ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

[დღის თემა] ვლადიმირ ვაისი: აქ ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ

AutoSharing Option
ათიოდე დღის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი საქართველოში თუ ჩამოვიდოდა და ამაზე უარყოფითი რეაქცია არ გვექნებოდა, მაგრამ სწორედ ასე მოხდა, რადგან ჩვენი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია...

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ჟურნალისტების წინაშე წარადგინეს.

კონტრაქტის მიხედვით, ვაისი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ბოლომდე იმუშავებს...

სანაკრებო გამოცდილებით...
ლევან კობიაშვილი:
- ჩვენი მიზანი იყო, ნაკრების ახალ მწვრთნელს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება ჰქონოდა.
ვლადიმირ ვაისს წარმატებით უმუშავია როგორც სლოვაკეთის ნაკრებში, ასევე, საკლუბო დონეზე. მან სლოვაკეთი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, სხვადასხვა კლუბი კი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ათამაშა. ახალ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკება თვენახევრის წინ დავიწყეთ. უმთავრესად, უცხოეთში ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს თბილისში ვილაპარაკეთ, სადაც დეტალურად გაეცნო სამუშაო გარემოს.

- ხელშეკრულება რა პირობებით გააფორმეთ? ცხადაძის მოხსნის მთავარი მიზეზი ხომ დიდი ხელფასი იყო...
- კონტრაქტი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაფორმდა და ზუსტად ის პირობებია, რასაც კახა ცხადაძეს ვთავაზობდით. დასაფასებელია, რომ ახალ მწვრთნელს აქცენტი ფინანსურ მხარეზე არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ამაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ მისთვის მთავარი იყო ჩვენთან თანამშრომლობა და არა - ფული. ის ლაპარაკობს რუსულად, გერმანულად და ინგლისურად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მხოლოდ დღეიდან არ გაიცნობს, მას უკვე მივაწოდეთ ინფორმაციები, რასაც თვენახევრის განმავლობაში ამუშავებდა და ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო 10 მატჩის ჩანაწერიც ნახა.

- ახალ მწვრთნელს წარმატებად რა შედეგს ჩაუთვლით?
- ისევე, როგორც ცხადაძის შემთხვევაში, მინიმალური მიზანი მომავალ შესარჩევ ციკლში მესამე ადგილის დაკავება იქნება. ამ შედეგის მიღწევის შემთხვევაში, მწვრთნელი პრემიალურ ბონუსებს მიიღებს.

დავით მუჯირი:
- როცა მწვრთნელების კანდიდატურებს ვარჩევდით, ბატონი ვლადიმირი ჩვენს სიაში პირველი გახლდათ. ჩვენ მოტივირებული მწვრთნელი გვჭირდებოდა და მიხარია, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდა. ის პირველი მწვრთნელია, რომელიც ნაკრებში ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე იმუშავებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შინ მეტი ამხანაგური მატჩი აღარ გვექნება, ვაისის თხოვნით, 29 მარტს ყაზახეთის ნაკრებთან "დინამო არენაზე" ვითამაშებთ.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვლადიმირ ვაისი და ლევან კობიაშვილი
აქ ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ
ვაისი:
- ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას სამი სიტყვით შევაფასებ: პასუხისმგებლობა, პატივი და ღირსება. სლოვაკეთის ნაკრებში 4 წელიწადი გავატარე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყაზახეთში, კერძოდ - "ქაირათში" ვმუშაობდი. მიხარია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საერთაშორისო დონეზე დავბრუნდი...

...ორი თვის წინათ დავით მუჯირი დამიკავშირდა, შემდეგ ლევანი... შემომთავაზეს ნაკრებში მუშაობა. ქართული ფეხბურთის ისტორიას გავეცანი, ნაკრების ბოლო 10 თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ ამ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ. ნაკრებს უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია...

...არავის ვპირდები, რომ დიდ შედეგს მივაღწევ. იდეალური ნამდვილად არაა, როცა ნაკრები შესარჩევი ციკლის წილისყრამდე მე-6 კალათაშია, მაგრამ მსურს, ფეხბურთელები შეკრებაზე ღიმილიანი სახეებით ჩამოვიდნენ. ნელ-ნელა პროგრესს უნდა მივაღწიოთ და შემდეგი ციკლის დაწყებამდე უკეთეს კალათაში მოვხვდეთ. მწვრთნელობა იოლი საქმე არაა, ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. თბილისში უცხო ქალაქის დასათვალიერებლად და ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ...

ნაკრებში ვიღაც მეტად გამოცდილია, ვიღაც - ნაკლებად. კარი ყველასთვის ღიაა. წარმატებას ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ: ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, გულშემატკივრებმა, ჟურნალისტებმა... თქვენ უნდა გაგვაკრიტიკოთ, თუ საამისო საფუძველი გექნებათ, მაგრამ როცა გუნდი კარგად ითამაშებს, მხარიც უნდა დაგვიჭიროთ...

- მართალია, თითქოს ყაზახეთის ნაკრებში გიწვევდნენ?
- დიახ, ყაზახებმა დეკემბერში შემომთავაზეს ნაკრებში მუშაობა, მაგრამ მოლაპარაკება გაიწელა. შემდეგი წინადადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მივიღე და დავთანხმდი.

იარაბეკის რჩევები
- სამწვრთნელო შტაბი უკვე დააკომპლექტეთ?
- ჯერ მხოლოდ პირველი ასისტენტი და ფიზმომზადების მწვრთნელი შევარჩიე, მაგრამ შტაბში ქართველი მწვრთნელიც იქნება და ამის შესახებ ფედერაციასთან მოლაპარაკება გვაქვს. გუნდის ექიმი, მასაჟისტი, ადმინისტრატორი ქართველები იქნებიან - მათ გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია. კონსულტაციას "დინამოს" სლოვაკ მწვრთნელ იარაბეკთანაც გავივლი, რადგან მან აქაური ფეხბურთელების შესაძლებლობები უკვე კარგად იცის.

- საქართველოში ცხოვრებასა და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას თუ აპირებთ?
კობიაშვილი:
- ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა: ნამდვილად არ ვარ მომხრე, რომ ადრინდელივით, მწვრთნელი ნაკრების თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდეს და თამაშის მერე წავიდეს. ვაისს კონტრაქტით აქვს ვალდებულება, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დაესწროს.

ვაისი:
- 17 მარტს თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" თამაშს დავესწრები, ფეხბურთელებს დავაკვირდები. ნაკრების წევრთა 70 პროცენტი ლეგიონერია, მაგრამ აქაური რესურსიც მაინტერესებს.

- 29 მარტს საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. მონახაზი გაქვთ, რომელ ფეხბურთელებს გამოიძახებთ?
- როგორც გითხარით, საქართველოს ნაკრების ბოლო 10 მატჩი ვნახე და გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე. საქართველო, სლოვაკეთის მსგავსად, პატარა ქვეყანაა და ჩემი სია ძალიან დიდი ვერ იქნება. ბირთვი არსებობს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც არიან, რომლებმაც თავიანთი პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოავლინონ. მაგალითად, ოქრიაშვილმა, ანანიძემ, ყაზაიშვილმა...

გონივრული ფეხბურთის მიმდევარი
- ქეცბაია გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა, ცხადაძე - კომბინაციურს და შემტევს. თქვენ როგორი ფეხბურთის მიმდევარი ბრძანდებით?
- შემტევი ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ აუცილებელია მეტოქის ძალის გათვალისწინება. გონივრული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ისეთი, რომელიც შედეგს მოიტანს. ნაკრების მთავარი მაჩვენებელი სტაბილურობა და შეთამაშებაა. ჩვენ 4-2-3-1 ან 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ. შესაძლოა, 3 ცენტრალური მცველიც დავაყენოთ... შევეცდებით, ყაზახეთთან შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს სულაც არ არის იოლი მეტოქე...

...ნაკრების თამაშები რომ ვნახე პოლონეთთან, გერმანიასა და ირლანდიასთან, საქართველო მეტოქეს ბევრით არ ჩამორჩებოდა, მაგრამ რაღაც არ ჰყოფნიდა... შესაძლოა - ფიზიკური მომზადება. ნაკრების ზოგიერთ წამყვან ფეხბურთელს კლუბში ნაკლები პრაქტიკა აქვს. მაგალითად, ანანიძეს - "სპარტაკში"...

ფეხბურთელებს უნდა შევთავაზო პროგრამა, რომ ფიზიკურ მზადყოფნაში ჩამოვიდნენ. მჯერა, ფეხბურთელებს სამშობლო და ნაკრები უყვართ. მთავარია, მათ მოედანზე ის პოზიციები შევურჩიოთ, რომელზეც თავს კომფორტულად იგრძნობენ და შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენენ. ჩვენ ორი კარგი მეკარე გვყავს, დაცვაში გამოცდილი ამისულაშვილი და კაშია არიან. გუნდის თამაში წარმოუდგენელია კაპიტან კანკავას გარეშე...

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე - ევროპის ჩემპიონატზე. ვეცდებით, მომავალ შესარჩევ ციკლში უფრო წინ წავიწიოთ და თუ შედეგი გვექნება, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ვიფიქროთ...

იღბალი... არ მიყვარს ეს სიტყვა
- თქვენს დროს, სლოვაკეთის ნაკრები ძალიან სწრაფ ტემპში თამაშობდა. საქართველოს ნაკრების პრობლემა კი სწორედ დაბალი სისწრაფეებია. ნაკრების ფეხბურთელებში სწრაფი თამაშის პოტენციალს თუ ხედავთ?
- სლოვაკეთის ნაკრები სწრაფადაც თამაშობდა და ამავე დროს, ჭკვიანურად და ხარისხიანადაც. არა მგონია, რომ საქართველოს ნაკრებს სწრაფად და დინამიკურად თამაში არ შეეძლოს. ქართველებს ტექნიკის პრობლემა არ აქვთ. ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ბურთს კარგად ფლობენ და მათი ეს თვისებები უნდა გამოვიყენოთ.

გუნდს ჭკვიანური ფეხბურთის თამაშის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა, ასევე, ზოგადად - დისციპლინა და ის, თუ როგორ ცხოვრობს ფეხბურთელი. მათ მოედანზე ბევრი უნდა იმუშაონ, თავი გუნდურად უნდა დაიცვან და გუნდურადვე შეუტიონ.

- შესარჩევი ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- ფიფას რეიტინგიდანაც ჩანს, რომ ფავორიტი ავსტრიაა. ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონე საგრძნობლად ამაღლდა. სერბებს ბოლო პერიოდში პრობლემები აქვთ, მაგრამ მათი ფეხბურთელები წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ და კარგი ახალგაზრდებიც ეზრდებათ. ფიფას რეიტინგით, აუტსაიდერები მოლდოვა და საქართველო არიან.

უელსთან, სერბეთთან, ირლანდიასთან კარგად თამაში და ემოციის ხარჯზე მოგებაც შეგვიძლია. კარგია, იღბალიც თუ გვექნება. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იღბლის მაინცდამაინც არ მჯერა. მთავარია, გონივრულად ვითამაშოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"