[დღის თემა] ნუ დავაკნინებთ გამარჯვებას!

AutoSharing Option
ძნელია უემოციოდ შეაფასო 2016 წლის 7 ივნისის მოვლენა - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, ევროპის მოქმედი (სულ სამგზის) და მსოფლიოს ექსჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

კი ბატონო, მადრიდის გარეუბანში, "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" გამართული მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ ვერც ეს და ვერც სხვა ფაქტი ვერ დააკნინებს ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს გრანდთან, ისევე, როგორც ვერ დააკნინებს ის უცნაური ვერსიებიც, თამაშის დამთავრებისთანავე რომ წალეკა სოციალური სივრცე!

ზოგიერთი იმდენად სასაცილოა, არც ღირს ამაზე
ლაპარაკი, თუმცა, სასაცილოს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ, აი, ბოღმითა თუ ცინიზმით გაჯერებული ვერსიების ავტორების კი ნამდვილად არ გვესმის.

სამაგიეროდ, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, მომავალში რაც შეიძლება ბევრჯერ წამოეძახოთ - ესა თუ ის მატჩი საქართველოს ნაკრებმა კი არ მოიგო, არამედ - მეტოქემ წააგოო! თანაც, იმასაც ვისურვებდით, რომ ასეთი წამოძახებები ოფიციალურ მატჩებში გამარჯვებ(ებ)ის მერე ყოფილიყოს...

რადიკალური სახეცვლილება
ესპანეთის დონის გრანდთან, თანაც, სტუმრად გამარჯვება, თავისთავად, ძალიან დიდი მოულოდნელობა (ოღონდ სასიამოვნო) იყო. თუმცა, ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ: უფრო დიდი მოულოდნელობა იყო იმის ფონზე, თუ რა უძღოდა წინ 7 ივნისის მატჩს.

რა უძღოდა და ერთმანეთზე უსახური და ერთმანეთზე დამრთგუნველი 2 ამხანაგური მატჩი სლოვაკეთის, ფაქტობრივად, მეორე ნაკრებთან და რუმინეთთან. არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორი გოლები (სულ - 8) გადიოდა ამ მატჩებში ჩვენი ნაკრების კარში: ამ ყველაფერს აღარც "კურიოზული" ერქვა, აღარც "ბავშვური შეცდომებიდან" გამომდინარე და აღარც - "უპატიებელი".

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

თუმცა, ისე არ გამოგვივიდეს, თითქოსდა, იმ ორივე უსახურ თამაშში დამარცხება მხოლოდ ჩვენი მცველების შეცდომების ბრალი იყო: არც სლოვაკეთთან და არც რუმინეთთან, რასაც თანამედროვე ფეხბურთის თამაში ჰქვია, მსგავსი კი არა, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არ უჩვენებიათ არც ჩვენს ნახევარმცველებს და არც ჩვენს ფორვარდებს.

ჰოდა, არავის უნდა გაჰკვირვებოდა ის მეტად და მეტად ნეგატიური განწყობა, სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან წაგებების მერე რომ არსებობდა ქართველ გულშემატკივრებში; კი ბატონო, საქართველოს ნაკრების ისტორიიდან რამდენიც გნებავთ, იმდენი უსახური მატჩის გახსენება შეიძლება, მაგრამ სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან და რუმინეთთან წაგებები მაინც "სხვანაირად" მტკივნეულად აღვიქვით ყველამ.

დიახ, ყველამ (ჟურნალისტმა თუ გულშემატკივარმა), ვისთვისაც საქართველოს ნაკრების წაგება თუ მოგება სულ ერთი არ არის: მარცხი რომ გვწყინს და გამარჯვება რომ გვიხარია. გულახდილად ვიტყვით: ნამდვილად აღარ გვინდა სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან და რუმინეთის ნაკრებთან გამართული იმ ორი ამხანაგური მატჩის პერიპეტიების გახსენება...

მაგრამ რას უნდა მივაწეროთ დროის ასე მოკლე პერიოდში ჩვენი ნაკრების ასეთი სახეცვლილება? იმ "ტრადიციას" დავაბრალოთ, როცა გამორჩეულად მოტივირებულად მხოლოდ გრანდებთან ვთამაშობდით?

დაგვეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი ასეთი მატჩის გახსენება შეიძლება, როცა სწორედ ესპანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან თუ იტალიასთან უთამაშია საქართველოს ნაკრებს ისე, რომ ქართველი გულშემატკივარი არ გაუწბილებია.

ახლა კი, ამ ორი ამხანაგური მატჩის მერე მეტისმეტად უარყოფითი ფონი შეიქმნა და ქართული მედიისა თუ გულშემატკივართა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის რეაქციაც სრულიად ადეკვატური იყო; ეგ კი არა, ამ ორივე ამხანაგურ მატჩში დაშვებული უამრავი და მართლაც კურიოზული შეცდომის შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილებაც გვრჩებოდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ძალიან დიდი ნაწილისათვის, თითქოსდა, სულ ერთი იყო, ის მატჩები როგორ თუ რანაირად წარიმართებოდა.

