ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კრიზისი ღრმავდება - სფფ კახა ცხადაძეს კომპენსაციას არ გადაუხდის?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ დაწყებულია ეროვნული ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის მოძიების პროცესი. ეძებს, თუმცა მას ჯერ მოსაგვარებელი აქვს კახა ცხადაძის კონტრაქტის საკითხი.

ახლა საქმე ასეა: ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს აღარ სურს ცხადაძესთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ მაინც ნაკრების მწვრთნელია მანამ, ვიდრე კონტრაქტი არ გაწყვეტილა.

კონტრაქტის გაწყვეტას კი ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. ფეხბურთის ფედერაციისთვის ეს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. სხვა თუ არაფერი, დელიკატური სიტუაცია იქმნება - ცხადაძესთან კონტრაქტი თუ არ გაწყდა, ახალი მწვრთნელი როგორღა უნდა დაინიშნოს?

რა თქმა უნდა,
საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯერაც მოქმედ მთავარ მწვრთნელს აუცილებლად ექნება თავისი მოთხოვნები. ნამდვილად არ გაგვიკვირდება, ცხადაძემ სრულად რომ მოითხოვოს კომპენსაცია, რომელიც კონტრაქტის თანახმად ეკუთვნის.

აქამდე ვიცოდით, რომ ფედერაცია აპირებდა გარკვეული კომპენსაციის გადახდას და ამის თაობაზე მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებიც უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფედერაცია ცხადაძისთვის ერთი თეთრის გადახდასაც არ აპირებს. ეს ერთ-ერთი შეხვედრისას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა გვითხრა.

ცხადია, ამგვარი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს და არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლოშიც გაირჩეს.

ამავე დროს, ისიც ნათელია, რომ ქვეყნის მთავარ საფეხბურთო უწყებას მძიმე ტვირთად დააწვება ცხადაძის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ ცხადაძე მაინც სრულად მოითხოვს კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას.

და რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციამ? რა და, ორ კურდღელს უნდა სდიოს. ჯერ ერთი, მოსაძებნია ნაკრების ახალი, კვალიფიციური მწვრთნელი, რომელსაც კონკრეტული თანხა უნდა შესთავაზო და თუ დაითანხმე, მერე უნდა უხადო კიდეც. ამასთან ერთად, გასასტუმრებელი იქნება ცხადაძის კომპენსაციაც.

მოკლედ, ეს თემა ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერ მაინც დილემაა და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ამან ქართული ფეხბურთის მომავალს უარყოფითი კვალი არ დაამჩნიოს.

ცხადია, კარგია, რომ სახელმწიფოსთან ერთად ფეხბურთის ფედერაციამ საკლუბო ფეხბურთის განვითარების მართლაც რომ რევოლუციური პროექტი შეიმუშავა, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სულ მალე ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.

ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი, ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს. ერთი კი უნდა დავწეროთ - მას შემდეგ, რაც ფეხბურთის განვითარების პროექტი უკვე დაიდო და საზოგადოებასაც წარუდგინეს, ახლა მისი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ნაკრებში არსებული სიტუაციის დალაგება უნდა იყოს.

ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ისეთია, რომ წარმატების საღერღელს აგიშლის კაცს. თუ ეროვნულ გუნდში სიტუაცია არ დალაგდა, ისე რაიმე ღირებულ შედეგზე ფიქრი წარმოუდგენელია.

დიახ, ჯგუფი თანაბარია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შეუძლია, ამ ჯგუფში არ იყოს ხელწამოსაკრავი მეტოქე. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ პირობით, თუ გუნდში ჯანსაღი სიტუაცია იქნება.

ამ დროისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი უცხოელი სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ფედერაციაში. ის კია, რომ ჩვენს ნაკრებთან შეწყობა ყველა მწვრთნელს როდი შეუძლია და ესეც მეტად მნიშვნელოვანი საკითხია...

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ეროვნულ გუნდს შესარჩევ ციკლში ჩართვა მშვიდ ვითარებაში მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"