საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსი ბრაზილიელით ძლიერდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 7 სექტემბერს თბილისში ბელარუსთან მატჩით გახსნის. ამ გუნდში კი ბევრი საინტერესო ამბავი ხდება.

ბელარუსის ნაკრებში მალე ნატურალიზებული ბრაზილიელი ითამაშებს. ბორისოვოს "ბატეს" 23 წლის ნახევარმცველი რენან ბრესანი მეხუთე წელია ბელარუსში თამაშობს, შარშან ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი, ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, სურვილი ჰქონდა და მიიღო კიდეც ბელარუსის პასპორტი. ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა გიორგი კონდრატიევმა კი 29 თებერვალს ანთალიაში, მოლდოვას ნაკრებთან მატჩისათვის გამოიძახა.

ბრესანს ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში არასოდეს უთამაშია, ბელარუსში 18 წლის ჩავი
და და ჯერ "გომელში" გამოდიოდა, 2010 წლიდან კი - "ბატეშია".

"გომელში" თამაშობდა, როდესაც მისი ნატურალიზაციის იდეა გაჩნდა. მაგრამ თავიდან პასპორტის არქონამ დააბრკოლა, შემდეგ კი გაარკვია, რომ ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშის ხუთწლიანი სტაჟიც სჭირდებოდა.

"ჯერ კიდევ "გომელში" თამაშის დროს ვისწავლე რუსული. ენობრივი ბარიერი აღარ მაქვს, ბელარუსის ნაკრებში თამაში მსურს და ქვეყანა რომც დავტოვო, ეროვნულ გუნდში მაინც ვითამაშებ", - თქვა ბრესანმა "პრეს-ბოლთან" ინტერვიუში.

თუმც ჯერ მისი თამაში არ გადაწყვეტილა, რაზეც კონდრატიევმა ილაპარაკა:

"ვერ გეტყვით, ვათამაშებთ თუ არა ბრესანს მოლდოვასთან. ფიფაში დეტალებია გასარკვევი და ბრაზილიელის განაცხადში შეყვანაზე თანხმობა უნდა მივიღოთ. პროცესი დაწყებულია, მაგრამ ის მოსალოდნელზე რთული გამოდგა.

შევეცდებით, საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადავწყვიტოთ. ჯერ კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბრესანმა პირველი კონტრაქტი ბელარუსში "გომელთან" 2007 წლის თებერვალში გააფორმა. ასე რომ, გასულია ის ხუთწლიანი ვადა, რაც საფეხბურთო მოქალაქეობის შესაცვლელად არის აუცილებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულ შეკრებაზე გვეყოლება და გუნდთან ადაპტაციას გაივლის".

აქვე ვიტყვით: "ზესტაფონის" თავდამსხმელმა, აბაიომო სეუნი ოვიონიკოკომ საქართველოს პასპორტი კი აიღო, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ან ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შემთხვევაში მასაც ანალოგიური ბარიერი შეექმნება - ნიგერიელი ჩვენს ჩემპიონატში მხოლოდ სამი წელიწადია თამაშობს და კიდევ ორი მოუწევს ლოდინი, სანამ ფიფა მის ნატურალიზაციას დათანხმდება.

ბელარუსის ნაკრების ყველაზე ცნობილმა მოთამაშემ, 30 წლის ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა კი "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და მაისამდე სამარის "კრილია სოვეტოვში" ითამაშებს.

გლები 6-ჯერ აღიარეს ბელარუსის საუკეთესო მოთამაშედ. 2000 წლიდან თამაშობდა "შტუტგარტში", მერე "არსენალში", 2008 წელს ჩაირიცხა "ბარსელონაში", მაგრამ იქ არ ათამაშებდნენ და იჯარით "შტუტგარტში", "ბირმინგემსა" და "ვოლფსბურგში" გამოდიოდა.

სამარაში მას კიდევ სამი ბელარუსი დახვდა - მეკარე სერგეი ვერემკო, მცველი დმიტრი ვერხოვცევი და თავდამსხმელი სერგეი კორნილენკო. საერთოდაც, ჩვენი მომავალი მეტოქე საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

ბელარუსების თავკაცი გიორგი კონდრატიევი შესარჩევ ჯგუფში გუნდის მიზნებზე თითქმის იგივეს ამბობს, რასაც თემურ ქეცბაია:

"ჯგუფში იმდენად ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ჯგუფიდან გასვლა არც მოუთხოვია. რომ ვთქვა, ესპანელებისა და ფრანგების კომპანიაში პირველობისთვის ვიბრძოლებთ-მეთქი, შარლატანად ჩამთვლით.

კარგი იქნება მესამე ადგილზე გასვლა, რადგან ფინეთსა და საქართველოსაც ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. მაგრამ ვიბრძოლებთ თითოეულ შეხვედრაში, რომელიმე ფავორიტს ქულებს ავართმევთ. წინა ციკლში ხომ მოვუგეთ ფრანგებს.

ჩემი წინამორბედის, ბერნდ შტანგეს ნაკრებიდან საუკეთესოს დავიტოვებთ. მაგალითად, დაცვა ბევრ გოლს არ უშვებდა, მაგრამ ნახევარდაცვასა და თავდასხმაში ბევრი სამუშაო გვაქვს და მეტი სითამამე და აგრესიულობა გვჭირდება. ბურთის მეტისმეტი კონტროლი უშედეგოა, ამ ელემენტს საუკეთესოდ მხოლოდ "ბარსელონა" ფლობს და მიბაძვა არაფერს გვარგებს.

ბევრი მოთამაშე ჯერ არ გახსნილა. სწორედ ამის გამო ვერ გავედით ევრო 2012-ის პლეი ოფში. არადა, ეს შესაძლებელი იყო. ჩემი პრინციპული მოსაზრება იყო, რომ გუნდი ორი ციკლის განმავლობაში უნდა გავწვრთნა და გავაახალგაზრდავო, რადგან ბევრი ასაკოვანი მოთამაშე გვყავს. შემდეგ ციკლში კი ევრო 2016-ზე გასვლისთვის ვიბრძოლებთ".

და ბოლოს, გიორგი კონდრატიევის ხელმძღვანელობით, ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამეადგილოსანი გახდა და ზაფხულში ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებს. მოკლედ, წარმატებული მწვრთნელია და სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ჩვენი მწვრთნელის გასაგონად მოვუხმობთ ინტერვიუდან იმ ფრაგმენტს, თუ როგორი ურთიერთობები აქვს კონდრატიევს მოთამაშეებთან:

"გუნდში მთავარია ურთიერპატივისცემა და ნდობა. ფეხბურთელებისთვის მწვრთნელიც ვარ და მეგობარიც. ახალგაზრდულ ნაკრებში კონფლიქტებიც მომხდარა, მაგრამ მომიგვარებია. არ მიყვარს ისეთი მოთამაშე, რომელიც სულ თვალებში შემყურებს, მაგრამ მოედანზე ფეხები უკანკალებს. მირჩევნია, იყოს ბუნტისთავი, რომელიც ზოგჯერ არც მისმენს, სულ დუღს და მწარდება, მაგრამ მოედანზე ბოლომდე იბრძვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯვარი აქაურობას!ბატონო მერაბ,როგორც იქნა ხმა ამოიღეთ, მაგრამ ასეთ თითქოს შენიღბული ადრესატის ნაცვლად პირდაპირ დაგეწერათ რომელ ქართველ მწვრთნელს გულისხმობთ, თორემ ადრესატი შესაძლოა ვერ მიხვდეს.
Jigaro!
03:02 23-02-2012
0

სიახლეები პოპულარული