[ოთხშაბათის საკითხავი] 5 წლის მერე... ანუ რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?!

AutoSharing Option
რუბრიკის პირველი წერილია ახალ წელს და ძალიან არ მინდა, მძიმე თემებზე ვწერო, მაგრამ ისიცაა, რომ თუ ჩვენს დღევანდელ მძიმე რეალობას მოვწყდებით, ჩვენი რუბრიკის და, ზოგადად, ნებისმიერი წერილის ფასი გახვრეტილი შაურიანისაც კი აღარ იქნება...

საქართველოში ახლა სეზონთშორისი პერიოდია. ახალი წლის ამბები ჩაივლის და დადგება დრო, როცა ჩვენმა გუნდებმა უნდა გამოიღვიძონ. წესით, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს წერილი რომ იწერება, ახალი სეზონისთვის სამზადისი, თუ არ ვცდები, ჯერ მხოლოდ თბილისის "ლოკომოტივს" აქვს დაწყებული...

ამას ეშველება, მაგრამ რა ეშველება იმას, რომ ჩვენში
დიდად რეკლამირებული 10-გუნდიანი ჩემპიონატის წინ სერიოზული გაძლიერება რასაც ჰქვია, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებს. პირდაპირ ვთქვათ: თუ ეს არ მოხდა, დაახლოებით იმავე დონის პირველობა გვექნება, რაც ადრე იყო.

ჩვენი ფეხბურთელები დღენიადაგ იმას ამბობენ - საქართველოს ჩემპიონატი კარგად რომ შეფუთო, სტადიონები მოაწესრიგო და გაანათო, საშუალო დონის პირველობამდე მივალთო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, ამის ნაკლებად მჯერა. ევროთასებზე...

ზოგადად, სტადიონებიც კარგია, განათებაც და, ასე თუ ისე, მაყურებელიც დადის თუნდაც ადრეულ ეტაპებზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ ჩვენი ფეხბურთელები მთებს აბრუნებენ...

ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ ჩვენ გვინდა უკეთესი ჩემპიონატი, აღარ უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე და აღარ უნდა ვიყოთ იმ ფეხბურთელების იმედად, რომელთა თამაშსაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებთ.

სატრანსფერო მიდი-მოდი თანდათან ხურდება. ახალი და განსაკუთრებული ისევ არაფერია: ვინ იცის, მერამდენე წრეზე მიდიან ძველი სახეები, მერამდენედ იცვლიან გუნდს, უბრუნდებიან ყოფილ კლუბებს ან პოულობენ ახალს...

ფაქტია: იმავე შემსრულებლებით საქართველოს ჩემპიონატი იქნება ზუსტად იმავე დონის ტურნირი და უკეთესობის იმედი არ უნდა გვქონდეს. მაშ, რას ეწირება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სოლიდური თანხა?

* * *
მავანი გვეტყვის - ჯერ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ და მერე მივხედოთ სათამაშო დონესო. ამაში არის ლოგიკა და არც მოთმინება გვეშლება, მაგრამ თუ ამას ვუცადეთ, 5 წელი მარტო ჩვენი გაუბედურებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დასჭირდება. 5 წელი გავა და ფეხბურთის განვითარების ეს პროგრამაც დაგვიკრავს თავს. 5 წლის მერე კაცმა არ იცის, რა ჭკუაზე იქნება სახელმწიფო და მოისურვებს თუ არა ისევ იმ მილიონების ხარჯვას, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ მოიტანა...

ამიტომ პირდაპირ უნდა დავწეროთ: საქართველოს ჩემპიონატი უკეთესი უნდა იყოს არა მხოლოდ განათებით, ტრანსლაციებითა თუ მინდვრებით, არამედ სათამაშო დონით. არსებობს ამ დონის ამაღლების ორი გზა და კარგი იქნება, თუ ამ ორივე გზას კომბინირებულად გამოვიყენებთ, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად დაგვჭირდება.

გზა პირველი: ჩამოვიყვანოთ კვალიფიციური ლეგიონერები, თუნდაც ისეთები, საქართველოს ჩემპიონატს ტრამპლინად რომ გამოიყენებენ. სწორი ძიების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია. დღემდე არ ვიცი, რატომ არ ითვისებენ ქართული კლუბები აფრიკულ ბაზარს. იქ უამრავი ტალანტია და, რაც მთავარია - ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენს კლუბებში შტატები ისედაც გაბერილია. იქ ბევრი ისეთი მუშაობს, არაფერს ან თითქმის არაფერს რომ არ აკეთებს და რა მოხდება, საფეხბურთო ალმასებითაც მდიდარ აფრიკაში რომ მიგვევლინებინა ვინმე? დიდი კლუბები იქ ტალანტებს ისრუტავენ, მაგრამ ჩვენთვის საკმარისი ყოველთვის დარჩება. მერე იმ ტალანტს გაზრდი და ორ-სამ წელიწადში კარგად გაყიდი.

ბევრი ტალანტია ბრაზილიაში. ჩვენში ამბობენ, რა გვინდა იქ, ჩვენი პირობებით მხოლოდ პლაჟის ფეხბურთელებს თუ ჩამოვიყვანთო. არა, ბატონებო! ჩვენ გვახსოვს რამდენიმე მართლა კარგი ბრაზილიელი საქართველოს ჩემპიონატში. ფეხბურთელები, რომლებიც იქაური უმაღლესი ლიგის გუნდებში ვერ ხვდებიან, მისწრებასავით იქნებიან ჩვენი გუნდებისთვის.

გზა მეორე: დავაბრუნოთ საქართველოს ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერები. მასობრივად ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ამ ხალხს მიაჩნია, რომ თუნდაც საშუალოზე დაბალი დონის ევროპულ გუნდში გადასვლით უკვე გადადგა ნაბიჯი წინ და ახლა აღარ უნდათ, რომ ორი ნაბიჯი უკან გადადგან. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება მათთვის უეჭველ რეგრესთან ასოცირდება.

ჩემი პირადი აზრია: პირველი გზა უფრო რეალური ჩანს, ვიდრე მეორე, მაგრამ ფაქტია, რომ ორივეს ძალიან სჭირდება ფული და თუ ფული არ იქნება, ჩვენი ჩემპიონატის პროგრესის შესახებ შეთხზული თუ შესათხზველი მითები კეთილ ზღაპრად დარჩება.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა რაც დაიწყო, ჩვენი კლუბების მესვეურები პირად საუბრებში ხშირად ჩივიან: პირდაპირ ბიუჯეტზე რომ ვიყავით მიბმულნი, მაშინ მეტი გვქონდაო.

ერთი მხრივ, ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, შენ ხელის განძრევა არ გინდა? ბევრს მართლა არ უნდა. სახელმწიფო გეუბნება, მე გეხმარები, შენ კი ხელი გაანძრიე, იპოვე სპონსორი და გვერდში დაგიდგებიო. ამაზე კარგი სიტყვა რთული საპოვნელია...

რა ხდება რეალურად? ჯერ ერთი, ჭირს სპონსორის მოძებნა და თითო-ოროლა გამონათებას თუ არ ჩავთვლით, თავსაც არავინ იკლავს მაინცდამაინც. სხედან თავიანთ თბილ ადგილებზე და ხელის განძრევა არ უნდათ.

ის ფული, რაც უნდა მოვიდეს, მინიმუმზე ცოტა მეტი, მაინც მოვა. დასახარჯი დაიხარჯება. გაკეთდება საქართველოს კვალობაზე საშუალო გუნდი და ჯიბეში ჩასადები ჯიბეში ჩაიდება. მერე, ვის სჭირდება ასეთი გუნდები და ასეთი ფეხბურთი?

ჯერ ერთი, ინვესტორები ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადების სურვილით თავს არ იკლავენ და მეორეც - თუ გამოჩნდა ვინმე, კლუბში ძველი ხელმძღვანელები მათ მაინცდამაინც დიდი სიხარულით როდი ხვდებიან. ახალი ინვესტორის მოსვლა კლუბში საკადრო რყევებს ნიშნავს და ეს, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, დამხვდურებს არ ეპიტნავებათ.

ამბობენ, ჩვენში რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამაა, დაახლოებით ისეთი იყო ბელორუსში და ჩვენ ახალი ველოსიპედი სულაც არ გამოგვიგონებიაო. როგორც უნდა იყოს, ამ პროგრამაზე მაინც ბევრია ნაფიქრი და ამას ვერავინ უარყოფს.

ახლა უნდა დავწერო ის, რაც ალბათ ბევრს გაანაწყენებს, მაგრამ არც წაყრუება ივარგებს: სახელმწიფოს და ფეხბურთის ფედერაციის ადგილზე რომ ვიყო, დავაწესებდი კონკრეტულ ვადას და ვინც ამ ვადაში ვერ მოძებნიდა ინვესტორს, შევუწყვეტდი დაფინანსებას.

აბა, სხვანაირად რა გამოდის? - სახელმწიფოს ფული კარგია, მაგრამ თუ ინვესტორები არ მოვიზიდეთ, გავა ეს 5 წელიწადი, ძალიან მალე გავა და ჩვენ ზუსტად ისეთივე ჩემპიონატი შეგვრჩება ხელთ, როგორიც დღეს გვაქვს. გვინდა ეს?

ქართულ ფეხბურთში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კასტა, რომელსაც ძვალსა და რბილში გაუჯდა განცდა, რომ სწორედ ის უნდა იყოს კლუბის სათავეში. თითქოს, მათ ეს პატივი მემკვიდრეობით ერგოთ...

ამასობაში ჩვენი ვენახი (ქართული ფეხბურთი) ჩანაგდება და ჩანაგდება. მას მხოლოდ კარგი მეურნე (სპონსორი) თუ უშველის და არა ისეთი ადამიანები, წელიწადში ერთხელ, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით რომ გადიან ვენახში. მეორედაც გადიან, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ მწირი მოსავალი აიღონ. თვითონ ხომ ეყოფათ და სხვას აღარ დაეძებენ.

სამწუხაროდ, არის დღეს ხალხი ქართულ ფეხბურთში, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს ხედავენ იქ და არავის სხვას. მიაჩნიათ, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყვნენ იქ, სადაც არაერთი წლის განმავლობაში არიან...

არადა, მათი გაკეთებული საქმეები უკვე კარგად ვნახეთ და ვერაფრით ვიტყვით, რომ ამ საქმეებმა ჩვენს ფეხბურთს ბევრი არგო. ახალი ხალხის, საქმეზე შეყვარებულის და პატიოსანი ხალხის მოსვლის დროა ჩვენს ფეხბურთში და თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენი სახელმწიფოსა და ფედერაციის ერთობლივი პროექტიც ისე დალევს ჩაილურის წყალს, როგორც აქამდე არაერთ პროექტს დაულევია.

ასე იყო მუდამ და ასე იქნება მანამ, სანამ მტკვარი აღმა არ დაიწყებს დინებას - კადრები ყოველთვის, ყველა დროში გადაწყვეტენ ყველაფერს და განწირულია ნებისმიერი მმართველი, ვისაც კადრები არ უვარგა.

რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?
მგონი, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
aleko icocxle da idgirgdzele megobaro.hen xar is adamiani vinc koveltvis simartlis mxares xar da hehmaritad guli hegtkiva.
TAMAZIKO
13:17 25-01-2017
0
გულშემატკივართა აქტიურობა განსაზღვრავს ქვეყანაში ფეხბურთის დონეს. ისლანდიელი ხალხი და ისლანდიის პრეზიდენტი ამის კარგი მაგალითია. ვისწავლოთ გულშემატკივრობა!
Vep1963-ს
11:49 25-01-2017
1

სიახლეები პოპულარული