიგი 11-მეტრიანი დავიმსახურეთ... ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. მეტოქემ გაიტანა და 1:2. და სადაა კეთილსინდისიერება? არ არის.

უბრალოდ, შესვენებაზე ისღა ვთხოვე ბიჭებს, ბოლომდე ჩაემთავრებინათ შეხვედრა. შემდეგ ვესაუბრე ხელმძღვანელობას და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის ცნობილია.

- დარჩებით თურქეთში თუ თბილისში დაბრუნდებით?
- ვრჩები, ბავშვები სკოლაში აქ სწავლობენ... ყველაფერი კარგად იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჯერჯერობით კი დავისვენებ.

- გამოიძინეთ?
- დიახ (იცინის), დღეს 11-ზე ავდექი.

- გუნდი ვის დაუტოვეთ?
- "ქასიმფაშაში" ხომ იან ვაუტერსთან ერთად ვმუშაობდი. ის აკადემიაში მთავარი მწვრთნელი იყო.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვცდილობდი, ყველაფერი ისე მომეწყო, რომ წასვლის შემთხვევაში უმალ დაეკავებინა ვინმეს ჩემი ადგილი. ეს ვაუტერსია და არა იმის გამო, რომ ჩემი მეგობარია (არველაძე მასთან ერთად "აიაქსსა" და "რეინჯერსში" თამაშობდა), იანი - პროფესიონალი და კარგი მწვრთნელია. სწორედ ის გაუძღვება გუნდს სეზონის ბოლომდე.

P.S. ამასობაში, თურქული მედიის ინფორმაციით, შოთა შესაძლოა იმ "ქაისერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, რომელსაც 2010-12 წლებში ავარჯიშებდა. კლუბის ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაფორმება სურს და კონსულტაციები ამ თემაზე უკვე შემდგარია.

"ქაისერი" თურქეთის პირველ ლიგას ლიდერობს. კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელ ჩენეით დუმლუპინარს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამეხარდა,რომ ასეთი ზნეობის მაგალითი აჩვენე.
0
კაი კაცი ხარ შოთი!
ლუკა
18:18 16-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული