მათე ცინცაძე: სხვა გზა არ მაქვს...

AutoSharing Option
პოლონური "პოგონის" 21 წლის ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა.

- თბილისის "დინამო" საქართველოს საუკეთესო გუნდია. რატომ გადაწყვიტე იქიდან წასვლა?
- "დინამო" ისტორიული გუნდია და მისი ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ განვითარება უნდა გავაგრძელო. ამისთვის კი სხვა კლუბსა და ჩემპიონატში გადასვლა იყო საჭირო. "პოგონი" და პოლონეთის ჩემპიონატი განვითარებისთვის სათანადო ადგილია.

- რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც "პოგონში" თამაში გადაწყვიტე?
- სხვა კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ "პოგონი" 3-4 თვის განმავლობაში მაკვირდებოდა და მგონია, ჩემი განვითარებისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე.

თანაც,
"პოგონში" კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელად მთვლიდნენ და ჩემი ამპლუის ფეხბურთელს საჭიროებდნენ. აქ მოსვლა ჩემთვის ახალი შანსი და გამოწვევაა. სხვა გზა არ მაქვს - კარგად სათამაშოდ ყველაფერი უნდა გავაკეთო.

- ეს შენი პირველი უცხოური კლუბია. შესაგუებლად დრო გჭირდება?
- კი, დრო მნიშვნელოვანია, თუმცა არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. კლუბში მეგობრული გარემოა, სამწვრთნელო შტაბიც მეხმარება, რომ თავი უცხოდ არ ვიგრძნო.

ჩემი მოვალეობა თამაშია და თავს არ დავზოგავ.

- მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, არაერთი ტიტული გაქვს მოგებული. შენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი იყავი?
- მიჭირს ამ თემაზე საუბარი. საქართველოში ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, უბრალოდ, განვითარებისთვის პირობები სჭირდებათ.

- ლადო დვალიშვილს ესაუბრე აქაურობაზე?
- ენის შესახებ ვკითხე. არ არის მარტივი, თუმცა ქართული ენაც რთულია. რუსულ ენას ვფლობ და ეს ბევრი რამის გაგებაში მეხმარება. ლადო აქ თამაშობდა და მას ბევრი ეცოდინებოდა აქაურობაზე, ამიტომ დავეკითხე. მისი რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მადლობა მას ამისთვის.

- ჟურნალისტებთან და გულშემატკივართან ურთიერთობა მოგწონს?
- ყველა ფეხბურთელი კლუბისა და გულშემატკივრისთვის თამაშობს. თბილისის "დინამოს" რამდენიმე ფან-კლუბი ჰყავდა და ყველასთან კარგი ურთიერთობის ქონას ვცდილობდი. თამაშების შემდეგ ბავშვები მაისურებსა და ავტოგრაფებს მთხოვდნენ. მათთან ურთიერთობა ჩემი ისეთივე მოვალეობაა, როგორც ჟურნალისტებთან.

- 2016 წლის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვე. ახლა როგორ ხარ?
- ამ ტრავმის გამო არაერთი პრობლემა შემექმნა. მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც 2015-16 წლების სეზონი მთლიანად გამოვტოვე. გარდა ამისა, "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვერ დავეხმარე.

ახლა კარგად ვარ. ჩემპიონატის ბოლო რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც ვითამაშე.

- "პოგონის" წლევანდელი მიზნების შესახებ რა იცი?
- გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ახლა მე-7 ადგილზე ვართ და წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველის.

- როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადე, ძალიან მოგეწონა სტადიონი...
- ნებისმიერ შემთხვევაში, აქაური სტადიონები საქართველოსაზე უკეთესია. არ ვგულისხმობ თბილისის "დინამოს"... 
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მატე იტამასჰე სჰენებურად ნელა- ნელა
gaiozi
22:33 10-01-2017
0

სიახლეები პოპულარული