მიხეილ მესხი: არასწორი ინტერპრეტაციაა... თამაში საქართველოს ნაკრებში მინდა!

AutoSharing Option
Sportall.ge ადრე წერდა, რომ უკრაინულ "სტალში" 19 წლის ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი თამაშობს. დაახლოებით სამი თვის წინ მასთან ინტერვიუც ჩავწერეთ, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.

- საქართველოში არ დავბადებულვარ, მაგრამ... გაიცანით უკრაინაში მოთამაშე მიხეილ მესხი

მესხი წარმოშობით ქართველია, თუმცა უკრაინაში დაიბადა და იქვე გაიზარდა. გუშინ უკრაინულ საიტ football.ua-ზე მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ მონაკვეთს ამ ინტერვიუდან:

- მალე უკრაინის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორ ფიქრობ, შეუძლია
ჩვენს ნაკრებს ანტე ჩაჩიჩის გუნდის დამარცხება?
- ჩვენს ნაკრებში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია, მთავარი მწვრთნელი კი - ცოცხალი ლეგენდაა. ვფიქრობ, ხორვატთა დასამარცხებლად ანდრეი შევჩენკო აუცილებლად მონახავს საჭირო რეცეპტს. ვისარგებლებ შემთხვევით და უკრაინის ნაკრებს მომავალ შეხვედრაში წარმატებებს ვუსურვებ.

- ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრაზე ოცნებობ?
- რა თქმა უნდა, ვოცნებობ. მანახეთ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე არ ოცნებობს. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელები არიან და იქ მოსახვედრად დიდი შრომაა საჭირო.

* * *
ამის შემდეგ მიხეილ მესხს დავუკავშირდით და დავინტერესდით, ნიშნავდა თუ არა ეს საქართველოს ნაკრებზე უარის თქმას.

"არასწორი ინტერპრეტაციაა. მე არ მითქვამს, რომ კონკრეტულად უკრაინის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ. ვთქვი, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

საქართველოსთან დაკავშირებით კი ყველაფერი ძველებურადაა - ამ ქვეყნის ნაკრებში მინდა თამაში, მაგრამ უკრაინის მოქალაქე ვარ და საქართველოდან არავინ დამკავშირებია", - გვითხრა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი ქვეყნის დიდი ფეხბურთელის მოსახელეს საუკეთესო,წარმატებულ საფეხბურთო კარიერას ვუსურვებთ
იზა
11:33 05-04-2017
0
ის მიშა მესხია და ამით ყველაფერი ცხადია,მისი ადგილი მხოლოდ საქართველოს ნაკრებშია.რა თქმა უნდა,თუ დონე შესაბამისი ექნება.მე სამწუხაროდ მისი თამაში არ მინახავს.
სოსო
21:56 04-04-2017
0

სიახლეები პოპულარული