გვილია და გვალია - ორი საყრდენი, რომლებმაც შესაძლოა ცხადაძე დააინტერესონ

AutoSharing Option
ფოტოზე: ვაკო გვილია და ლაშა გვალია
დღეს იმ ორ საყრდენ ნახევარმცველზე მოგითხრობთ, რომლებითაც, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე დაინტერესდეს...

ვაკო გვილია უკრაინის სიმბოლურში
ვაკო გვილია უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი გუნდი, ზაპოროჟიეს "მეტალურგი", კიევში "დინამოს" შეხვდა და სენსაცია გამოაცხო - მატჩი 2:2 დასრულდა. ზაპოროჟიელთა ქართველი ფეხბურთელი ინტერნეტ-გამოცემა "უა-ფუტბოლმა" გამოარჩია.

"მოედნის ცენტრში საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ზაპოროჟიელთა ახალგაზრდა საყრდენ ვაკო გვილიას ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ მოუხდა თამაში, როგორებიც არიან სიდორჩუკი (უკრაინის
ნაკრები), ველოზო (პორტუგალიის ნაკრები) და ბელანდა (მაროკოს ნაკრები).

მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა. მეტიც, 21 წლის ნახევარმცველი "მეტალურგის" შემადგენლობაში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახლდათ.

მოედნის ცენტრში საიმედო თამაშის გარდა, გვილია თანაგუნდელებს შეტევებშიც ხშირად ეხმარებოდა. ჩანცევის ხელქვეითებმა სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ გაათანაბრეს ანგარიში და საბოლოოდ, კიევიდან ქულა წაიღეს", - ასე ასაბუთებს გამოცემა გვილიას სიმბოლურ ნაკრებში დასახელებას.

ზაპოროჟიელთა ქართველი საყრდენი უკრაინის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა, რამაც ის ძალიან გაახარა.

"მე ის ფეხბურთელი ვარ, რომელიც ასეთ დონეზე წლეულს პირველად თამაშობს. ამის გათვალისწინებით, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი დაფასებაა.

მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ კიევის "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ გამომარჩიეს, "დინამო" კი უკრაინული ფეხხბურთის ლიდერია.

ახლა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვიმყოფები და აღიარებამ დამატებითი სტიმული მომცა. ზეგ ლობანოვსკის მემორიალზე მოლდოვას ვეთამაშებით", - ამბობს გვილია "ლელოსთან" კომენტარში.

დაკარგული სეზონის შემდეგ
ქართველი გულშემატკივარი ლაშა გვალიას უფრო იცნობს. 24 წლის ფოთელი ბიჭი უმაღლეს ლიგაში 18 წლის ასაკში, "კოლხეთში" გამოჩნდა.

მას შემდეგ მისი კარიერა სწრაფად განვითარდა - მიიწვიეს გორის "დილაში", სადაც ევროპალიგაზე ითამაშა და გულშემატკივარს რეალური შესაძლებლობები აჩვენა - "დილა" გიორგი დევდარიანის დროს "რაპიდთან" პლეი ოფის მატჩამდე რომ მივიდა, ამაში დიდი წვლილი გვალიასაც მიუძღვის.

ასევე მოხდა წლეულს, როცა გორის გუნდი ჩემპიონი გახდა.

"ჩემპიონობა არც გამკვირვებია, რადგან ყველაზე დაბალანსებული გუნდი ვიყავით და ყველაზე გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავდა. ეს კი ბევრს ნიშნავს.

ამას გარდა, გუნდი მეგობრული და ერთსულოვანია, ამის გარეშე კი წარმატება არ მოდის - შეწყობილად და გუნდურად ამიტომაც ვთამაშობდით. უჩა სოსიაშვილი კი ნიჭიერი სპეციალისტი გამოდგა და მოთამაშეები აგვიყოლია. უნიკალური მაჩვენებელია, 25 წლის ახალგაზრდა კაცმა გუნდი ოქროს მედლამდე რომ მიიყვანა", - ამბობს გვალია.

გორის "დილაში" ჩატარებული ევროსეზონის შემდეგ ის ერთდროულად მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებსა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ეკატერინბურგის "ურალში", მაგრამ ვერცერთგან ვერ ითამაშა: ჯერ ტრავმა მიიღო და თემურ ქეცბაიას ნაკრებს ვერ დაეხმარა, რუსეთში კი სავიზო პრობლემების გამო ვერ წავიდა:

"მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთში სულ რაღაც 4 თვე დავყავი, მაგრამ მხოლოდ სპორტული ვიზა მომცეს, შრომითზე კი, რაც თამაშის უფლებას მომცემდა, უარი მივიღე.

სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შემდეგ ამ კუთხით ვითარება გაუარესდა და მეც ამას შევეწირე. რუსებმა სხვა კლუბში იჯარით წასვლის უფლებაც არ მომცეს, რადგან სურდათ, "ურალში" მეთამაშა და საკითხის მოგვარებას ცდილობდნენ.

ფაქტია, რომ ამ ერთწლიანმა უთამაშებლობამ უკან დამხია. რა დასამალია, "ზესტაფონში" ჩასული საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი. "დილაში" გადასვლის შემდეგ კი თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

იმედია, სეზონის წინ კარგ მოსამზადებელ ეტაპს გავივლი და ფორმას სრულად აღვიდგენ".

გვალია "დილას" ევროპერსპექტივაზეც გველაპარაკა:

"ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ განუთესავებში ვართ და წილისწყრა განთესილებს შეგვახვედრებს, სადაც ბევრი ცნობილი გუნდია - "სელტიკი", "ბაზელი", "ლუდოგორეცი"... ასე რომ, შემდეგ წრეში გასვლა ძალიან გაგვიძნელდება.

მაგრამ ლაპარაკია, რომ დავიმატებთ რევიშვილს, ამისულაშვილს, ნავალოვსკის, ილურიძესა და მარცვალაძეს. ასეთ შემთხვევაში, სერიოზულ ძალად ვიქცევით. ეს მამუკა ჯუღელის დამსახურებაა, რომელიც გუნდისთვის ბევრს აკეთებს. მას პირადად მეც ვემადლიერები, რადგან მენდო და დიდ ფეხბურთში გზა გამიხსნა.

სხვათა შორის, "ურალთან" დაკავშირებული უთამაშებლობის პერიოდშიც მეხმარებოდა, კარგად რომ მევარჯიშა. მას ნაკრების ბევრი მოთამაშისთვის უპატრონია და არ მეგულება მენეჯერი, უცხოეთში ქართველების გაყვანისას მამუკას მსგავსი უნარი რომ გამოევლინოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გვალოო მაგარია თავის პოზიციაზე. პასებს მაგრად ანაწილებს.წარმატებები
ვაწე
12:03 03-06-2015
0
GValo magariaa tavis poziciazee. Pasebis ganawilebashi sauketesoa. Midiii dzmao carmatebebii magariii kaciii xaaar da gorelebs ukvarxar
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული