კახა ცხადაძე VS შოთა არველაძე? - ბაქოს "ინტერი" თურქეთში ემზადება

AutoSharing Option
ისევე, როგორც ჩვენთან, აზერბაიჯანის ჩემპიონატშიც შესვენებაა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის პრემიერლიგის ფაქტობრივად ყველა გუნდი ამ ზამთრის პაუზის დროს უცხოურ შეკრებას ატარებს.

ასე, მაგალითად, თურქეთში იმყოფება აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერი "ყარაბაღი", რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, 28 წლის ნიკოლოზ გელაშვილი გამოდის.

ამ დღეებში გაემგზავრა თურქეთში ზაქათალის "სიმურგიც", რომლის მთავარი მწვრთნელიც ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე გახლავთ.

აზერბაიჯანული კლუბებიდან ერთ-ერთი პირველი უცხოურ შეკრებაზე ყველაზე "ქართული" იქაური კლუბი, ბაქოს "ინტერი" გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" ეს სეზონი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა ამის ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა: წინა სეზონის
დამთავრების შემდეგ გუნდში 12 ახალი ფეხბურთელი მივიდა და ახალწვეულთა შეთამაშებასა თუ ახალ გარემოსთან შეგუებას გარვეული დრო სჭირდებოდა. ამას წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებიც დაემატა და ისე მოხდა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი და საერთოდაც, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი 6 ტურის მერე... აუტსაიდერთა შორისაც აღმოჩნდა!

Sportall.Ge

თუმცა, მერე და მერე ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც უნდა ყოფილიყო: ქართველი სპეციალისტების, კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა გუნდმა 8-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო" და პირველი ეტაპიც IV ადგილზე დაამთავრა!

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 23 ნოემბერს ჩემპიონატის ლიდერთან "ნეფთჩისთან" დამაჯერებელი გამარჯვება (3:1), რაშიც, ლომის წილი, "ინტერის" ქართველმა ლეგიონერებმაც შეიტანეს.

..."ინტერი" ანთალიაში 5 იანვარს გაემგზავრა და იქ 25 იანვრამდე დარჩება. გუნდთან ერთად არიან 34 წლის გიორგი ლომაია, 32 წლის ლაშა სალუქვაძე, 36 წლის ალექსანდრე იაშვილი და 26 წლის ბაჩანა ცხადაძე; ლომაია თავის მეხუთე სეზონს ატარებს "ინტერში" და აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი მან სარეზერვო მეკარის სტატუსით დაიწყო, თუმცა მერე ძირითადში ადგილი დაიბრუნა და მეორე ეტაპზეც, ალბათ, მას დაეყრდნობა "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, უიღბლო გამოდგა თავისი პირველი აზერბაიჯანული სეზონის სტარტი ლაშა სალუქვაძისათვის - ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველი "ყარაბაღთან" მატჩში... ნიკოლოზ გელაშვილთან ორთაბრძოლისას დაშავდა და ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

თუმცა, მწყობრში ჩადგომისთანავე ჩვეულ დონეზე ათამაშდა და "ინტერის" დაცვის ბურჯიც გახლავთ.

ასევე პირველ აზერბაიჯანულ სეზონს ატარებს ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი ალექსანდრე იაშვილი, რომელიც ყოველ მატჩში პროფესიონალიზმის მაგალითს აძლევს თავის ახალგაზრდა პარტნიორებს.

თითქმის ორთვიანი უქმობის შემდეგ გუნდს შეუერთდა ბაჩანა ცხადაძე - 2013 წლის მიხედვით "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირმა 30 ნოემბერს "ბაქისთან" მატჩის ბოლო წამებზე უმძიმესი ტრავმა მიიღო (ექიმებმა ტვინის შერყევა და ყბის მოტეხილობა დაუდგინეს - გ.გ.) და აქამდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, სეზონის სტარტზე მიღებული მძიმე ტრავმის გამო ბევრი გაუცდა თბილისის "დინამოს" ყოფილ ნახევარმცველს და წინა სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, 31 წლის მიკელ ალვაროს - "ინტერის" ბასკი ახალწვეული დეკემბერშიღა გამოჩნდა მოედანზე.

"ინტერი" ანთალიაში ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს: 11 იანვარს თურქეთის დაბალი ლიგის გუნდთან, 15 იანვარს გერმანიის III ბუნდესლიგის გუნდთან "კილთან", 18 იანვარს ყაზახურ "ირტიშთან", 21 ან 22 იანვარს, სავარაუდოდ, გერმანიის II ბუნდესლიგის გუნდთან "აუესთან", ბოლო საკონტროლო მატჩშიც ასევე II ბუნდესლიგის გუნდთან "არმინიასთან" არის დაგეგმილი.

Sportall.Ge

სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ანთალიაში ერთობ საინტერესო სპარინგმატჩიც ჩატარდეს, სადაც ერთმანეთს ქართველი სპეციალისტების დამოძღვრილი გუნდები დაუპირისპირდებიან: კახა ცხადაძის "ინტერი" შესაძლოა თურქულ "ქასიმფაშას" წაესპარინგოს, რომლის მთავარ მწვრთნელადაც შოთა არველაძე მუშაობს და წარმატებულადაც!

აზერბაიჯანის ჩემპიონატი 2 თებერვალს განახლდება და "ინტერის" მეტოქე ბაქოს "აზალი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული