ცხადაძე-არველაძე 3:1 - ქართველი მწვრთნელების დუელი თურქეთში

AutoSharing Option
შაბათს, 17 იანვარს ანტალიაში მეტად საინტერესო საკონტროლო მატჩი ჩატარდა: შოთა არველაძის დამოძღვრილი თურქული "ქასიმფაშა" კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე აზერბაიჯანულ "ინტერს" დაუპირისპირდა!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი კახა ცხადაძე ივნისამდე პარალელურად "ინტერშიც" იმუშავებს, სადაც თავისი მეექვსე აზერბაიჯანული სეზონის წარმატებით დასრულებას შეეცდება. ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანული პრემიერლიგის ზამთრის პაუზას (რომელიც ამ თვის ბოლოს განახლდება) მეორე ადგილზე შეხვდა.

2 იანვრიდან კი კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილი "ინტერი" ანტალიაში გაემგზავრა შეკრებაზე და ვიდრე "ქასიმფაშას" შეხვდებოდა, მანამდე სამი სპარინგ-მატჩი ჩაატარა: თურქულ "ენეგილსპორს" 4:1
მოუგო, გერმანულ "კოტბუსს" 1:1 ეთამაშა, ყაზახურ "ქაირათს" კი 3:1 აჯობა.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა "ინტერმა" თურქული სუპერლიგის VII-ადგილოსან "ქასიმფაშასთანაც": მეათე წუთზე ანგარიში აზერბაიჯანული გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნილდომ გახსნა, 27-ე წუთზე მირზაბეკოვმა მეორე გოლი გაიტანა ანდერს ისაკსონის კარში. მეორე ტაიმში, მესამოცე წუთზე "ქასიმფაშას" არგენტინელმა ლეგიონერმა ეზეკილ სკარონემ პენალტით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა მიკელ ალვარომ შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1 "ინტერის" სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა, 32 წლის ალვარომ წინა საკონტროლო მატჩშიც შეძლო თავის გამოჩენა.

"ინტერის" შემადგენლობაში 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარა 33 წლის ლაშა სალუქვაძემ, 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს. მან ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ერთი თვე გაუცდება.

რაც შეეხება 27 წლის ბაჩანა ცხადაძეს, წინა სეზონში "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირმა ტრავმის გამო ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩი გამოტოვა.

ვთქვათ ისიც, რომ შოთა არველაძემაც და კახა ცხადაძემაც, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობებით ათამაშეს თავიანთი გუნდები: ზემოთ ნახსენები ისაკსონისა და სკარონეს გარდა, "ქასიმფაშას" ძირითადში იყვნენ თურქული გუნდის "ცნობადი" ლეგიონერები - რაიან ბონკი, რაიან ბაბელი (ორივე - ჰოლანდია), ანდრე კასტრო (პორტუგალია).

აზერბაიჯანული პრემიერლიგისგან განსხვავებით, თურქულ სუპერლიგაში ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე განახლდება და შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" ქვეყნის ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერს, "ფენერბაჰჩეს" უნდა უმასპინძლოს.

აი, "ინტერი" კი კვლავაც აგრძელებს თურქულ შეკრებას და 20 იანვარს უკრაინულ "მეტალისტს" წაესპარინგება. დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს "ინტერის" ჰოლანდიელი ახალწვეულის, 32 წლის რუბენ სხაკენის დებიუტი, რომელიც ბაქოურ კლუბში "ფეიენოორდიდან" გადმოვიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული