ფუტსალის ლიგა 2016/17: მეორე წრის დასაწყისი ბათუმელთათვის წარუმატებელი გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. გათამაშების მეორე წრე 28 თებერვალს ბათუმში გამართული X ტურის შეხვედრებით დაიწყო, რომელსაც ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა. ზამთრის ბოლო სათამაშო დღე მასპინძლებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

პირველი შეხვედრა "დინამო ბათუმმა" გამართა, რომლის მეტოქეც გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "სტუ-თელასი იყო". მატჩის დასაწყისი ბათუმელთათვის იდეალური გამოდგა და უკვე მე-11 წუთისათვის 3:0 იგებდნენ, მაგრამ ამის შემდეგ "ენერგეტიკოსებმა" "თამაში დაიწყეს" და მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - პირველ ტაიმშივე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ რვა ბურთის გატანა მოახერხეს, ისე, რომ საპასუხოდ
მხოლოდ სამი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის განმავლობაში დინამოელებს გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ქონდათ, რომლის გამოყენებაც ვერ მოახერხეს და საბოლოოდ შინ პირველი მარცხი იწვნიეს - 6:11.

გამარჯვებულთა შორის 4-4 გოლით გამოირჩნენ რასიმ კურბანოვი და გიორგი სოზაშვილი, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ჰეთ თრიკი არმენ გალოიანმა შეასრულა. ეს წაგება შეიძლება "დინამოს" საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკარგვად დაუჯდეს.

რადიკალურად განსხვავებული გამოდგა სათამაშო დღის მეორე შეხვედრა, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი "აგორას" დაუპირისპირდა. გულშემატკივარმა მორიგი საოცარი მატჩი იხილა, რომელიც 40 წუთის განმავლობაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ბრძოლა, გოლები, ყვითელი და წითელი ბარათები, 6-მეტრიანი და დრამატული ფინალი - ეს ყველაფერი ამ დაპირისპირებას ახლდა თან. ანგარიში სტუმრებმა მე-11 წუთზე გახსნეს. თავი "აგორას" ლიდერმა გია ნიკვაშვილმა გამოიჩინა - 0:1. ხუთ წუთზე ნაკლებ დროში "დინამოდან" ბსუ-ში გადასულმა თორნიკე ბროლაძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.

შეხვედრის განახლებიდან ორწუთ-ნახევარში ნიკვაშვილმა კიდევ ერთხელ გაისროლა და თავისიანები კვლავ დააწინაურა - 1:2. მთავარი მოვლენები უკვე მატჩის ბოლო 6 წუთში განვითარდა. საჯარიმოში ხელით თამაშისთვის "აგორას" ფეხბურთელი ნიკოლოზ ჭიაბერაშვილი მეორე ყვითელ ბარათს იღებს, 6-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით კი ანგარიშს კიდევ ერთი ექსდინამოელი გოჩა მახარაძე ათანაბრებს - 2:2.

მალევე მის აქტიურ თამაშს რომან რუხაძის გოლი მოჰყვა და ბსუ უკვე წინ გადის - 3:2. ამის შემდეგ საქმეში კვლავ გია ნიკვაშვილი ჩაერთო და მორიგი შორეული დარტყმით ანგარიში თანაბარი ხდება - 3:3. შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე კი ნიკოლოზ დაჩანიძე გამარჯვების გოლის გატანას ახერხებს. 3:4 "აგორას" სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ "აგორამ" 21 ქულა დააგროვა და 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, მეოთხე ადგილზე მყოფ "დინამოს".

28.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. X ტური
მფკ დინამო (ბთ) - სტუ-თელასი 6:11 (3:3)
გოლები: 01:18’ გალოიანი (1:0), 04:34’ მალაყმაძე (2:0), 10:57’ გალოიანი (3:0), 12:12’ კურბანოვი (3:1), 16:31’ სოზაშვილი (3:2), 19:39’ თოფურია (3:3), 21:57’ სოზაშვილი (3:4), 22:38’ კურბანოვი (3:5), 23:01’ გალოიანი (4:5), 23:53’ კურბანოვი (4:6), 24:16’ სოზაშვილი (4:7), 26:18’ მაისაია (4:8), 28:19’ თოდაძე (5:8), 30:16’ თოფურია (5:9), 35:24’ სოზაშვილი (5:10), 36:25’ მახარაძე (6:10), 37:17’ კურბანოვი (6:11)

მფკ ბსუ - მფკ აგორა 3:4 (1:1)
გოლები: 10:31’ ნიკვაშვილი (0:1), 14:57’ ბროლაძე (1:1), 22:29’ ნიკვაშვილი (1:2), 34:35’ მახარაძე 6მ. (2:2), 37:50’ რუხაძე (3:2), 38:29’ ნიკვაშვილი (3:3), 39:43’ დაჩანიძე (3:4)
გაფრთხილება: 31:38’ , 34:32’ ჭიაბერაშვილი (აგო), 35:56’ ჯალაღანია (ბსუ)
გაძევება: 34:32’ ჭიაბერაშვილი (აგო)

X ტურის კიდევ სამი შეხვედრა 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გათამაშების ლიდერი, მფკ "ტატიშვილი" "თბილისი ვარიორსს" დაუპირისპირდება, იბსუ "აფხაზეთთან" ითამაშებს, ხოლო ტურს მფკ "მგლებისა" და მფკ "თბილისის" დაპირისპირება დაასრულებს.

03.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. X ტური
16:00 მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი ვარიორსი
18:00 მფკ იბსუ - მფკ აფხაზეთი
20:00 მფკ მგლები - მფკ თბილისი

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული