საქართველოს ნაკრები: ვაისმა რა ქნას?

AutoSharing Option
7 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებს შეხვდება, 11 ივნისს კი კიშინიოვში მოლდოვას ესტუმრება და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრას გამართავს...

"ჯვაროსნებმა" ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს, მაგრამ ვლადიმერ ვაისის გუნდის მოლდოვასთან შეხვედრა მაინც პრინციპულია, რადგან გამარჯვებული ბოლო ადგილს ასცდება, რაც შემდეგ ციკლში უკეთეს კალათაში მოხვედრას განაპირობებს.

ამ შეხვედრამდე დიდი დრო არაა დარჩენილი, მანამდე კი საქართველოს ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდის ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მარტში მოსკოვის "ლოკომოტივთან" გასვლით შეხვედრაში დაშავდა, ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და ექვსი თვე
დაისვენებს. 25 წლის შემტევი ნახევარმცველი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ თორნიკე რეაბილიტაციის ინტენსიურ პროცესს გადის, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, უკეთეს შემთხვევაში, ოქრიაშვილი ნაკრებს სექტემბერში თუ დაეხმარება.

სამწუხაროდ, ჯერ ასევე ვერ თამაშობს გიორგი ჭანტურია. ეკატერინბურგის "ურალის" ქართველი მცველის, ჯიმი ტაბიძის თქმით, გიორგი ჭანტურია უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და შესაძლოა, საერთო ჯგუფში ვარჯიშს მალე დაუბრუნდეს. მაგრამ ძნელი სათქმელია, მოლდოვასთან ითამაშებს თუ არა.

ლევან მჭედლიძემ "მილანს" გაუტანა და ისევ დაშავდა. დამაფიქრებელი იყო ვაკო გვილიას უთამაშებლობაც, რისი მიზეზიც უცნობი იყო. ბოლო ორი შეხვედრაა, ბატეს დამრიგებელმა ალექსანდ ერმაკოვიჩმა არ ათამაშა - 21 აპრილს, "კრუმკაჩისთან" მატჩისას ქართველი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, ხოლო 26 აპრილს ბრესტის "დინამოსთან" თასის შეხვედრაში მისი გვარი განაცხადშიც არ ყოფილა.

"მიკროტრავმა მქონდა და თამაშები ამიტომ გამიცდა. კუნთი ოდნავ მტკიოდა, სერიოზული არაფერია, უბრალოდ, დასვენება იყო საჭირო. იმედი მაქვს, შემდეგი ტურის შეხვედრისთვის მზად ვიქნები", - გვითხრა გვილიამ. ასე რომ, იმედია, ბატეს ქართველი ლეგიონერი მალე მომჯობინდება და ივნისამდე ფორმაში შევა.

პოლონური მედია კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არნემის "ვიტესში" დაბრუნდება. პოლონური კლუბი 2016 წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარით დამატებული ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას არ აპირებს და დიდი ალბათობით, ვაკო არნემის "ვიტესს" დაუბრუნდება.

საბოლოოდ, რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ მან მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ძირითადში სულ 3-ჯერ ითამაშა. ეს უნდობლობა და საკვანძო მატჩების გაცდენა კი მოთამაშის მდგომარეობაზე აისახება, ყაზაიშვილი კი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

ბოლო წლებში მშვიდად მეკარეების გამო მაინც ვიყავით, მაგრამ ბოლო დროს არც ისე სასიამოვნო ამბები ხდება: ორიოდე დღის წინ პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტგამოცემა championat.com-მა რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე შეუვალ მეკარეთა შორის კომპანიაში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორიაც დაასახელა. ის "კრილიას" კარს 22-ე ტურამდე შეუცვლელად იცავდა. ამ პერიოდში მას კარში 104 დაურტყეს და მხოლოდ 28 გაუშვა. ამის მიუხედავად, ბოლო მატჩებში მოულოდნელად სკამზე გადაინაცვლა და კარში მისი კონკურენტი, ევგენი კონიუხოვი დგება.

ასევე ჯერ არ თამაშობს ნუკრი რევიშვილი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა. ის გუნდების გაუთავებელმა ცვლამ დააღალატა, ესპანეთის ნაკრებთან უმაღლეს დონეზე ჩატარებული თამაშის შემდეგ კი სტაბილურად მხოლოდ თბილისის "დინამოში" ითამაშა. მოლდოვურ "დაჩიაში" მის თავს გადამხდარი ისტორია ცნობილია და აღარ შეგახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოლდოვაში წასვლამ უკან დახია და ახლა თბილისის "დინამოს" კარში უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკო დგას, ნუკრი კი თავის შანსს ჯერ კიდევ ელოდება.

ლიტოვჩენკოს რას ვერჩით, მშვენიერი მეკარეა და საიმედოდ დგას, მაგრამ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, რევიშვილის ათამაშებას ველოდებით, ესეც არაა დასამალი.

გიორგი აბურჯანიას "სევილიაში" გადასვლამ ყველა დაგვაიმედა, მაგრამ გუნდის დუბლშემადგენლობაში გადასული 22 წლის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი "სევილია II"-ში სულ 12-ჯერ ათამაშეს, ხოლო ძირითადში - მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა.

აბურჯანია კვიპროსში დაბრუნებაზე გავრცელებულ ჭორებს უარყოფს, მაგრამ 22 წლისაა და ყველა ველოდებით, როდის ათამაშდება ეს ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ კარგად გამოჩნდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

დამაიმედებელი ისაა, რომ მოედანს დაუბრუნდა და რუსულ პრემიერლიგაში გაიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, მცველმა გია გრიგალავამ, რომლის ტულის "არსენალმაც" შინ სამარის "კრილია სოვეტოვი" 2:0 დაამარცხა. ის ჩამოსაწერი მცველი ნამდვილად არაა.

მოსკოვის "ლოკომოტივში" სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ჩვენი ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელიც ყაზანის "რუბინში" კარგა ხანი გაუგებარი მიზეზებით სკამზე იჯდა. თუ რამე სასწაული არ მოხდა, საბა 2 მაისს რუსეთის თასის ფინალს ითამაშებს. შესაძლოა, მოედანზე მისი მეტოქე "ურალის" რიგებში ტაბიძეც ვიხილოთ, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

ასევე ძალიან კარგი ფაქტია, რომ გიორგი ქვილითაია "რაპიდში" ადგილს იმკვიდრებს და ბოლო დროს, უმთავრესად, ძირითად შემადგენლობაშია, გოლებსაც მოუხშირა და რამდენჯერმე თავი საგოლე გადაცემებითაც გამოიჩინა. გიორგის გუნდიც ავსტრიის თასის ფინალში გავიდა.

მართალია, ჯანო ანანიძემ ბოლო ტურში შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ მისი "სპარტაკი" ჩემპიონობას უახლოვდება და ჯანოსაც გუნდის იტალიელი დამრიგებელი მასიმო კარერა ენდობა და სტაბილურად ათამაშებს. წარმატებულ კლუბში ათამაშებული ქართველები კი ნაკრების იმედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ოქრის გარეშე გაგვიჭირდება,შეუცვლელია
გურო
22:08 18-05-2017
0
სენ-კიტსიმ გადაიფიქრა და მარტო ნევისის ნაკრებს ხვდებიან თურმე.
კახა ქირია
20:03 28-04-2017
0

სიახლეები პოპულარული