საბა კვირკველია: ჯიმის და გიორგის ვუსურვებ, რომ დიდი წარმატებები მათაც ეზეიმოთ

AutoSharing Option
...არც ერთია მოსკოველი (საბა კვირკველია) და არც მეორე - ეკატერინბურგელი (ჯიმი ტაბიძე), ორივე პატარა ქართული ქალაქის, სამტრედიის შვილია. ეს იყო პირველი, რაც რუსეთის თასის გუშინდელ ფინალში თვალში მოგვხვდა.

გამოცდილი კვირკველია რუს "რკინიგზელებს" თასის მოპოვებაში დაეხმარა, შედარებით გამოუცდელი "ჯვაროსანი" ტაბიძე კი "ურალის" კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა (რა თქმა უნდა, კვირკველიასაც ანალოგიური ამოცანა ჰქონდა თავის გუნდში)...

- კვირკველია და ტაბიძე "ლოკო"-"ურალის" მატჩში გაჩაღებულ მასობრივ ჩხუბში [VIDEO]
- [ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]

რუსეთის თასის მოგებით, "ლოკომოტივმა" ევროპალიგაზე თამაშის
უფლება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ "ლელო" საბა კვირკველიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ამ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია. ეს ჩემთვის რუსეთის თასის მეორე ფინალი იყო. პირველად ამ ტიტულის მოგება 2012 წელს, ყაზანის "რუბინში" ყოფნისას ვიზეიმე, როცა ფინალში მოსკოვის "დინამო" 1:0 დავამარცხეთ. მაშინ არ მითამაშია, მაგრამ გუნდის წარმატებით, რა თქმა უნდა, ძალიან გავიხარე...

ეს კი, ასე ვთქვათ, ჩემი პირველი საბრძოლო გამარჯვებაა და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი სურვილია, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგაც "ლოკომოტივში", იური სიომინთან დავრჩე, ამ ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელების გვერდით ვითამაშო და მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო...

ტაბიძე? ჯიმი ძალიან მაგარი მცველი და ადამიანია. თამაშის შემდეგ მასთან მივედი და ჩავეხუტე. გიორგი ჭანტურია ვერ თამაშობდა, მაგრამ სტადიონზე იყო და, ბუნებრივია, ვნახე, ვილაპარაკეთ, ჯანმრთელობა ვუსურვე...

ერთ შეხვედრას ორივე გუნდი ვერ მოიგებს. ჯიმის და გიორგის ვუსურვებ, რომ დიდი წარმატებები მათაც ეზეიმოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული