აზერბაიჯანის ქართული დიასპორა იზრდება

AutoSharing Option
საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ჩემპიონატი უკვე ამ უქმეებზე განახლდება და იქაური გუნდებიც ასრულებენ შეკრებას.

ასე მაგალითად, უკვე ბაქოშია აზერბაიჯანის ყველაზე ქართული გუნდი: ქართველი სპეციალისტების, კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა "ინტერმა" თურქული შეკრების მიწურულს ჯერ ბრაზილიურ "უნიაოს" მოუგო (3:1), შემდეგ კი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "არმინიასთან" ფრედ (2:2) ითამაშა.

"უნიაოსთან" მატჩისგან განსხვავებით, გერმანული კლუბის წინააღმდეგ "ინტერმა" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა და ოთხივე ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო: 34 წლის მეკარე გიორგი ლომაია, 32 წლის ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძე, 36 წლის გარემარბი ალექსანდრე იაშვილი და
26 წლის ცენტრფორვარდი ბაჩანა ცხადაძე.

ამ უკანასკნელმა "არმინიასთან" მატჩის მიწურულს პენალტი ზუსტად გამოიყენა და საერთოდაც, ამ თურქულ შეკრებაზე ცხადაძე-უმცროსმა შესაშური შედეგიანობა გამოავლინა: ხუთ მატჩში 6 გოლი გაიტანა. აქედან ერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ გერმანული "ზაიცის" კარში გაიტანა, ხოლო ჰოლანდიურ "ასტენთან" მატჩში სულაც პოკერი შეასრულა.

ერთი გოლი გაიტანა თურქულ შეკრებაზე ალექსანდრე იაშვილმა (ყაზახეთის ჩემპიონ "აქტობესთან"). ამ შეკრებაზე "ინტერმა" ორი ახალწვეული გაიფორმა: საფრანგეთის II დივიზიონში ნათამაშები ფრანგი მცველი იოან ბოკანიო და კოსტარიკელი ფორვარდი დიეგო მადრიგალი.

ასევე დასასრულს უახლოვდება ზაქათალის "სიმურგის" თურქული შეკრებაც; შეგახსენებთ, რომ ამ პერიფერიული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ასევე ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე გახლავთ, რომლის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიმურგმა" ხორვატიულ "დრაგოვოლიაცს" 2:0 მოუგო. მანამდე კი "სიმურგმა" გერმანულ "ფელბერტს" აჯობა (1:0), ხოლო ტანზანიის "იანგ აფრიკანსთან" და ჩინურ "შანხაისთან" ფრედ დაამთავრა შეხვედრები.

შაბათს, 25 იანვარს კი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეასპარეზა სპარინგ-მატჩში; თანაც, ეს უნდა ყოფილიყო ჯაბა დვალის სადებიუტო შეხვედრა თავისი ახალი გუნდის, "ყარაბაღის" შემადგენლობაში. სამწუხაროდ, "ყარაბაღისა" და უკრაინული "ვოლინის" საკონტროლო მატჩი კოკისპირული წვიმის გამო არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და ბომბარდირი, 28 წლის ჯაბა დვალი წინა კვირას გადავიდა "ყარაბაღში" და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერ-გუნდში ივნისამდე იჯარით ითამაშებს. რაც მთავარია, გარკვეული პაუზის მერე დვალის მეწყვილე თავდასხმაში კვლავაც ნიკოლოზ გელაშვილი იქნება, რომელიც "ყარაბაღში" გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა.

დაბოლოს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის კიდევ ერთ ქართველ ახალწვეულზეც: უკვე ოფიციალურად გადაწყდა, რომ "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა მცველმა, 24 წლის ლაშა კასრაძემ ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა ბაქოს "აზალთან". სხვათა შორის, აზერბაიჯანის ჩემპიონატის განახლებისთანავე, კერძოდ კი, 2 თებერვალს, "ინტერი" და "აზალი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული