ლაშა დვალი: არ გამიკვირდება, 2-4 წელში "საბურთალო" ევროპა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "საბურთალომ" მეორე საკონტროლო შეხვედრაში პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ "შლიონსკს" დაუპირისპირდა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი თამაშობს.

თბილისური გუნდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა, მეტოქეთა რიგებში კი შეცვლაზე ითამაშა დვალმა, რომელიც წლების განმავლობაში "საბურთალოს" სკოლის ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ყოფილ კლუბთან ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგიდან" ვროცლავის "შლიონსკში" გადასული ლაშა დვალი პოლონეთს კარგად შეეწყო და ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში არაერთხელ მოხვდა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დვალმა უკვე მოასწრო ეროვნულ ნაკრებში (5 მატჩი) თამაში, ირიცხებოდა ინგლისის პრემიერშიფის "რედინგში", სადაც გამოსვლის საშუალება იურიდიული
პრობლემების გამო არ მიეცა. უკვე შეიცვალა სამი უცხოური კლუბი ლატვიაში, თურქეთსა და გერმანიაში, ახლა კი პოლონელები მასზე დადებითად ლაპარაკობენ. ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ მცველზე პოლონელები წერდნენ, რომ შესაძლოა "შლიონსკმა" გაყიდოს და ისიც ითქვა, რომ მისი შეძენით ამსტერდამის "აიაქსი" დაინტერესდა.

ფაქტია, რომ პოლონეთის ექსტრაკლასა საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და ფეხბურთელისთვის ტრამპლინად გამოდგება.

მოსალოდნელია თუ არა დვალის ტრანსფერი? ამის დასადგენად პოლონური გუნდის შემადგენლობაში თურქეთში შეკრებაზე მყოფ 21 წლის ქართველ მცველს დავუკავშირდით.

"პოლონეთს ნამდვილად კარგად შევეწყვე. რაც შეეხება დაინტერესებებს, იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ კონკრეტული გუნდების დასახელება არ შემიძლია, რადგან, სავარაუდოდ, ჩემპიონატს ისევ "შლიონსკში" ჩავამთავრებ.

ყველაზე რეალურია, პოლონეთში ჩემპიონატი ბოლომდე ვითამაშო და რაც მთავარია, შრომით პროგრესირება გავაგრძელო", - ამბობს დვალი.

დავინტერესდით, რა შთაბეჭდილება დარჩა დვალს ყოფილ გუნდზე:

"სიმართლე რომ გითხრათ, "საბურთალომ" გამაკვირვა. თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და დროის გარკვეული მონაკვეთი ბურთს საკმაოდ კარგ დონეზე აკონტროლებდნენ კიდეც.

ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი და ნიჭიერი ბიჭები ჰყავთ, მათ წარმატებებს ვუსურვებ. "საბურთალომ" ეს შემადგენლობა და ბირთვი რომ შეინარჩუნოს, 2-4 წელიწადში არ გამიკვირდება, ევროპის ლიგის ჯგუფში რომ მოხვდეს.

საერთოდაც, "საბურთალოს" განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ამ კლუბში გავატარე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა ქნას რომ მასე იყოს , მაგას რა აჯობებს.
ეგაა რომ კლუბმა უნდა ისწავლოს გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება, ფეხბურთელების უფასოდ გაშვებაზე უარი თქვას და რაც მთავარია მაყურებელი უნდა ჰყავდეს ჩემპიონატის მატჩებზე თუნდაც 4-5000 კაცი მუდმივი. უმაყურებლოდ ევროპა კი არა ანგოლა ლიგაზე ვერ გახვალთ
Guadua
16:37 30-01-2017
0
კი კაცო მოხვდება დილიტ გაიგვიზე და
0

სიახლეები პოპულარული