შენ არ ხარ მარტო! ამბობენ, ფეხის ერთი დაცდენა და კახა ცხადაძეს შეცვლიანო

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე და ლევან კობიაშვილი
სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს. ქართველებს იმედით ვერავინ გაგვაკვირვებს და ის ახლაც არის. მით უმეტეს, "სანაკრებო ფრონტზე" შედარებით უკეთესობაა. 2015 წელს ეროვნულ გუნდს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ორი დასამახსოვრებელი მატჩი კი ჩაატარა - თბილისში მოვუგეთ შოტლანდიას და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დავტოვეთ. მერე კი გასვლაზე მაგრად ვიომეთ გერმანიასთან და რომ არა მანუელ ნოიერი, ფრიად საპატიო ქულასაც გამოვრჩებოდით...

საქართველოს ნაკრები ჯერაც რჩება ეპიზოდების გუნდად, მაგრამ უნდა, რომ მეტად სტაბილური იყოს და
ვფიქრობთ, ჩვენი წარმატება-წარუმატებლობის ამბავი მომავალ შესარჩევ ციკლშიც ამაზე ჰკიდია. ჩვენ უნდა "ვისროლოთ" ძალიან ხშირად და - მიზანში. არ "ვისროლოთ" იშვიათად, ყარაულის თოფივითო, რომ იტყვიან ხოლმე...

საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულო" დაწყნარებულია. იქ ძველებურად აღარ არის სკანდალები და ყველა ფეხბურთელი მწვრთნელზე დიდი პატივისცემით ლაპარაკობს.

ეგაა, ბოლო რამდენიმე დღეა, ეროვნული ნაკრების გარშემო სიტუაცია, რატომღაც, იძაბება და ყოველივე ამას ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს. ამბობენ, ფეხის ერთი დაცდენა და კახა ცხადაძეს რომელიმე სხვა სპეციალისტით ჩაანაცვლებენო...

რა თქმა უნდა, ქართულ საფეხბურთო თემში ბევრს გაიგებთ და თავს ვერ დავდებთ, რომ ეს ხმები ასპროცენტიანი სიმართლეა და მეტი არაფერი, მაგრამ არც გაყუჩება ივარგებს, რადგან საქმე საქართველოს ნაკრების მომავალს ეხება.

პირდაპირ ვთქვათ - დღეს ცხადაძე ქვეყნის უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელია და მას სრული მხარდაჭერა სჭირდება როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, ისე გულშემატკივრისა თუ მასმედიის მხრიდან. მასმედიისგან მხარდაჭერაზე რომ ვწერ, უპირველეს ყოვლისა, აქვე ვგულისხმობ ჯანსაღ კრიტიკას, რაც ცხადაძისთვის არც არასოდეს დაგვიკლია და არც მომავალში დავაკლებთ.

რა თქმა უნდა, ცხადაძის ხელმძღვანელობით,  საქართველოს ნაკრებს ჰქონდა არცთუ კარგი მატჩები და იმ მატჩებში კიდევ უფრო ცუდი მონაკვეთები. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ცუდად "ჩაგვეძინა" პოლონეთში, ალბანეთსა და ესტონეთში, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ სამიდან ორი - ამხანაგური მატჩი იყო და ასეთ თამაშებში წარუმატებლობის შემთხვევაში (ისევე, როგორც წინასასეზონო შეკრებაზე) მწვრთნელს მხოლოდ საქართველოში თუ ხსნიან.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრების რამდენიმე კარგმა მატჩმა (უპირველესად, შოტლანდიასა და გერმანიასთან შეხვედრები უნდა ვახსენოთ) ხალხს იმედი გაუღვიძა.

სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკის მოხმობა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები აკეთებს იმაზე მეტ პასს, ვიდრე აკეთებდა; უფრო მეტად თამაშობს ფეხბურთს (როგორც ასეთს), ვიდრე თამაშობდა; მეტოქის კარში ურტყამს იმაზე მეტს, ვიდრე ურტყამდა...

ცხადაძის სამწვრთნელო შტაბმა დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და უფრო მეტი სამუშაო წინ არის. ახლა ეს ეკლიანი გზა სანახევროდაც არ არის გავლილი, თუმცა სვლა დაწყებულია და ახლა დრო არ არის, რომ ის შუა გზაზე შეჩერდეს.

კიდევ ერთი - დღეს-ხვალ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ახალი მწვრთნელები გამოჩნდებიან და ძალიან კარგი იქნებოდა, ეს სამწვრთნელო ცვლილებები ეროვნული გუნდის დამრიგებელთან ყოფილიყო შეთანხმებული. მე არ ვიცი, რა სიტუაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, მაგრამ ორი დღის წინათ ასე არ იყო...

მე, როგორც რიგით ქომაგს, ნამდვილად არ მინდა, რომ ვიღაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფეხის დაცდენას ელოდოს, რათა ის თანამდებობიდან წავიდეს. კრილოვის ცნობილი იგავის პერსონაჟებივით ცხოვრებას კარგი არასდროს არავისთვის მოუტანია.

თუ ასე მივუდექით საქმეს, მაშინ საქართველოს ნაკრებს ცხადაძე კი არა, ერთადაც კი ვერ გაამარჯვებინებენ ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი, პეპ გვარდიოლა და ფაბიო კაპელო...

ცხადაძე პოზიციების იოლად დამთმობს არ ჰგავს. ცხადაძე არ არის რიგითი კაცი ქართულ ფეხბურთში. წლების განმავლობაში იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი და ლიდერი. არ ჰგავს, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ძალიან ძნელია, როცა მდინარის ერთ ნაპირზე შენ ხარ და მეორეზე კი - დანარჩენები.

ცხადაძე ყოველთვის პირში ეუბნება ყველას სათქმელს და, დარწმუნებულნი ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ამჯერადაც ასე იქნება. მაგრამ ერთი, ცალკე აღებული პიროვნების გვარ-სახელი იქით იყოს, საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება და ძალიან არ გვინდა, ჩვენმა შიდა არეულობამ ეს ციკლიც გადაიყოლოს (და მერე იმავე ციკლში დავიწყოთ მზადება ახალი ციკლისთვის).

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ჟურნალისტი და გაზეთი ვერ გაუყუჩდება იმ ხმებს, რაც საფეხბურთო კულუარებში მძლავრად ირხევა და ვერ აღმოჩნდება სირაქლემას პოზაში. ვერც იმ ხმების სიმართლედ ქცევის მოსალოდნელ შედეგებზე წერა ჩაგვეთვლება მკრეხელობად, რაკი ჩვენი მისია და მოვალეობა არა მხოლოდ აწმყოს შეფასება, არამედ, გარკვეულწილად, მომავლის განჭვრეტა და იმ მომავლისთვის პოზიტიური ნიადაგის მომზადებაცაა.

ყოველგვარ პიროვნულობაზე მაღლა უნდა დავდგე და ისე უნდა დავწერო - არც ახლა და არც ფეხის ერთი დაცდენის შემთხვევაში მართებული არ იქნება კახა ცხადაძის მოხსნა, გაშვება, გათავისუფლება, გადაყენება, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, რადგან შესარჩევი ციკლი კარზეა მომდგარი და იქამდე ოფიციალური მატჩი აღარ დაგვრჩა. ამხანაგურ თამაშში კი შედეგზე მთელი ყურადღების გადატანას, ჯობია, შესაბამისი ტაქტიკური ექსპერიმენტები დაამუშაო.

ცხადაძემ მშვიდად უნდა აკეთოს თავისი საქმე. საქართველოს ნაკრებს შეუძლია, კარს მომდგარ შესარჩევ ციკლში უკეთესი იყოს, ვიდრე თუნდაც წინაში. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და აგერ, გვარიანი ბიჭები კი წამოგვესწრნენ.

საბა კვირკველია ევროპულ გრანდებს სურთ; ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულში ალბათ დატოვებს "ვიტესს" და ტოპ-ჩემპიონატში გადაბარგდება; გიორგი პაპუნაშვილს უკვე "ვერდერის" მთავარ გუნდში გააქვს და არც ეს უნდა იყოს პატარა ამბავი. რაც მთავარია, გარედან ისე ჩანს, თვითონ ფეხბურთელებსაც უნდათ მწვრთნელად ცხადაძე. ყველა მათგანი ამბობს, რომ ნაკრებში საქმიანი, პროფესიული გარემოა და რომ ამ გარემოში ისინი თავს იდეალურად გრძნობენ.

რაც ცხადაძეზე ვიცი, სულ დადებითი ამბებია. მას შეეძლო, რუსეთის ნაკრებში ეთამაშა და საქართველო ისე აირჩია, არც დაფიქრებულა. მას შეეძლო, ზედმეტი არ აეღო საკუთარ თავზე და აიღო - უმაგალითო შეჭირვებისას ნაკრებს ახალი სამოსი არ მოაკლო. მას შეეძლო, ბევრი არ ებრძოლა სიმართლისთვის იმ წლებში, როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ იბრძოლა.

დარწმუნებულნი ვართ, ის ბოლომდე, ამომწურავად იტყვის სათქმელს იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს უნდა ვუთხრათ, რომ ის არ არის მარტო!

მგონი, ფედერაციის სათქმელიც ესაა, რათა ყველა დავწყნარდეთ და ვისაც ევალება, იმან მშვიდად აკეთოს სანაკრებო (შესაბამისად - საქვეყნო) საქმე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
"სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკის მოხმობა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია..."

მოხმობა:) არ შეუძლია მოხმობა, მაგრამ ხომ ლამაზად ჟღერს:) ჰოდა ვსიო..
რატომ არ შეგიძლია? და მაშინ ფაქტს რატომ ეძახი? ან რა შეგიძლია და გევალება როგორც ჟურნალისტს? სიტყვებზე ნამდვილად არ გეკიდებით, უბრალოდ ყელშია ამოსული ეს ჩვენი გასაოცარი თვისება ზედაპირული ფიქრის და საუბრის. ეს მხოლოდ ბატონ ალეკოს არ ეხება და არც მხოლოდ ჟურნალისტებს და ამ დარგს. ფიქრს, ანალიზს და მუშაობას არ ვართ მიჩვეულები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ არ შეგვიძლია. საუკუნეებია ცუდ სიტუაციაში (რბილად ნათვამია) რომ ვართ და ცუდად ვცხოვრობთ, გარე ძალების, "რუსების" და ა.შ. ბრალი არ არის და როგორც ხედავთ არ ღმერთი გვშველის. თუ არ გავხდით პროფესიონალები ჩვენს საქმეში და უსაფუძვლო "ლაილაის" და ერთმანეთის დაბოლებას არ შევეშვით, არასდროს არაფერი არ გვეშველება. ძალიან სამწუხაროა რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის გამოსწორებას პრობლემის გაგება, აღიარება, გამოსწორების სურვილი და ათწლეულები სჭირდება, რის პერსპექტივასაც მე პირადად ბუნდოვნად ვხედავ.

საქართველოს გაუმარ.. ჯოს :)))
15:04 13-01-2016
0
ნამდვილად უნდა დაცალდეს ამ კაცს მუშ აობა მინიმუმ მომავალი საკვალიფიკაციოს ბოლომდე რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს (მიუხედავათ სავალალო მდგომარეობისა ყველაფრის გათვალისწინებით თორემ ისეთი ჩამორჩენა გვაქ საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებებთანაც და ჩემპიონატით ვეჭვობ უკვე უახლოეს მომავალში ჩვენი შედეგები უფრო მძიმე იქნება ამიტომ უნდა დასცალდეს მსოფლიო საკვალიფიკა ციოს ფინიშამდე.
baggio
05:39 13-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული