ინგლისელებმა მაისამდე ვეღარ მოიცადეს - ლაშა დვალი "რედინგში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ლაშა დვალი ინგლისური "რედინგის" ფეხბურთელი გახდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ ითამაშა (17 და 19-წლამდელთა შემადგენლობაში), ჩემპიონშიპის კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა - ეს ამბავი ლატვიურ ინტერნეტგამოცემა "სპორტაცენტრს" რიგის "სკონტოს" დირექტორმა ასკოლდს ულდრიკისმა გაუმხილა.

"ლელო" ჯერ კიდევ შარშან წერდა, რომ "რედინგი" დვალით სლოვენიაში ჩატარებული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ დაინტერესდა. ქართველი უნივერსალი (საყრდენი და მარცხენა მცველი) 2012 წელს რიგის "სკონტოში" სწორედ ინგლისელებმა გაუშვეს.

მაგრამ ევროკავშირში არსებული შეზღუდვების გამო ლატვიურ კლუბში ოფიციალურად მხოლოდ ამ ზაფხულს ჩაირიცხა.

თავიდან იყო
ლაპარაკი, რომ ლაშა ინგლისელებს მხოლოდ 2014 წელს შეუერთდებოდა. დვალმა ლატვიის ვირსლიგაში მხოლოდ ხუთი შეხვედრის ჩატარება მოახერხა და საზარდულის ტრავმა მიიღო. ამის მიუხედავად, ინგლისელებმა მაისამდე ლოდინი აღარ ისურვეს.

ულდრიკისის თქმით, დვალის სანაცვლოდ "სკონტოს" დიდი თანხა არ მიუღია. ჩვენ გარიგების უშუალო ინიციატორებს, ყოფილ ფეხბურთელებს - გიზო ჯელაძესა და გიგა გადელიას დავუკავშირდით.

"ლელომ" დააზუსტა, რომ გარიგების საფასური 200 ათას ევროზე ოდნავ ნაკლებია. მათ ამაზე კომენტარი არ ისურვეს, მაგრამ სხვა საინტერესო დეტალები კი გვითხრეს.

"ინგლისელებმა ლაშას ტრანსფერი 2 სექტემბერს გამოისყიდეს, მაგრამ ფინანსური საკითხები მხოლოდ გუშინ, 26 სექტემბერს მოგვარდა,"სკონტოს" თანხა გადაურიცხეს და გარიგებაც ოფიციალურად აღირიცხა.

ლაშა ახლა რიგაშია და დიდი ბრიტანეთის სამეფოში გასამგზავრებლად შრომით ვიზას ელის",
- ამბობს გადელია.

18 წლის ქართველმა მცველმა "რედინგთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად "რედინგში" დვალის თანატოლი ესტონელი თავდამსხმელი ბოგდარ ვასტსუკიც აიყვანეს - ამის შესახებ "რედინგის" პრესსამსახურიც იუწყება. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით, დვალს იჯარით ისევ "სკონტოს" დაუბრუნებენ. "რედინგში" ირიცხება რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი, "შტუტგარტში" ნათამაშები პაველ პოგრებნიაკიც.

ეს ტრანსფერი მართლაც აღსანიშნავია, რადგან 2011 წლის შემდეგ, როცა "რედინგიდან" ზურაბ ხიზანიშვილი წამოვიდა, ფეხბურთის სამშობლოში ქართველ ფეხბურთელს აღარ უთამაშია.

"იდეაში, ლაშას "რედინგის" ხელმძღვანელობა ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს, მაგრამ ეს მასზეა დამოკიდებული. ახლა მას საზარდული აწუხებს, მკურნალობს და ახალ წლამდე დასვენება მოუწევს.

მიხარია, რომ ინგლისში ქართველი ფეხბურთელის გაშვებას ხელი შევუწყვეთ. ლაშა ნიჭიერი ბიჭია და მჯერა, იმედებს გაამართლებს",
- გვითხრა ჯელაძემ.

სხვათა შორის, ჯელაძემ და გადელიამ მენეჯერობა სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიწყეს და ამის მიუხედავად, უკვე მეორე საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს - მათი ხელშეწყობით მოხვდა წლეულს ყაზანის "რუბინში" 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.

8 ტურის შემდეგ "რედინგმა" ჩემპიონშიპში 15 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული