ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველია: 6 თვის წინ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ რუსეთის თასის მოპოვების შემდეგ gazeta.ru-ს ინტერვიუ მისცა.

კვირკველიას თქმით, მომავალში ის "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ხავი გრასიასთან მუშაობას არ აპირებს.

- თასის მოგება ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. ყველას გვესმოდა, რომ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასვლას, სჯობდა, თასი მოგვეგო და ევროთასებზე ასე მოვხვედრილიყავით - თასზე მხოლოდ ორი მატჩი იყო ჩასატარებელი.

მთავარი მიზანი სწორედ ევროპალიგაზე მოხვედრა იყო და პირადად მე, "ლოკომოტივს" იმ კლუბად მივიჩნევ, რომელიც ევროპალიგაზე ყოველ წელს უნდა თამაშობდეს. ამიტომ სათასო მატჩებზე ვიყავით კონცენტრირებულნი.
ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს.

- მოგება როგორ აღნიშნეთ?
- როგორც ყოველთვის, ახლაც გასახდელში ვიზეიმეთ, შემდეგ რამდენიმე დღე დაგვასვენეს. დასვენების ერთ-ერთ დღეს გუნდელები რესტორანში შევიკრიბეთ, ყველამ სადღეგრძელო ვთქვით, ერთმანეთს გამარჯვება მივულოცეთ. მხოლოდ ფეხბურთელები ვიყავით.

- თასის ფინალის საუკეთესო მომენტი?
- მსაჯის სასტვენი და დანახული ტაბლო, სადაც მეტოქეზე მეტი გოლი გვქონდა გატანილი. და მივხვდი, რომ ჩემპიონი ვარ. ამ დროს ყველასთან ერთად მინდოდა მეზეიმა.

6 თვის წინ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. საერთოდ არ ვთამაშობდი. არ ვიცოდი, რისთვის ვვარჯიშობდი. ვფიქრობდი, ვარჯიშებზე წასვლას სახლში ყოფნა სჯობს, რადგან მესმოდა, რაც არ უნდა მექნა ვარჯიშზე, განაცხადში არ ვიქნებოდი.

ახლა ამ ყველაფრის გახსენება სასაცილოა: გუნდში 24 ფეხბურთელია, განაცხადში - 23. მე კი ვერ ვხვდები. ერთადერთი ვიყავი, ვინც "რუბინის" მატჩებს სახლში უყურებდა. და აი, როცა 6 თვე არ თამაშობ, შემდეგ კი მოედანზე გამოდიხარ და ამტკიცებ, რომ არ ხარ სხვებზე უარესი, დიდი სიამოვნებაა.

- თუ "ლოკომოტივი" და "რუბინი" შენს ტრანსფერზე ვერ მოგვარდნენ, როგორ აღიქვამ ამ ყველაფერს?
- გრასიასთან არ ვითამაშებ. არ შემიძლია ამ მწვრთნელთან მუშაობა, მას კი მე არ ვუნდივარ. ის პატივს არ მცემს, ამიტომ პატივს არც მე მე ვცემ. პირველ რიგში, ადამიანი ვარ და მხოლოდ შემდეგ - ფეხბურთელი.

- "ლოკომოტივის" და "რუბინის" მატჩში ვის გულშემატკივრობდი?
- ცხადია, "ლოკომოტივის". დღეს აქ ვთამაშობ.
ასევე დაგაინტერესებთ