ფუტსალის ლიგა 2016/17: 25 ნოემბერს მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
25 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც სრულად თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღე 12:00 სთ-დან აიღებს სტარტს. პირველები ერთმანეთს მფკ "მგლები" და "თბილისი ვარიორსი" დაუპირისპირდებიან. ამ ტურის წინ ორივე მათგანს თითო მოგება-წაგება აქვს აქტივში. შესაბამისად, ხვალინდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად ორი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის თავსა და ბოლოში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. გათამაშების ფავორიტი მფკ "ტატიშვილი" უქულოდ მყოფ იბსუ-ს შეხვდება. მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება.

16:00 სთ-ზე აიღებს სტარტს საინტერესო
შეხვედრა, რომელშიც ამ სეზონის მთავარი აღმოჩენა, მფკ "აგორა" შარშანდელ ბრინჯაოსპრიზიორ მფკ "თბილისს" დაუპირისპირდება. "თბილისის" ფეხბურთელებმა მიმდინარე გათამაშება მოგებით დაიწყეს, რასაც ბათუმში "დინამოსთან" უქულოდ დასრულებული შეხვედრა მიაყოლეს. "აგორა" კი ერთადერთია, რომელსაც ჯერ არც მოუგია და არ წაუგია - მათ პირველი ორი ტურის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 2-2 დაასრულეს, ბოლო დაფიქსირებული ფრე "თელასთან" კი ჯერჯერობით ჩემპიონატის მთავარ სენსაციად არის მიჩნეული. შესაბამისად, ისინი ახლა უკვე სადებიუტო სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

18:00 სთ-ზე გაიმართება "შავიზღვისპირული დერბი" მფკ "აფხაზეთისა" და "დინამო ბათუმის" მონაწილეობით. ორი ტურის შემდეგ ორივე მათგანს სამ-სამი ქულა აქვს და გარდა პრინციპული დაპირისპირებისა, ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ახლავს.

სათამაშო დღეს 20:00 სთ-ზე ტურის ცენტრალური დაპირისპირება დაასრულებს - "სტუ-თელასი" "ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წინააღმდეგ. ვიცე-ჩემპიონი წინა ტურში მოულოდნელად დაკარგული ქულების გამო ხასიათის და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება, ხოლო "სტუდენტებმა" თავიანთი ახალგაზრდული შემართებით და ბრძოლისუნარიანობით უკვე მოიპოვეს უხერხული მეტოქის სტატუსი, რის დამტკიცებას ამ შეხვედრაშიც შეეცდებიან.

25.11.2016. ქ. თბილისი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. III ტური
12:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ მგლები
14:00 მფკ ტატიშვილი - იბსუ
16:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა
18:00 მფკ აფხაზეთი - მფკ დინამო (ბთ)
20:00 სტუ-თელასი - ბსუ (ბთ)

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი"SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული