ადამ ნავალკა: გაფასებთ, მაგრამ 3 ქულა გვჭირდება

AutoSharing Option
13 ნოემბერს პოლონეთის ეროვნული გუნდი საქართველოს დედაქალაქში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. საღამოს ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ "დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად, მედიის წინაშე გჟეგოჟ კრიხოვიაკი და არკადიუშ მილიკიც წარდგნენ.

პოლონეთი ჯგუფის ლიდერია და რა გასაკვირია, რომ მისი დამრიგებელი ადამ ნავალკა მხოლოდ მოგებაზე ლაპარაკობდა:

"ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა. აქედან გამომდინარე, პოლონეთის ნაკრები თბილისში კონკრეტული მიზნით ჩამოვიდა - მოვიპოვოთ 3 ქულა და ლიდერობა განვიმტკიცოთ.

თუმცა, კარგად ვიცი, რა ქვეყანაა საქართველო; ისიც ვიცი, რომ მებრძოლი ხალხი და ნაკრები
გყავთ. მასთან თამაშიც საკმაოდ სახიფათოა.

რომელ ტაქტიკას გამოვიყენებ? ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი. 90 წუთის განმავლობაში ვერ შევუტევთ, ძალები სწორად უნდა გადავანაწილოთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, დასაწყისშივე მოვახერხებთ თუ არა მეტოქისთვის ჩვენი თამაშის თავს მოხვევას.

ის, რომ გერმანიასთან შედეგი დაცვითმა ტაქტიკამ გამოიღო, არ ნიშნავს, რომ ყველასთან ასეთ გზას ავირჩევთ. ჩემი გუნდი ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მატჩის წინ მათთვის ლექციის წაკითხვა არ დამჭირდება".

ნავალკას კითხვა თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებაზეც დაუსვეს:

"ამაზე აზრს ვერ დავაფიქსირებ, რადგან ეს ჩემი პრობლემა არ არის. თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, მეტოქე მაინც სახიფათო იქნება. ხომ გახსოვთ, საქართველოსთან თამაში შოტლანდიასაც გაუჭირდა და ირლანდიასაც".

პოლონელთა დამრიგებელმა ქართული ფეხბურთის წარსულზეც ილაპარაკა:

"საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთი და მოთამაშეები კარგად მახსოვს. მაშინ ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გყავდათ. მათ ევროპის ტოპ-კლუბებში თამაშის უნარიც შესწევდათ, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო".

გჟეგოჟ კრიხოვიაკი:
"გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ დიდი დრო არ გასულა. ჩვენ წახალისება არ გვჭირდება, რადგან გულზე არწივი რომ გახატია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური".

არკადიუშ მილიკი:
"ვეთანხმები გჟეგოჟს და ჩვენს მწვრთნელს. ქვეყნის ნაკრებში მკერდზე არწივის გამოსახულებიანი მაისურით თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენი გულშემატკივრების იმედები უნდა გავამართლოთ".

ამის შემდეგ პოლონელმა ფეხბურთელებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშეს, რასაც მედია მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული