ჩვენ და აზიელები: აქაც ნეგატივი

AutoSharing Option
ფოტოზე: შოთა არველაძე იორდანიასთან მატჩში. 16.11.2005.
დღეს საქართველოს ნაკრებისთვის საფეხბურთო წელიწადი იწყება: ჩვენი უპირველესი გუნდი ნეიტრალურ მოედანზე (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში) ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, უზბეკეთის ნაკრებს.

- საქართველო VS უზბეკეთი - შანსი ნაკრების კანდიდატებისთვის

რა თქმა უნდა, როცა მატჩი ამხანაგურია, ამ შემთხვევაში შედეგი მეორეხარისხოვანია, თან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

თუმცა, ზემოთქმულის მიუხედავად, ისე, როგორც საქართველოს ნაკრების ნებისმიერი მატჩის წინ, ამჯერადაც გვინდა ვისურვოთ, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა უზბეკებთან
დღევანდელი პაექრობა (ასევე, მომდევნო სპარინგი იორდანიის ნაკრებთან) წარმატებით ჩაატაროს.

ჰო, ნამდვილად კარგი იქნება საფეხბურთო წელიწადის გამარჯვებით დაწყება; მით უფრო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო; ანუ ნაკრების სათავეში რაც სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისია, ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ერთადერთხელ გაიმარჯვა, ოღონდ, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, ვისთან მოვიგეთ ის ერთადერთი მატჩი: შარშან, 7 ივნისს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან!..

...უახლოესი ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრებს 24 მარტს, თბილისში აქვს ჩვენი ჯგუფის, ალბათ, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, სერბეთის ნაკრებთან; სამწუხაროდ, ამ მატჩს ჩვენი ნაკრები მხოლოდ 2 ქულით ხვდება, არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ, სულ მცირე, 6 ან 7 ქულა გვქონოდა.

თუმცა, ეს უკვე წარსულია და სჯობს, იმაზე ვისაუბროთ, თუ რამხელა სტიმული უნდა ჰქონდეთ უზბეკეთთან და იორდანიასთან გასამართავი მატჩების წინ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს: მათგან ფაქტობრივმა უმრავლესობამ ხომ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი უნდა ჩაატაროს!

ძნელი სათქმელია, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მყოფი ჩვენი ნაკრების შემადგენლობიდან თუ რამდენ ფეხბურთელს გამოიძახებს ვლადიმირ ვაისი სერბებთან ოფიციალური მატჩისათვის; თუმცა, ჩვენი აზრით, სულ მცირე, 3-4 ფეხბურთელი იმ სიაში უნდა ვიხილოთ...

დაბოლოს, ერთ "სიახლეზეც": საქართველოს ნაკრებს თავის ისტორიაში რამდენიმე მატჩი ჩაუტარებია ნეიტრალურ მოედანზე (ოფიციალურიც და ამხანაგურიც); ასევე,  რამდენჯერმე ყოფილა, როცა ამა თუ იმ ამხანაგური მატჩისათვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით ყოფილა დაკომპლექტებული.

თუმცა, ამ 27 წლის განმავლობაში პირველად სწორედ ახლა ხდება, როცა საქართველოს ნაკრებს... იანვარში უწევს მატჩ(ებ)ის გამართვა!

ვერც აზიელებს ვჯობნით...
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ნაკრებს აზიის წარმომადგენლებთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს: დღემდე გამართულ შვიდ მატჩში 3 მოგება გვაქვს და 4 წაგება (ბურთების სხვაობა - 12:13). ოღონდ, ისიც ვთქვათ, რომ ამ ოთხიდან ორი ისეთი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს ნაკრები თითქმის მთლიანად ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა, მესამედ კი - სანახევროდ ექსპერიმენტულით.

აი, თუნდაც, სულ პირველი დაპირისპირება გავიხსენოთ აზიელებთან: 1996 წლის მიწურულს, ლიბანში რომ გაემგზავრა ჩვენი უპირველესი გუნდი, ეს, ფაქტობრივად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იყო! მწვრთნელიც, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, ვლადიმერ გუცაევი გახლდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენმა 21-წლამდელებმა იმ წლის შემოდგომაზე იტალიელ თანატოლებს (ბუფონი, ტაკინარდი, კოკო, ამბროზინი, ლუკარელი თუ კიდევ სხვა მომავალი ვარსკვლავები რომ გამოდიოდნენ) მოუგეს.

ანუ, ნიკა ტოგონიძის, გიორგი დარასელიასა და ზვიად ჯელაძის გარდა, ყველა დანარჩენი ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ ნაკრებში კი ოფიციალური მატჩები მხოლოდ ლევან კობიაშვილსა და ლევან ცქიტიშვილს ჰქონდათ ჩატარებული...

...სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა თავის მესამე დაპირისპირება აზიის წარმომადგენელთან; დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენი ნაკრები 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტისათვის ემზადებოდა, თუმცა აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ირანის ნაკრებთან ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია: სხვადასხვა მიზეზით გვაკლდნენ გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე, არჩილ არველაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

მოკლედ, ის მატჩიც წავაგეთ და მხოლოდ მეოთხე ცდაზე მოვახერხეთ აზიური გუნდის ძლევა. ეს კი 2005 წლის 15 ნოემბრის სუსხიან საღამოს, თბილისში მოხდა, როცა გაიოზ დარსაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის ბოლო მატჩს ატარებდა: გიორგი დემეტრაძის "დუბლით" და შოთა არველაძის გადამწყვეტი გოლით იორდანიის ნაკრებს 3:2 მოვუგეთ.

ასევე წარმატებული გამოდგა აზიელებთან მომდევნო დაპირისპირებაც, როცა არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მოუგო საკმაოდ ძლიერ ყატარის ნაკრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლი ლაშა სალუქვაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს იყო პირველი და, საერთოდ, ერთადერთი გოლი მის თორმეტწლიან სანაკრებო კარიერაში; ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო კლაუს ტოპმიოლერის უკანასკნელი მოგებული მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში: ყატარში მოგებას ზედიზედ სამი წაგება (ლიტვასთან, ლატვიასთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან) მოჰყვა და ტოპიც დაგვემშვიდობა...

აზიურ გუნდებთან ბოლო დაპირისპირება კი 2014 წელს გვქონდა, როცა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა აზიური ფეხბურთის ორ, არცთუ სუსტ მეტოქესთან გამართა სპარინგები.

ორივე შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა და ესპანურ ხერესში თუ მოვახერხეთ საუდის არაბეთის ნაკრების დამარცხება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, შვეიცარიის პატარა ქალაქ მეირინში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში... არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებმა ერთადერთი და თან ეფექტური გოლის წყალობით მოგვიგო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველო VS აზია
05.12.96. ბეირუთი
ლიბანი (ახ.)-საქართველო 4:2
0:1 ა. იაშვილი (52), 0:2 გ. კიკნაძე (67), 1:2 ხაზარიანი (70), 2:2 ხიჯაზი (73), 3:2 ტაჰა (78), 4:2 ჰამადე (90)
საქართველო: დ. ასლანაძე, შ. ხუჯაძე (78. გ. დიდავა), ზ. ჯელაძე, კ. კალაძე, ლ. კობიაშვილი, გ. კიკნაძე, ლ. ცქიტიშვილი, გ. დარასელია, გ. გახოკიძე, მ. ფოცხვერია (38. მ. აშვეთია), ა. იაშვილი (70. გ. დემეტრაძე).
კაპიტანი: გიორგი კიკნაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

08.12.96. ბეირუთი
ლიბანი (ახ)-საქართველო 3:2
0:1 გ. გახოკიძე (12), 1:1 აიუბი (15), 2:1 ტაჰა (23), 2:2 ცქიტიშვილი (24), 3:2 ხაზარიანი (27)
საქართველო: ნ. ტოგონიძე, დიდავა, შ. ხუჯაძე, კ. კალაძე, ლ. კობიაშვილი, გ. კიკნაძე, ლ. ცქიტიშვილი (46. ზ. ჯელაძე), გ. დარასელია, გ. გახოკიძე, მ. ფოცხვერია, ა. იაშვილი (65. გ. დემეტრაძე).
კაპიტანი: გიორგი კიკნაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

16.08.00. თეირანი. არადი
ირანი-საქართველო 2:1
1:0 ჯამშიდი (4), 2:0 მაჯიდი (27), 2:1 მ. ყაველაშვილი (70)
საქართველო: ს. გრიშიკაშვილი (34. დ. გვარამაძე), ს. თოდუა, რ. ქემოკლიძე (74. გ. კვარაცხელია), მ. წერეთელი (34. ზ. მენთეშაშვილი), ლ. კობიაშვილი, თ. სიჭინავა, გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული, თ. ქეცბაია, მ. ყაველაშვილი, შ. არველაძე (46. ლ. სილაგაძე).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი

16.11.05. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-იორდანია 3:2
1:0 გ. დემეტრაძე (4), 1:1 სალიმი (36), 1:2 საადი (60), 2:2 გ. დემეტრაძე (65), 3:2 შ. არველაძე (75)
საქართველო: ნ. რევიშვილი, კ. მჟავანაძე, ზ. ხიზანიშვილი, კ. კალაძე, ი. კანდელაკი, გ. განუგრავა (82. ლ. ბურდული), ჯ. კანკავა, გ. გოგუა (74. დ. კვირკველია), დ. მუჯირი (72. ლ. ჯაკობია), გ. დემეტრაძე (77. ვ. დარასელია), შ. არველაძე (82. მ. აშვეთია).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე

16.11.07. დოჰა. ალ ღარაფა
ყატარი-საქართველო 1:2
0:1 ჯ. კანკავა (46), 1:1 კონე (56), 1:2 ლ. სალუქვაძე (74)
საქართველო: გ. მაკარიძე, ზ. ხიზანიშვილი (61. გ. შაშიაშვილი), მ. ასათიანი, კ. კალაძე, ა. სანაია (61. ლ. სალუქვაძე), ლ. ცქიტიშვილი, ჯ. კანკავა (81. ა. კვახაძე), შ. გრიგალაშვილი, დ. კვირკველია (86. გ. დეკანოსიძე), ლ. ყენია (69. ნ. გელაშვილი), ლ. მჭედლიძე (46. ლ. ჯაკობია).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

29.05.14. ხერესი
საუდ. არაბეთი-საქართველო 0:2
0:1 თ. ოქრიაშვილი (45), 0:2 ლ. დვალიშვილი (71)
საქართველო: გ. ლორია, უ. ლობჟანიძე (77. ლ. სალუქვაძე), ს. კვირკველია, ა. ხუბუტია, გ. გრიგალავა, გ. კაშია (46. ი. ძარია), ჯ. კანკავა, თ. ოქრიაშვილი (74. ლ. ხმალაძე), ვ. ყაზაიშვილი (58. ლ. კაკუბავა), ს. კობახიძე (69. გ. პაპავა), ო. მარცვალაძე (46. ლ. დვალიშვილი).
კაპიტანი: ჯაბა კანკავა
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

03.06.14. მეირინი
საემიროები-საქართველო 1:0
1:0 ჰაბიბ ფარდან აბდულა (74)
საქართველო: გ. ლორია, უ. ლობჟანიძე, ს. კვირკველია, ა. ხუბუტია (46. ლ. კაკუბავა), გ. გრიგალავა, გ. კაშია, ი. ძარია (60. გ. პაპავა), თ. ოქრიაშვილი (69. გ. პაპუნაშვილი), ჯ. კანკავა (86. ბ. ცხადაძე), ს. კობახიძე, ვ. ყაზაიშვილი (46. ლ. დვალიშვილი).
კაპიტანი: ჯაბა კანკავა
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფედერაციაში ყველა ფულის გამო მოდის ყველას კიდია ფეხბურთი კობიაშვილო სკამი კარგია ხო? სადაა დაპირებული შედეგი სადაა ზესტაფონი? თუმცა რა ყველას ყველაფერი არ კიდია? მთავარი ხო სკამია რომელსაც ფული მოაქვს
Kaxa
09:43 25-01-2017
0
რა დროს ექსპერიმენტებია წინ შესაარჩევია და ის ძირითადი ბირთვი უნდა შეეკრიბა ვიზე დაყრდნობასაც გეგმავს მომავალში.გასვლით თუ ვერ გავალთ ღირსეულად მაინც უნდა დავამთავროთ შესარჩევი.დაემატებინა რამოდენიმე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი მაგრამ ესე ერთიანად გუნდის შეცვლა არაა სწორი.ბოლო ბოლო პრესტიჟის საქმეა მოგება. გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება გვჭირდება.ცხადაძე ზუსტად ამას აკეთებდა.სირცხვილი ფედერაციას
zviad
16:33 23-01-2017
0

სიახლეები პოპულარული