ასეთი დამოკიდებულება, ზოგმა... წინასაშვებულებო პერიოდს დააბრალა, ზოგმა - კომუნიკაციის პრობლემას, ანუ ნაკრების ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი აშკარად "სხვადასხვა ენაზე" საუბრობენო.

ვერც იმას გავექცევით, რომ ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცის ზოგიერთი გადაწყვეტილებაც უცნაურად მოჩანდა: ამ შემთხვევაში საკადროსაც ვგულისხმობთ და, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ახალ-ახალი ტაქტიკური სქემით თამაშსაც.

ამას გარდა, იყო გარკვეული კითხვის ნიშნები ცალკეულ ფეხბურთელთა უთამაშებლობასთან დაკავშირებით და ყველაფრის "მწვერვალი" კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების სლოვაკი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის სიტყვები იყო, ესპანეთთან მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე რომ განაცხადა - ვიდრე მე ვარ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამ შეკრებაზე მყოფი რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში აღარ ითამაშებსო!

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

ანუ ვაისის სიტყვები ღიად მიგვანიშნებდა ყველას, რომ ნაკრების "შიდა სამზარეულოშიც" გარკვეული პრობლემები იყო. თუმცა ესპანეთთან თამაშმა ყველაფერი ზემოთქმული "გადაფარა" და იმის მიუხედავად, რომ მატჩი ამხანაგური იყო, ამ მოგების მნიშვნელობის დაკნინება ნამდვილად ვერ იქნება კარგი საქციელი.

მეორე გამარჯვება გრანდთან და მომდევნოს მოლოდინი...
საქართველოს ნაკრების ისტორიაში რამდენიმე გამორჩეული მატჩი ყოფილა და 7 ივნისის შემდეგ სწორედ ასეთად ჩაითვლება ესპანეთთან გამარჯვებაც; მით უფრო, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებმა შეძლო და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონის ტუტულის მქონე გუნდი დაამარცხა!

მოდი, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონები ვახსენოთ და იმასაც შეგახსენებთ, რომ იმავე ესპანელებთან მანამდე ორივე მატჩი გვქონდა წაგებული, საფრანგეთთან - სამი შეხვედრა წავაგეთ და ერთხელ ფრედ ვითამაშეთ, იტალიასთან 7 მატჩი წავაგეთ და ერთი ფრედ ვითამაშეთ, ინგლისთან ორივე შეხვედრა წავაგეთ, გერმანიასთან კი ოთხჯერვე დავმარცხდით.

არც იმ გუნდებთან დავიკვეხნიდით წარმატებული თამაშით, სხვადასხვა დროს ევროპის ჩემპიონები რომ გამხდარან - საბერძნეთთან, დანიასთან; ეგ კი არა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ორი სარეკორდო მარცხიდან ერთ-ერთი სწორედ დანიასთან გვაქვს: 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მორტენ ოლსენის დამოძღვრილმა გუნდმა 6:1 მოგვიგო!

მოკლედ, ესპანეთთან ამ მატჩამდე ერთადერთი გამარჯვებით ვამაყობდით: 2006 წლის 15 ნოემბერს, თბილისში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ურუგვაის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ!

ურუგვაის ნაკრების გამორჩეულ მწვრთნელს,  ოსკარ ტაბარესს თბილისში არაერთი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი ჰყავდა ჩამოყვანილი: დიეგო ფორლანი, დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი, ვალტერ გარგანო, მაგრამ იმ მატჩში ჩვენი კაპიტნის, ლევან კობიაშვილის დუბლით ასეთი მაღალი დონის მეტოქე დავამარცხეთ!

აქვე, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს მაშინ გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერი მოძღვრავდა.

და აი, თითქმის ათი წლის მერე კვლავ შევძელით ტიტულიანი ნაკრების დამარცხება, თანაც, სტუმრად. თანაც, შევძელით სავსებით სამართლიანად არსებული უარყოფითი განწყობის ფონზე, წინა ორმა ამხანაგურმა მატჩმა რომ დაგვიტოვა ყველა ქართველ გულშემატკივარს...

P.S. მომდევნო წერილში ვეცდებით, საქართველოს ნაკრების ეს სამი ამხანაგური მატჩი ტაქტიკურ პრიზმაში დავინახოთ. ფაქტია, ვლადიმირ ვაისი ეძებს იმ მოდელს და სქემას, რომელიც ოპტიმალური იქნება მის ხელთ არსებული რესურსისთვის და ამის დასტური იყო ის გადაადგილებები, სამივე სპარინგში რომ ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ მატჩის შედეგს არავითარი ღირებულება არ აქვს ტოტაიზატორის და აბსურდული სარეიტინგონგო ქულების გარდა.
მთავარია შესარჩევი ტურნირების შედეგი. ანუ, თამაშების სერია, რომელიც ქულებში და ცხრილში დაკავებული ადგილით გამოიხატება. ამ გუნდში ფეხბურთს არავინ თსმაშობს. ესპანეთის, ან ნებისმიერის დამრცხება
გიო
03:16 10-06-2016
0
ურუგვაის და ესპანეთის შედარება ძაან სასაცილოა
beso
22:02 09-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული