თემურ შონია: ეს დღე არასოდეს დამავიწყდება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებში გამოძახებული თემურ შონია, რომელიც ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთა წინააღმდეგ ათამაშა. მეტიც - ბათუმელთა კაპიტანმა უზბეკებთან შეხვედრის 69-ე წუთზე გოლიც გაიტანა...

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

საინტერესოა, რომ მანამდე, ბათუმის "დინამოს" არც ერთ ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების მაისურით, არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩში გოლი არ გაუტანია.

სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნებულ დინამოელთა კაპიტანს განვლილ მატჩებსა და ახალი სეზონისთვის მზადებაზე კლუბის პრესსამსახური ელაპარაკა.

"2017 წელი ჩემთვის ნაკრებში გამოძახებით დაიწყო. 23 იანვარს, დუბაიში, ეროვნულ ჰიმნს
საქართველოს ნაკრების მაისურით ვუსმენდი. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ყველაფერთან ერთად, ნაკრებში დებიუტი გატანილი გოლით აღვნიშნე, რომელიც ბათუმის "დინამოსთვის" ისტორიული აღმოჩნდა.

უშუალოდ შეხვედრა რთული გამოდგა, რადგანაც მონაწილეთა უმრავლესობა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ვატარებდით. მონდომების ხარჯზე მატჩის შემოტრიალება მოვახერხეთ, თუმცა მეტოქემ ყველა საგოლე მომენტი გამოიყენა. მეორე შეხვედრაში უკეთ გამოვიყურებოდით და მიმაჩნია, რომ არ გაგვიმართლა", - ამბობს შონია.

ბათუმელთა კაპიტანმა გუნდის სამზადისზეც ილაპარაკა:

"9 თებერვლიდან თურქეთში მოვემზადებით. ხუთივე საკონტროლო მატჩი მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული