ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

რევიშვილის პარადოქსი: საქართველოს ნაკრებმა იდეალური ფეხბურთი ალბანეთთან ითამაშა

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილის თქმით, 2015 წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ იმედი მაინც გაუჩნდა.

"2015 წელს, სანაკრებო თამაშებიდან ყველაზე წარუმატებელი - ესტონეთთან წაგება იყო. მთელი სეზონის განმავლობაში არც ისე ცუდი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამ ყველაფრის შემდეგ 0:3 მეტისმეტად უსიამოვნო სანახავი აღმოჩნდა.

მიმაჩნია, ყველაზე წარმატებული მატჩი შოტლანდიასთან ჩავატარეთ - ამ დღეს ნაკრებმა მოიგო და კარგი ფეხბურთიც აჩვენა.

რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა იდეალური ფეხბურთი ალბანეთთან გასვლით შეხვედრაში ითამაშა.

ალბანეთი ძლიერი ნაკრებია და ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დაამტკიცა. მე-80
წუთამდე კარგად გამოვიყურებოდით, ალბანელებს სერიოზული წინააღმდეგობაც გავუწიეთ და ვჯობდით კიდეც. მოგება ხელიდან ბოლო 10 წუთში გავუშვით.

თუმცა, ჩვენ თუ მომავალ წელსაც ასეთ ფეხბურთს ვითამაშებთ და ბოლომდე მობილიზებულები ვიქნებით, უკეთეს შედეგს მივიღებთ.

მარცხი სასიხარულო არასოდეს იქნება და ვერ ვიტყვი, რომ გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით წაგება ბედნიერება იყო...

დიდი წარმატებები და სიხარული არც საკლუბო დონეზე გვქონია და ეროვნული ჩემპიონატიც ვერ გვახარებს. მაგრამ მიმაჩნია, რომ უიმედობის განცდა არავის დარჩენია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ნაკრების თამაში იყო დამაიმედებელი და პირადად მე უკეთესი მომავლის რწმენა გამიჩნდა", - ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სარანსკის "მორდოვიას" მეკარე.

რევიშვილს საკლუბო მომავალზეც ვკითხეთ:

"ახალ წელს ისევ სარანსკის "მორდოვიაში" დავიწყებ. რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე ვართ და მთავარია, არ გავვარდეთ.

სიმართლე გითხრათ, ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, "მორდოვიას" დატოვება არ მინდა. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო გარემო სარანსკში დამხვდა. ამიტომაც არ მინდა გუნდის შეცვლა და იმედი მაქვს, მეორე წრეში მდგომარეობას გამოვასწორებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