აირჩიე მარტის თვის საუკეთესო ლეგიონერი

AutoSharing Option
Sportall.ge მკითხველს სთავაზობს მარტის თვის საუკეთესო ლეგიონერის 8 კანდიდატურას.

მაშ ასე, თქვენ წინაშე არიან ლეგიონერები, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი მარტში, საუკეთესო კი თქვენ უნდა ამოირჩიოთ.

გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)

4 თამაში, 1 გოლი

მიუხედავად იმისა, რომ მან იმ შეხვედრაში ავტოგოლი გაიტანა, თვე კაშიასთვის კარგად დაიწყო, როცა მისმა გუნდმა 2:1 დაამარცხა "სპარტა" და ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა. სწორედ ეს ტურნირია პრიორიტეტული "ვიტესისთვის" ამ სეზონში. "სპარტას" კი კაშიამ "ვალი" რამდენიმე დღეში დაუბრუნა, როცა გოლი გაუტანა ჩემპიონატში, მისმა გუნდმა კი 5:0
მოიგო. ეს ჩვენებურის პირველი გოლი იყო სეზონში.

დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)
2 თამაში, 1 გოლი

ხოჭოლავა თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებში ტყუილად არ დაუსახელებიათ. უკრაინაში ამბობენ, რომ ის უკვე გადაიზარდა "ჩერნომორეცისთვის". მარტში ასე ცოტა კი მან დისკვალიფიკაციის გამო ითამაშა, თუმცა პირველ შეხვედრაში საგოლე პასი, მეორეში კი გოლი მიითვალა, პლუს, იგი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. არც ისე ცუდი შედეგია მცველისთვის.

საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი)

4 თამაში

საბამ "რუბინის" კოშმარს, როგორც იქნა, თავი დააღწია, "ლოკომოტივში" მან ამ თვეში გაცილებით მეტი ითამაშა, ვიდრე ამ სეზონის წინა თვეებში. ამ ოთხ თამაშში მისმა გუნდმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა და ჩვენებურს მუდამ მაღალი შეფასებები აქვს რუსული მედიისგან.

ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი)
3 თამაში

მისი გუნდი ჯერაც იბრძვის ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის. ჩვენებურმაც დაიბრუნა გუნდში ნახევარდაცვის ლიდერის პოზიციები.

გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)

3 თამაში, 1 გოლი

ლატვიასთან მატჩის ერთ-ერთი გმირი "რაპიდშიც" კარგად ასპარეზობს, თუმცა მისი გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. "მატერსბურგთან" თამაშში გიორგიმ შესაშნავი თავურით გაიტანა ავსტრიულ ბუნდესლიგაში მისი მეხუთე გოლი.

ნიკა კაჭარავა (ახნასი, კვიპროსი)

2 თამაში, 1 გოლი

სანაკრებო პაუზის გამო ამ თვეში ბევრი თამაში არ მოუწია, თუმცა გოლის გატანა მაინც მოასწრო, "კარმიოტისასთან" მატჩში მან სეზონში მე-13 გოლი გაიტანა.

გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი)
4 თამაში, 2 საგოლე პასი

ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთის პირველობაზე გადასვლა აშკარად წაადგა, თებერვალში მან პირველობაზე გოლიც გაიტანა, მარტში კი მან ორი საგოლე პასი მიითვალა. "ტრენჩინში" იგი ნახევარდაცვის ფლანგზე თამაშობს.

ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი)
4 თამაში, 1 საგოლე პასი

ჯაბა "რეიმსის" ერთ-ერთი ლიდერია, მან ამ თვეში ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ქართველ ნახევარმცველს მთელი თვის განმავლობაში კლუბში ყვითელი ბარათი არ მიუღია, რაც მისთვის დიდი მიღწევაა.

ხმის მიცემა შეგიძლია აქ - ვის მიიჩნევთ მარტის საუკეთესო ლეგიონერად?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული