ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!

AutoSharing Option
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. გათამაშების ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. სერია, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება, გაარკვევს, თუ ვინ გახდება საქართველოს 2016/17 წწ. ჩემპიონი და საპრიზო ადგილების მფლობელი.

სათამაშო დღე III ადგილისათვის მატჩით დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს მფკ "თბილისი" და მფკ "აგორა" დაუპირისპირდებიან. თუკი ეს უკანასკნელი ფუტსალის ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, "დედაქალაქელები" მოქმედი ბრინჯაოსპრიზიორის რანგში ხვდებიან ამ დაპირისპირებას. რეგულარული სეზონი ორივე გუნდმა დამაკმაყოფილებლად განვლა, ეს განსაკუთრებით "აგორაზე" შეიძლება ითქვას, რომელმაც დებიუტის მიუხედავად, მესამე ადგილზე შეძლო სეზონის დასრულება და
½-ფინალურ სერიაში ერთ-ერთ ფავორიტს, "სტუ-თელასს" საკმაო ბრძოლაც გაუმართა (0:2, 1:4), თუმცა ფინალში გასასვლელად კლასი და გამოცდილება არ ეყო.

რაც შეეხება "თბილისს", მათ საკმაოდ არადამაჯერებლად განვლეს სეზონი და მხოლოდ დასკვნით ეტაპზე შეძლეს თამაშის გაუმჯობესება და საბოლოოდ ბოლო ტურში გაინაღდეს კიდეც პლეი-ოფის საგზური. 1/2-ფინალში "დედაქალაქელები", ფაქტობრივად, უშანსოდ იყვნენ უპირობო ფავორიტის - მფკ "ტატიშვილის" წინააღმდეგ (1:4, 3:7) და ახლა უკვე III ადგილის და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად მოუწევთ ბრძოლა. ეს გუნდები ამ სეზონში ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუკი პირველ წრეში "აგორამ" მეტოქე უშანსოდ, 8:1 დაამარცხა, მეორე წრეში შეხვედრა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ფრედ, 3:3 დასრულდა. დღევანდელი დაპირისპირება 17:00 სთ-ზე დაიწყება.

06.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . III ადგილი
17:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016/17 წწ. სეზონის საქართველოს საუკეთესო ფუტსალის კლუბის ტიტულისთვის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, მფკ "სტუ-თელასი" და ლიგის დებიუტანტი, თუმცა ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი, მფკ "ტატიშვილი" იბრძოლებენ.

გუნდებმა რეგულარული სეზონი დამაჯერებლად განვლეს. 18 თამაში, 17 მოგება და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრე - ასე შთამბეჭდავად გამოიყურება "მედიკოსების" მონაგარი. რაც შეეხება "ენერგეტიკოსებს", ისინი ორჯერ დამარცხდნენ და ორჯერ დაასრულეს შეხვედრა ფრედ. აქედან თითო წაგება-ფრე სწორედ დღევანდელი მეტოქის წინააღმდეგ, ერთხელ მოულოდნელად გაიყვეს ქულები "აგორასთან", ხოლო სეზონის მიწურულს სენსაციური მარცხი იწვნიეს ბათუმში, ბსუ-ს წინააღმდეგ.

მიუხედავად ყველაფრისა, სეზონის განმავლობაში არავის შეპარვია ეჭვი მათი ფავორიტის სტატუსში. თავიანთი კლასი და გამოცდილება მათ კიდევ ერთხელ უკვე 1/2-ფინალებში დაამტკიცეს. პირველი ფინალური დაპირისპირება დღეს, 19:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

06.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. ფინალი
19:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი

შეგახსენებთ, რომ III ადგილისათვის დაპირისპირება და ფინალიც ორ მოგებამდე გაგრძელდება. განმეორებითი შეხვედრები 9 ივნისს გაიმართება. მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა, ტრადიციულად, ვებგვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული