არის ასეთი მწვრთნელი... ოთარ გაბელია ნაკრების თავკაცად ქართველს ამჯობინებს

AutoSharing Option
ოთარ გაბელია თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედია და როცა ქართულ ფეხბურთში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, მის აზრს გვერდს ვერ ავუვლით.

"ლელო" გაბელიას დაუკავშირდა და ჩვენს ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე ელაპარაკა...

- დავიწყოთ ეროვნული ნაკრებით. ქართველი თუ უცხოელი? სამწვრთნელო საკითხი დღეს ძალზე აქტუალურია...
- სულ ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას. შედეგებით ვიმსჯელოთ. ქართველებს უცხოელებზე უკეთესი შედეგები აქვთ. აბა, ჩვენთან მოურინიო არ ჩამოვა და... ესეც ხომ ფაქტია?

- თქვენ არაერთი წელი გაატარეთ სხვადასხვა ნაკრებში. როგორია სანაკრებო მწვრთნელის სპეციფიკა?
- მან
სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის საფეხბურთო გემოვნებას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც. ნაკრების მწვრთნელი რომ ხარ, სულ ცაიტნოტურ ვითარებაში გიწევს მუშაობა, მაგრამ ამას თავიდანვე უნდა შეეჩვიო. ყველა ასეა - დროში შეზღუდული.

- არის ნაკრებისთვის გამოსადეგი ქართველი მწვრთნელი? თქვენ ვინ წარმოგიდგენიათ ასეთად?
- მე ვერ ჩავერევი ამ საკითხში, მაგრამ არის ასეთი მწვრთნელი... ფეხბურთის ფედერაციაში ძალიან კვალიფიციური, მცოდნე ხალხი მუშაობს. ყველას აქვს ფეხბურთი ნათამაშები მაღალ დონეზე და მჯერა, არ შეეშლებათ მწვრთნელის შერჩევა.

- მაინც, რა შეუძლია საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს?
- რა თქმა უნდა, შორს ვართ გრანდებისგან, მაგრამ იმის პოტენციალი კი ნამდვილად გვაქვს, რომ საშუალოებს შორის ვიყოთ და სამომავლოდ უფრო მეტზეც ვიფიქროთ. მეტი სტაბილურობა გვჭირდება.

ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია გრანდების გამწარება, ოღონდ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ის, რომ ერთი ან ორი თამაში ვითამაშოთ მაღალ დონეზე, არამედ ის, რომ სტაბილურად კარგად ვითამაშოთ. ყველა შეხვედრაში უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

- საკმაო ხანს იმუშავეთ ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებთან. რას იტყვით მათზე? ფაქტია, ნიჭს არ ვუფრთხილდებით და ძალიან ხშირად თავად ფეხბურთელები ფლანგავენ ამ ნიჭს...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ ვიყავი, ყველა კრებას ვიწყებდი ერთი და იმავე სიტყვებით: ბიჭებს ვეუბნებოდი - ყველაფერი მიეცით ფეხბურთს-მეთქი. სხვანაირად წარმოუდგენელია. საქმე 18-19 წლის ბიჭებს ეხებათ. მათ ხომ ჯერაც წინ აქვთ მთელი საფეხბურთო კარიერა?! კი, შეიძლება ერთხელ აჯობოს ორგანიზმმა რაღაცას, მეორედ აჯობოს, მაგრამ მესამედ ეს აღარ მოხდება.

დღეს სხვა დროა. ფეხბურთელის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნადაა გახანგრძლივებული. სულ ვეუბნებოდი ფეხბურთელებს - ისე არ გააკეთოთ, რომ 29-30 წლის ასაკში თითზე იკბინოთ-მეთქი...

- შესაძლოა, ამდენი არა, მაგრამ ცხადია, ცდუნება თქვენს დროსაც იყო...
- რა თქმა უნდა, იყო. კი, ახლა სხვა დროა, მაგრამ ჩვენს დროსაც არანაკლები იყო, მაშინაც - "დინამოს" დიდი თაობები დიდ ისტორიას რომ წერდნენ. ჩვენზე ადრეც. ეს სულ იყო, სულ არის და სულ იქნება... სხვათა შორის, ჩვენზე უთქვამთ - სულ არღვევდნენ რეჟიმს და მაინც მაგრად თამაშობდნენო...

ვინც ფეხბურთი იცის, დამეთანხმება - გამორიცხულია, ყოველდღე რეჟიმი დაარღვიო და 10-12 წელი მაღალ დონეზე ითამაშო. ეს, სხვა თუ არაფერი, ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებს ეწინააღმდეგება. დიახ, ჩვენც ვარღვევდით ხოლმე რეჟიმს, მაგრამ იშვიათად ხდებოდა ეს და თან, ამას ისე ვაკეთებდით, რომ საქმე არ გაფუჭებულიყო. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით.

- ახლა თქვენს სამწვრთნელო კარიერაში იძულებითი პაუზაა...
- ასეა. თუმცა არ ვაპირებ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ქართული ფეხბურთისთვის. ვსწავლობ, გამოცდილებას ვიღრმავებ... ფეხბურთის გარდა, არაფერი ვიცი და მიმაჩნია, რომ ფეხბურთში რაღაც გავაკეთე. რა თქმა უნდა, მქონდა და მაქვს ჩავარდნები, მაგრამ ამის გარეშე არ არსებობს.

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანებს, ლევან კობიაშვილი ჩვენს ხელშია გაზრდილი... თუ გამოვადგები ქართულ ფეხბურთს, მუდამ მზად ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დავაქცვთ ლევილს, ისე როგორც საქართველო დავაქციეთ. იქაც იქნება ასწლოვანი ხეები, ბიჭებო (უფრო ზუსტად, ბილწებო) მოამზადეთ ტრაქრორები... და, აი, როცა საფრანგეთის მთავრობა უკანალში შეგტენით მოტორიან ხერხებს მაშინ მაინც ხომ მიხვდებით რომ ხეების უპრაკუნოდ მოჭრა არ შეიძლება. საუკუნის ნაძირლებო!!! მომინდომეს ლევილი....
bubena
18:10 04-02-2016
0
25 წელია კომპეტენტური ხალხი ზის ფედერაციაში და ჯერ კიდევ ფსკერს ვერ ვუწიეთ
zviaidi
12:06 05-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული