ჯაბა ლიპარტია: ვარ გუნდში, რომელსაც ძალიან ვჭირდები

AutoSharing Option
ჯაბა ლიპარტია კარიერას მახაჩყალის "ანჟიში" რომ აგრძელებს, უკვე ცნობილი ამბავია.

საქართველოს ნაკრების 29 წლის შემტევი ნახევარმცველი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ლუგანსკის "ზორიასთვის" და ამ გუნდთან ერთად არაერთ წარმატებასაც მიაღწია.

მათ შორის, გამოსარჩევია ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და უკრაინის პრემიერლიგის ბრინჯაოს მედლების მოგება...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერული თვალსაზრისით ლიპარტიამ პროგრესი განიცადა.

დაღესტნურ კლუბში მან პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა ცსკა-ს წინააღმდეგ. მართალია, "ანჟი" დამარცხდა, მაგრამ ლიპარტია აქტიური იყო და ბევრმა მისი გარჯა გამოარჩია კიდეც.

ლიპარტიას ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმაც
უხმო, თუმცა ჯერ რეალური შანსი არ მისცემია ქვეყნის პირველ გუნდში დამკვიდრებისთვის. წესით, ნავსი მალე უნდა გატყდეს, რადგან სადღეისოდ ჩვენ არ გვყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რუსული პრემიერლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში რომ თამაშობს...

- ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც "ანჟიში" გადახვედით. როგორია პირველი შთაბეჭდილებები, როგორ შეეგუეთ ახალ კლუბს?
- პირდაპირ გეტყვით, რომ პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. დავიწყოთ იმით, რომ აქ ერთ მუშტად შეკრული, მეგობრული გუნდი დამხვდა. გვყვანან როგორც დაღესტნელი, ისე ვლადიკავკაზელი ფეხბურთელები და ლეგიონერები.

ყველა ძალიან კარგად დამხვდა, მაგრამ განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიო ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ჩაიკოვსკი, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მან ყველაფერში გამარკვია. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არის ადაპტაციის მხრივ.

- თქვენი დებიუტი უკვე შედგა. მართალია, მოსკოვის ცსკა-სთან წააგეთ, მაგრამ "ანჟის" ცუდად არ უთამაშია. თქვენს გარჯასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ იხსენებთ იმ შეხვედრას?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. თავისუფლად შეგვეძლო, წაგება თავიდან აგვეცილებინა. მე ვერ შევაფასებდი ამ შეხვედრას დადებითად, რადგან მარცხი მარცხია...

ისე, ერთი საგოლე შანსი მეც მქონდა და ერთ მომენტში მეკარესთან პირისპირაც გავიყვანე ჩემი თანაგუნდელი... თუმცა საკუთარ თამაშზე მე ვერ ვილაპარაკებ... გუნდმა წააგო და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- წლების განმავლობაში "ზორიასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყავით. გუნდის მთავარ მწვრთნელს ეს არაერთხელ აღუნიშნავს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობდით. თუ ესაუბრეთ "ანჟის" დამრიგებელ ალექსანდრ გრიგორიანს და თუ იცით, რა ფუნქცია გექნებათ გუნდში?
- როცა ახალ კლუბს ვარჩევდი, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ის იყო, თუ რა ფუნქცია მექნებოდა გუნდში და როგორ დაინახავდა მწვრთნელი ჩემს როლს? რა თქმა უნდა, "ანჟის" მთავარ მწვრთნელთან ამ თემაზე გვილაპარაკია. მან პირდაპირ მითხრა, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად მომიაზრებს. შეიძლება, ყოველთვის არ მომიწიოს ძირითადში თამაშმა და ამის გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს, მაგრამ რაც შეეხება ჩემს როლს, ნათლად ამიხსნეს ყველაფერი. ზუსტად ვიცი, რომ მოვედი იმ გუნდში, რომელსაც ძალიან ვჭირდები.

- დაღესტანი ჩვენში უფრო ხშირად არასტაბილურ გარემოსთან ასოცირდება. რაიმე დაძაბულობა ხომ არ იგრძნობა რესპუბლიკაში?
- არა, აბსოლუტურად არანაირი! ჩვენ დაღესტანში არ ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ დაღესტანთან ახლოს, პატარა ქალაქ კასპიისკში. აქ ძალიან მშვიდი ვითარებაა. ყველანი ბოლომდე ვართ ორიენტირებულები საქმეზე. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ "ანჟი" ნაყოფიერად მოემზადოს და გადაჭრას ის ამოცანები, რაც დასახული აქვს.

- და რა არის "ანჟის" მიზანი? კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრობს თუ მეტის ამბიციაც გაქვთ?
- ფაქტია, რომ პრემიერლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. ამას წყალი არ გაუვა! რა თქმა უნდა, არის იმის ამბიციაც, რომ მივაღწიოთ უფრო მეტსაც... სეზონის მიმდინარეობა დაგვანახებს, რა და როგორ იქნება. ჩვენ ცდასა და მონდომებას არ დავაკლებთ, რომ დავდოთ ის შედეგი, რაც მისაღები იქნება ჩვენი გულშემატკივრებისა და კლუბის ხელმძღვანელობისთვის.

- უკრაინის ჩემპიონატი არ არის დაბალი დონის ტურნირი, მაგრამ რუსულ პრემიერლიგაში გადასვლა მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი გვგონია...
- უნდა დაგეთანხმოთ. რა თქმა უნდა, უკრაინის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა, მაგრამ ომმა კვალი ფეხბურთის ხარისხსაც დაამჩნია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არა ერთი კლუბია, რომელიც მშობლიურ სტადიონსა თუ ქალაქში ვერ თამაშობს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მოქმედებს ჩემპიონატის ხარისხზე, მაგრამ უკრაინის ჩემპიონატზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. როგორც ფეხბურთელმა, იქ ბევრი რამ შევიძინე.

- როგორ გგონიათ, "ანჟიდან" უფრო ადვილი იქნება საქართველოს ნაკრებში მოხვედრა?
- სადაც კი მითამაშია, ყველგან მთავარ მიზნად მქონდა დასახული საქართველოს ნაკრებში თამაში და მაქსიმალური სარგებლის მოტანა ჩემი ქვეყნისთვის. სანამ ფეხბურთში ვარ, სულ მექნება იმის იმედი, რომ ეროვნულ გუნდს გამოვადგები. მაქსიმალურად მოვინდომებ, რომ ახალ გუნდში მყარად დავიმკვიდრო თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არიქა რუსეთის პრემიერლიგაში მოხვდა და სასწრაფოდ ნაკრებში:)...კონკრეტულად ლიპარტიას ჯინი არ მჭირს, მაგრამ უკაცრავად და დროა დვალიშვილ-დაუშვილის მსგავსი "პენსიონრების" გამოძახებას თავი ანებონ და კუცია, ლაკვეხელიანი და ახალგაზრდულში გამორჩეული ბიჭები შეაჩვიონ სანაკრებო ატმოსფეროს. ეს ციკლი ჩვენთვის უკვე დასრულებულია და საშუალება მიეცეს ახალგაზრდებს უმაღლეს დონეზე გამოიჩინონ თავი.
murtalo
18:18 21-07-2017
0

სიახლეები პოპულარული