ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯიმი ტაბიძე: აგენტმა "ურალის" ვარიანტი შემომთავაზა, მე კი უმალ დავთანხმდი

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალის" ახალწვეულმა ჯიმი ტაბიძემ კლუბის პრესსამსახურს პირველი ინტერვიუ მისცა.

ქართველმა მცველმა რუსულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

- ჯიმი, როგორ გაგიჩნდა "ურალში" გადასვლის ვარიანტი?
- "გენტთან" კონტრაქტი მქონდა. კიდევ ექვსი თვე ჩემი სატრანსფერო უფლებები მათ ეკუთვნოდათ. პირველ გუნდში ჩემი იმედი არ ჰქონდათ. ძირითადად, დუბლებში ვთამაშობდი. ეს არ მაწყობდა. აგენტმა "ურალის" ვარიანტი შემომთავაზა. მე კი უმალ დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, რომ რუსულ პრემიერლიგაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია.

- "ურალის" მაისურით კვიპროსში სამი მატჩი ითამაშე. მოასწარი უკვე მოედანზე ახალ პარტნიორებთან საერთო ენის მონახვა?
- გუნდში კარგად მიმიღეს. აქ ყველა პროფესიონალია. ამიტომ ყველასთან საერთო ენა იოლად გამოვნახე.

- გიორგი ჭანტურიას იცნობ?
- დიახ ვიცნობ, მაგრამ ახლო მეგობრები არ ვართ.

- რჩევა ჰკითხე "ურალში" გადასვლასთან დაკავშირებით?
- დიახ, როცა უკვე წყდებოდა ჩემი გადასვლა, მას ვკითხე "ურალის" შესახებ.

- ამჟამად გუნდში ვისთან ლაპარაკობ ყველაზე ხშირად?
- გუნდიდან მხოლოდ გიორგი ჭანტურიას ვიცნობდი, მაგრამ აქ არის რეზო ღავთაძე. ის ჩემი თანამემამულეა, ქართულად კარგად ლაპარაკობს. ამიტომ მხოლოდ მასთან ვლაპარაკობ. რეზო თარგმანში მეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ჯიმი ტაბიძე "ურალში" 6-თვიანი იჯარით ირიცხება.