ესტონეთში ახალგაზრდა ქართველი მეკარე გამოჩნდა

AutoSharing Option
18 წლის ქართველი მეკარე კახა მახარაძე ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "სილამაე კალევთან" კონტრაქტს გააფორმებს. მანამდე კი ფეხბურთელმა ესტონეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რასაც ოქტომბრის ბოლოსთვის მოელის.

"სილამაე კალევი" ესტონეთის მეისტრილიგაში ასპარეზობს და 33 ტურის შემდეგ 51 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მახარაძის გარდა, "კალევში" ორი ქართველი ფეხბურთელი - ირაკლი თორინავა და დავით ლორთქიფანიძე - ირიცხება.

როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ესტონეთში და რა პერსპექტივები ელის, ამის შესახებ თავად საუბრობს.

- თავდაპირველად გვითხარი, რა ასაკიდან დაიწყე ფეხბურთის თამაში და რომელ საფეხბურთო სკოლაში დადიოდი?
- მე და ჩემს ძმას ფეხბურთი ბავშვობიდან გვიყვარდა. ეზოში ბურთს ყოველთვის ვაგორებდით. ერთ დღეს ჩვენს თამაშს "ზესტაფონის" მწვრთნელი დაესწრო. მას ჩემი ძმის თამაში მოეწონა და მამაჩემს ურჩია, შვილი ფეხბურთზე შეეყვანა.

ფეხბურთს სერიოზულად 12 წლიდან მივუდექი. ასე დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა "ნორჩ დინამოელში".

ჩემი გუნდის მწვრთნელი ირაკლი ვასაძე იყო. არაერთ მეკარეთა მწვრთნელთან მივარჯიშია, მაგრამ გამოვარჩევ აკაკი დევაძესა და ირაკლი ბალაძეს. ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

- პროფესიონალურ დონეზე თუ გითამაშია?
- არა, ესტონეთში გამგზავრებამდე ბოლო წელი "ნორჩ დინამოელში" გავატარე.

- რატომ მაინცდამაინც ესტონეთი და არა რუსეთი ან უკრაინა, სადაც ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა თამაშობს?
- უცხოეთში წასვლას არც ვაპირებდი. საქართველოს პირველ ლიგაში ვაპირებდი მისვლას, სოხუმის "აეტში" და ზუსტად მაშინ გამოჩნდა ესტონეთის ვარიანტი.

ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩემმა მწვრთნელმა ირაკლი ვასაძემ და რომან რამიშვილმა ესტონეთის ქალაქ ტარტუში, ტურნირზე წამიყვანეს. იქ ირაკლი ვასაძემ გაიცნო კლუბ "ლოტუსის" პრეზიდენტი ანდრეი შკალეტო, რომელიც ამა წლის ზაფხულში საქართველოში იყო ჩამოსული. მან ერთ-ერთ ვარჯიშზე ჩემი თამაში ნახა და ესტონეთში თამაში შემომთავაზა.

ის დღე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო. ცხოვრებაში მომეცა შანსი, რომ ვითამაშო პროფესიონალურ დონეზე და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.

- ესტონურ კლუბზე მოგვიყევი, რამდენწლიან კონტრაქტს გპირდებიან და რა პირობებს გთავაზობენ?
- "სილამაე კალევი" დაარსებულია ქალაქ სილამაეში 1951 წელს და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში - მეისტრილიგაში ასპარეზობს. კლუბი სამწლიან კონტრაქტს მთავაზობს. ამჟამად ესტონეთის მოქალაქეობას ვაკეთებ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვაწერ ხელს შეთანხმებას.

კლუბში ორი ქართველი უკვე თამაშობს - ირაკლი თორინავა, რომელიც დუბლებში ირიცხება და დავით ლორთქიფანიძე, რომელიც მთავარ გუნდშია.

- გაქვს იმედი, რომ ძირითად შემადგენლობაში შეძლებ ადგილის დამკვიდრებას?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ. გუნდის ნომერ პირველი გოლკიპერი 26 წლისაა. ძალიან გამოცდილი და დახვეწილი ფეხბურთელია. უკვე დავმეგობრდით კიდეც, თუმცა ვიცი, რომ ჩვენს შორის კონკურენციაა და ყველანაირად შევეცდები, მას ვაჯობო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები და ღვთის წყალობა! გვეამაყოს შენით
lali
17:31 09-10-2012
0
წარმატებები და ღვთის წყალობა! გვეამაყოს შენით
lali
17:31 09-10-2012
0

სიახლეები პოპულარული