მოსალოდნელი ტრანსფერი: დავით კოხია ბელგიაში ისინჯება

AutoSharing Option
2012 წლის აპრილში, როცა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის ემზადებოდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ შეკრებაზე დავით კოხია გამოიძახა და კახა კაჭარავას ერთი წლით უმცროს 19-წლამდელებთან მეორე ტაიმი ათამაშა.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლშემადგენლობის ტანმაღალ და ჯანმაგარ ცენტრალურ მცველს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია... მაგრამ მას შემდეგ ეს ბიჭი "ვოლგას" დუბლებიდან გაქრა, მერე "გაგრაში" ჩაირიცხა და დაიკარგა.

ახლახან შევიტყვეთ, რომ 20 წლის მცველი ბელგიის პირველი დივიზიონის "რუზელარეში" ვარჯიშობს. ეს მისმა მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ გვითხრა:

"დათოს ბელგიაში არავინ იცნობდა. არადა, ნიჭიერი მოთამაშეა და მჯეროდა,
რომ "რუზელარეს" თავს მოაწონებდა. ფიზიკურად მოემზადა და მივედით გუნდში, რომელსაც კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე სერგეი სერებრენიკოვი ავარჯიშებს, კახა კალაძისა და გიორგი დემეტრაძის ყოფილი თანაგუნდელი.

"რუზელარემ" პირველი საკონტროლო მატჩი "კორტრაიკს" 4:1 მოუგო, კოხიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. სერებრენიკოვს ძალიან მოეწონა და მისი აყვანა გადაწყვიტა.

მერე კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: I ლიგის "ვეტერენთან", "ლომელ იუნაიტედთან", "მუსკრონთან" და "ბევერენთან".

დათოს კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ სერებრენიკოვს მოსწონს და თქვა - საკითხს ხელმძღვანელობასთან შევათანხმებო. იმედია, ყველაფერი მალე გადაწყდება.

ხანგრძლივი ხელშეკრულება არ გვინდა, მაქსიმუმ 1,5-წლიანს გააფორმებს. სხვათა შორის, დათოს უჟგოროდის "ჰოვერლა ზაკარპატიეც" იწვევდა და საკითხი ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნისთან იყო შეთანხმებული. მაგრამ ევროპაში ყოფნა ამჯობინა. ეს მისი წინსვლისთვის უკეთესი იქნება".

ჩვენ კოხიასაც ველაპარაკეთ:

"2010 წელს კიევის "დინამოს" დუბლებში ვვარჯიშობდი და კონტრაქტს ვაფორმებდი. მაგრამ მამუკა ჯუღელი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადაყვანასა და ძირითად გუნდში ვარჯიშს შემპირდა. ჩავთვალე, რომ წასვლა აჯობებდა, რადგან რუსეთში უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, პერსპექტივაც მეტია.

"ვოლგას" ახალგაზრდულ გუნდში ჩავირიცხე. თავიდან, ყველაფერი კარგად იყო და დუბლებში მათამაშებდნენ. მაგრამ მერე ჯუღელი კლუბიდან წავიდა და მეც სკამზე დამსვეს. ცუდად მომექცნენ და მივხვდი, კიევში უნდა დავრჩენილიყავი, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.

დავბრუნდი საქართველოში და სეზონი "გაგრაში" დავიწყე, მაგრამ ზაფხულში წამოვედი და 6 თვე უგუნდოდ ვიყავი, საქართველოში კი ახლოს არავინ გამიკარა. ქუთათელაძემ ბელგიური ვარიანტი რომ შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. თავად მავარჯიშებდა. თვე-ნახევრის წინ "რუზელარეში" მომიყვანა. ყველაფერი კარგადაა და იმედია, კონტრაქტს მალე გავაფორმებ".

დათოს ოჯახი გულრიფშში ცხოვრობდა. საქართველო აფხაზეთის ომის შემდეგ დატოვეს და მოსკოვში დასახლდნენ და ჩვენი რესპონდენტიც იქ გაიზარდა, საქართველოში არასოდეს უცხოვრია. თუმცა ქართულად კარგად ლაპარაკობს.

თავიდან მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. 13 წლის იყო, როცა მისი ოჯახი კიევში გადასახლდა და დათო იქაური "ობოლონის" საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს, საიდანაც კიევის "დინამოს" აკადემიაში მიიწვიეს. იქ სკოლის დამთავრებამდე დაჰყო.

კოხია რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს:

"სხვათა შორის, უკრაინის ნაკრების ხელმძღვანელობა იყო ჩემით დაინტერესებული, მაგრამ თავი შევიკავე. ასაკი ხელს მიწყობს და თუ "რუზელარეში" ტრანსფერი გამოვიდა, იმედია, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დამიძახებენ. მით უფრო, რომ ალექსანდრე ჩივაძემ ორჯერ უკვე მიმიწვია შეკრებაზე, მანამდე კი ოთარ კორღალიძემ 19-წლამდელებში გამომიძახა.

მის ნაკრებს პორტუგალიაში უნდა გავყოლოდი, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობის გამო, საქართველოს სახელით ვერ ვითამაშებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული