ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
რუსულმა სპორტულმა საიტმა championat.com-მა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ ქვეყნის პირველობაზე მოთამაშე საუკეთესო ლეგიონერების ათეულებს ადგენს, მორიგი სტატია ქართველ ფეხბურთელებს მიუძღვნა. სხვადასხვა დროს რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველთა ტოპ-ათეულს გიორგი დემეტრაძე ლიდერობს...

მოვყვეთ ბოლოდან...

10. ლაშა სალუქვაძე
"რუბინი", 2005-10, 91 მატჩი, 2 გოლი
"ვოლგა", 2011, 15 მატჩი


Sportall.Ge

ქართველი უნივერსალი, რომელსაც დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, მიჯაჭვული იყო ყურბან ბერდიევზე. ლაშა სალუქვაძემ "რუბინთან" ერთად ორჯერ იზეიმა ჩემპიონობა. გაუვალი მცველი, რომელმაც თვით მესისა და იბრაჰიმოვიჩის "ბარსელონა" შეაჩერა (რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ერთად), არ იყო
ამ გუნდის კაშკაშა მოთამაშე, თუმცა ყაზანელთა მაშინდელი წარმატებების წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელია.

9. გოჩა გოგრიჭიანი
"ჟემჩუჟინა-სოჭი", 1992-93, 1996-99, 116 მატჩი, 57 გოლი
"ლოკომოტივი ნნ", 1999, 13 მატჩი, 3 გოლი


Sportall.Ge

გოგრიჭიანის ტალანტზე რუსეთში 1993 წელს შეიტყვეს - ტექნიკურმა ფორვარდმა, რომელიც გოლს გოლზე იტანდა სოხუმის "დინამოსა" და "ცხუმში", ერთ დღესაც ბურთის გორება უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "ჟემჩუჟინას" რიგებში დაიწყო. პირველი წრის ბოლოს უკვე 13 გოლი იყო მის ანგარიშზე... შემდეგ კვიპროსს მიაშურა. სამი წლის შემდეგ სოჭში კი დაბრუნდა, თუმცა ძველებური ბომბარდირული თვისებებით აღარ გამოირჩეოდა, თუმცა მეტ-ნაკლებად რეგულარულად კი იტანდა. შედეგად, 72 გოლით "ჟემჩუჟინას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

8. სოლომონ (საბა) კვირკველია
"რუბინი", 2011-იდან, 155 მატჩი, 5 გოლი
"ლოკომოტივი", 2017-იდან, 3 მატჩი

Sportall.Ge

საბა 15 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთ ქართულ კლუბში მისულს უთხრეს: "ფეხბურთში შენი ადგილი არაა, წადი, კალათბურთი ითამაშე ან წიგნი წაიკითხე". დედამ გადააფიქრებინა კვირკველიას საყვარელ თამაშზე უარის თქმა. საბოლოოდ მან შეაბიჯა დიდ ფეხბურთში და რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ უძლიერეს მცველად იქცა.

აღნაგობის მიუხედავად, კვირკველია თავდამსხმელებს სისწრაფეში არ ჩამოუვარდება, აკეთებს პირველ პასს. ერთი ხანობა ხმაც დაირხა, რომ მისით რუსეთის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო იყო დაინტერესებული. თუმცა, თავად ფეხბურთელმა სამშობლოს სახელით თამაში ამჯობინა.

დღეს კვირკველია კარიერას "ლოკომოტივში" იწყობს. ის სულ 25 წლისაა და სავარაუდოდ, საბა რუსულ ფეხბურთში სახელს კიდევ მოიხვეჭს.

7. ჯანო ანანიძე
"სპარტაკი", 2009-იდან, 116 მატჩი, 16 გოლი
"როსტოვი", 2013-14, 25 მატჩი, 4 გოლი

Sportall.Ge

როდესაც 17 წლის ჩია ბიჭუნამ სათასო მატჩში "კრასნოდარის" ლამის ნახევარი გუნდი "მიაწყო", შემდეგ კი ყველაზე ახალგაზრდამ გაიტანა გოლი რუსეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ბევრმა იფიქრა, რომ მისგან ევროპული მასშტაბის ვარსკვლავი დადგებოდა.

ახალგაზრდულ დონეზე ჯანო ბრწყინავდა, იყო გამორჩეული და "სპარტაკში" გატარებულ პირველ სეზონებში დიდი ევროპული კლუბების ინტერესსაც იმსახურებდა. მისი მიწვევა რუსეთის ნაკრებშიც სურდათ...

მაგრამ თავის სრულად წარმოჩენა ქართველმა ტალანტმა აქამდე ვერ შეძლო. ზოგჯერ ჯანო შეგვახსენებს ხოლმე, რომ პოტენციალით ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. გაიხსენეთ მისი გოლი აეკ-თან ან მისი სხვა დიდებული გოლები ამ სეზონში. თუმცა, ჯანო ჯერ ისევ "იმედისმომცემად" რჩება და არის საშიშროება, რომ კარიერის ბოლომდე ასეთად დარჩეს.

6. ალექსანდრე ამისულაშვილი
"შინიკი", 2006, 18 მატჩი, 1 გოლი
"სპარტაკ-ნალჩიკი", 2007-10, 98 მატჩი, 10 გოლი
"კრასნოდარი", 2011-12, 54 მატჩი, 1 გოლი
"კრილია სოვეტოვი", 2013-14, 38 მატჩი, 1 გოლი

Sportall.Ge

ამისულაშვილი-ჯუდოვიჩის წყვილი 2000-იანების ბოლოს ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა რუსეთის პრემიერლიგაში. ჩერნოგორიელი და ქართველი საკუთარ საჯარიმოში ყველაფერს აკონტროლებდნენ და ნალჩიკში პუბლიკის საყვარელ მოთამაშეებად დამსახურებულად იქცნენ. თავდადება ალექსანდრეს არც იაროსლავში დაეწუნებოდა და არც სამარაში, აი, "კრასნოდარში" კი სულ მოკლე ხანში კაპიტნის სამკლავურიც მიიღო.

ამისულაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც საიმედო და თავდაჯერებულმა მცველმა, რომელმაც ერთ დღეს, როდესაც ჰკითხეს: "რა გიკლიათ საიმისოდ, რომ ითამაშოთ, როგორც ტერიმ?", უპასუხა: "დაბადება ლონდონში და კონტრაქტი "ჩელსისთან".

5. მურთაზ შელია
"სპარტაკ-ალანია", 1995-97, 62 მატჩი, 9 გოლი

Sportall.Ge

რუსეთში შელიამ სულ სამი სეზონი გაატარა, მაგრამ ამ დროშიც მოახერხა თავის გამოჩენა. 1995 წელს ვალერი გაზაევი თბილისის "დინამოსა" და "ტიროლის" მატჩში ახალგაზრდა მცველს დააკვირდა, თამაშის დასრულების შემდეგ კი ის ვლადიკავკაზში მიიწვია.

"როდესაც გაზაევს "მერკანტილური" კითხვა დავუსვი: როგორ იქნება პრემიალურების საქმე? - იხსენებ შელია. - პასუხად მივიღე: "პრემიალურებს მიიღებთ, როდესაც ჩემპიონები გახდებით".

ასეც მოხდა - პირველსავე წელს მურთაზმა რუსეთის ჩემპიონობისთვის ოქრო მოიპოვა და გახდა იმ ლეგენდარული "ალანიას" განუყოფელი ნაწილი. შელიამ ითამაშა 1996 წლის "ოქროს მატჩში", ევროთასებზე, გაუტანა გამარჯვების გოლი "ანდერლეხტს", დაიცვა "მანჩესტერ სიტის" ღირსება. საკმარისი მიზეზი არაა რეიტინგის პირველ ხუთეულში მოსახვედრად?

4. მიხეილ აშვეთია
"ალანია", 1997, 2000, 2002-03, 70 მატჩი, 20 გოლი
"ლოკომოტივი", 2005, 13 მატჩი, 1 გოლი
"როსტოვი", 2005, 13 მატჩი, 1 გოლი
"რუბინი", 2006, 14 მატჩი

Sportall.Ge

ფეხბურთის ვლადიკავკაზელ მოყვარულებს საუკუნეთა მიჯნაზე მოთამაშე "ალანიაზე" გასახსენებელი ბევრი აქვთ. აშვეთიასა და თედეევის კომბინაცია, რომლებმაც მოედნის ცენტრიდან წამოიღეს ბურთი და ერთად შექმნეს გოლი "კრილიას" კარში, ალბათ სამუდამოდ დარჩა მათ მეხსიერებაში, როგორც კაშკაშა ეპიზოდი.

მიხეილი ზეშედეგიანი იყო სამშობლოში - ქუთაისის "ტორპედოს" მაისურით ჩატარებულ 54 მატჩში 55 გოლი გაიტანა, თბილისის "დინამოს" რიგებში კი - 57 მატჩში 49 გოლი. რუსეთში ამ სიხშირით გატანა აშვეთიას არ გამოუვიდა, თუმცა გაზაევიც, ბერდიევიცა და სიომინიც, რომლებთანაც მოუხდა მიხეილს მუშაობა, დღეს მას ალბათ მხოლოდ თბილად იხსენებენ. ქართველი ფორვარდი, ყველა რუსულ გუნდში, სადაც კი ითამაშა, ძალიან გამორჩეული იყო.

3. მალხაზ ასათიანი
"ლოკომოტივი", 2003-10, 144 მატჩი, 9 გოლი

Sportall.Ge

რეიტინგში მესამე ადგილზე არც ძრავიანი ნახევარმცველია და არც გამტანი ფორვარდი, როგორიც იყო ხოლმე ბევრი ქართველი რუსეთის ჩემპიონატში. ბრინჯაოსპრიზიორი მალხაზ ასათიანია, ერთ-ერთი საუკეთესო მცველი რუსეთის პრემიერლიგაში 2000-იან წლებში, რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, "ლოკომოტივის" ბურჯი შვიდი წლის განმავლობაში...

მედგარი და ხისტი მალხაზი არასდროს მალავდა ემოციებს - გაიწია კოვალევსკიზე, როდესაც ამ უკანასკნელს არ სურდა გაშვებული გოლის შემდეგ ბურთის დათმობა, იჩხუბა ივანოვიჩთან გასახდელში. თუმცა, ასათიანი ყოველთვის რჩებოდა პროფესიონალად და სხვა მცველებისთვის მაგალითის მიმცემად.

2. ზაზა ჯანაშია
"ლოკომოტივი", 1996-2001, 145 მატჩი, 33 გოლი

Sportall.Ge

ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო 90-იანების ბოლოს. არადა, იმხანად ჯანაშიას მოედნის მიღმა რომ შეხვედროდით, ნაკლებად იფიქრებდით, რომ საქმე პროფესიონალ ფეხბურთელთან გქონდათ. მაგრამ გაზონზე ის ელეგანტურ ფორვარდად იქცეოდა, რომელიც თავისი ფინტებით ნებისმიერს გააცურებდა.

"როდესაც "ლაციოს" ვეთამაშებოდით, 87 კგ-ს ვიწონდი, - იხსენებს ჯანაშია. - რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ იტალიელებს ჩემი შეძენა მაინც სურდათ. პალიჩმა არ გამიშვა. მერეღა გავიგე "ლაციოს", "შტუტგარტისა" და "სპორტინგის" წინადადებებზე. მაგრამ "ლოკომოტივი" ისე მიყვარდა, არსად გავრბოდი. სად ვნახავდი კიდევ ასეთ მეგობრულ გუნდს? ოჯახივით ვიყავით. ღამით შემეძლო დამერეკა ნებისმიერისთვის, თვით პალიჩისთვისაც კი".

აი, ყველაფერი ის, რაც უნდა ვიცოდეთ ზაზას "ლოკომოტივისადმი" სიყვარულზე. ჩერკიზოვოში კი აქამდე იხსენებენ მის სალტოებს გატანილი გოლების შემდეგ.

1. გიორგი დემეტრაძე
"ალანია", 1998-99, 2002, 2005-06, 70 მატჩი, 43 გოლი
"ლოკომოტივი", 2002, 6 მატჩი

Sportall.Ge

90-იანების ბოლოს დემეტრაძე ნამდვილი კოშმარი იყო "ალანიას" მეტოქეებისთვის. თავის დროზე ვალერი გაზაევმა "ფეინოორდიდან" მოიწვია ფორვარდი, რომელიც ამ გუნდის ძირითადში დამკვიდრებას ვერ ახერხებდა. და არც უნანია, ფეხბურთელმა 1998 წლის სეზონის მეორე წრის 15 მატჩში 14 გოლი გაიტანა, მომდევნოში კი - 21 და გახდა საუკეთესო ბომბარდირი.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან, მაგრამ დემეტრაძე ბურთს ისე ეპყრობოდა, როგორც ბროლის თასს - კი არ ათრევდა, თითქოს ეფერებოდა.

ეს იყო ბრწყინვალე თავდამსხმელი, რომელსაც ჰქონდა სისწრაფეც, დარტყმაც და დიდებული ტექნიკაც. შეეძლო ბურთის ამოტანა, ერთი-ერთზე მოტყუება, ჯარიმის დარტყმა თუ შორიდან "დაქუხება". მისი პაუზები კი პენალტის შესრულებისას ჩემპიონატის მეკარეებს თავგზას ურევდა. ფეხბურთელი კი არა, ზღაპარი იყო...
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს სტატისტიკა ძალიან არის რეალობას აცდენილი. აშვეთიას ლოკომოტივის რიგებში მხოლოდ 1 გოლიქ აქ გატანილი?
სოსო
21:21 06-10-2022
0
გოგი მეგობარო, აბა კარად გაიხსენე რუბინში რამდენი ტამაში იტაშაშა ქინქლაძემ
gela
13:30 01-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული