"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?

AutoSharing Option
2017 წლის ჩემპიონატი ახლებური სისტემით და განსხვავებულ დროში ჩატარდება. გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლამ სატრანსფერო ბაზარზე გუნდების აქტიურობის დრო შეცვალა - ადრე ეს პროცესი დეკემბერში იწყებოდა და პიკს იანვარში აღწევდა, ახლა კი ვადამ ერთი თვით გადმოიწია, იანვარში დაიწყება და თებერვალში დასრულდება, რადგან სეზონი მარტში დაიწყება და ეს კლუბებს ლავირების უფლებას აძლევს...

მაგრამ ეს ფინანსური მდგომარეობითაც არის გამოწვეული. განსაკუთრებულად სპეციფიკური ვითარება სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბებშია: მათ მოკრძალებული ბიუჯეტები აქვთ, სახსრებს უფრთხილდებიან და უმრავლესობას სასურველ ფეხბურთელებთან კონტრაქტები სეზონის დასრულებისთანავე, დეკემბერში ამის გამო არ გაუფორმებია
- ასე ერთი თვის სახელფასო ბიუჯეტის ნაწილის ეკონომიას აკეთებენ. მათი შეზღუდვებით კერძო საკუთრებაში მყოფი გუნდები სარგებლობენ, რომელთაც ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სახსრებს მისივე მფლობელები ახარჯავენ. ისინი ამ კუთხით სხვებზე წინ არიან.

სწორედ ამის გამო აღმოჩნდა მოულოდნელი და სასიამოვნო ქუთაისის "ტორპედოს" მმართველების აქტიურობა, რომელიც ასევე სახელმწიფო ბალანსზე იმყოფება. მართალია, კლუბის პატრონობა ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას სურს და ურთიერთობის იურიდიულ დაკანონებამდეც მოახმარა გუნდს ფული, მაგრამ მომავალში გახდება თუ არა "ტორპედოს" მეპატრონე, ეს ჯერაც უცნობია.

ცნობილია, რომ დეკემბრის შემდეგ ქუთაისელთა თავკაცებმა მოახერხეს და დაიბრუნეს ნიკა საბანაძე, გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური, გადაიბირეს ბიძინა მახარობლიძე. მთლად ცინცხალი ამბავი კი ეს არის - "ტორპედომ" ქუთაისელი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი კუხიანიძე დაიბრუნა.

24 წლის ნახევარმცველს საინტერესო ისტორია აქვს: ბავშვობიდან იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ მოთამაშეს. 2009 წელს, 16 წლისა, "ტორპედოს" მთავარ გუნდში ირიცხებოდა და 17 წლის რომ შესრულდა, "ზესტაფონის" წინააღმდეგ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემდეგ მოედანზე კიდევ რამდენჯერმე გავიდა.

მაგრამ, რატომღაც, შემდეგ ფეხბურთზე გული აუცრუვდა - ქუთაისური კლუბის დუბლშემადგენლობაში 2011 წელს გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ დააბრუნეს, რომლებიც მაშინ "ტორპედოს" მწვრთნელებად მუშაობდნენ. "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში კუხიანიძე სტაბილურად სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა.

2014 წლის დასაწყისში ნახევარმცველი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, ჩემპიონატის დასრულებისთანავე კი ხელშეკრულება ქობულეთის "შუქურასთან" გააფორმა. "ტორპედოში" 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა, მთელი სეზონი ითამაშა და გუნდის კაპიტნად აირჩიეს. მაგრამ ზაფხულში, არსებული ფინანსური პრობლემებისა და გაუგებრობის გამო გუნდის დატოვება მოუხდა და კონტრაქტი თბილისის "ლოკომოტივთან" გააფორმა.

როგორც ჩანს, კუხიანიძისა და სხვა ცნობილი სახეების დაბრუნება შემთხვევით არ ხდება, რადგან ქუთაისის მერიაში "ტორპედოს" გაყიდვისა და, აქედან გამომდინარე, დამატებითი ინვესტიციების მიზიდვის იმედი გაუჩნდათ. ამაზე გუშინდელი სიახლეც მეტყველებს: ოფიციალურად დადასტურდა ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ამასწინანდელი სიტყვები - უახლოეს მომავალში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს აუქციონზე გაიტანენ.

მანამდე მერიამ "ტორპედოს" შეფასება გადაწყვიტა და ამის თაობაზე ხელშეკრულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გააფორმა. ბიურომ ექსპერტიზა უკვე ჩაატარა, რაშიც კლუბის აქტივები და სხვადასხვა დეტალი გაითვალისწინა და "ტორპედო" 700 ათას ლარად შეაფასა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აუქციონზე საწყისი ფასი სწორედ ეს თანხა იქნება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ძველი ამბების გათვალისწინებით, უცნაურად ჩანს: შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია "ტორპედოს" გაყიდვას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად აპირებდა. მაშინ საფეხბურთო კლუბის შეძენა ირანელ ბიზნესმენებს სურდათ, რომლებიც კლუბში მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტირებას აპირებდნენ. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ კლუბს ერთ ლარად (ოღონდ, ინვესტიციების განხორციელების პირობით), ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა შეიძენდა, რომელიც "ტორპედოს" წლიურად 500 ათასი ლარით დაფინანსებასა და ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავდა.

კლუბი ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად მოხერხდება? ან ზაფხულის შემდეგ ისეთი რა შეიცვალა, რომ ქართული კლუბის შეძენის მსურველთა რიგები დადგა და მათში საუკეთესოს გამოსარჩევად აუქციონები დაგვჭირდა?

ჩვენ ის გვაფრთხობს, "ტორპედოში" კერძო მესაკუთრის მისვლა კიდევ არ გაიწელოს, რადგან საქართველოში კლუბის გასხვისებისა და სხვა საფეხბურთო საკითხთან დაკავშირებული ტენდერების თუ აუქციონების ჩატარების ცუდი გამოცდილება გვაქვს. ამის მაგალითად, ბათუმის, ფოთისა და ზუგდიდის სტადიონების ტენდერები იკმარებს.

ღმერთმანი, გაგვიხარდება, რომ ვცდებოდეთ და იქნებ ვინმე ღვთისნიერმა აუქციონზე ქუთაისის "ტორპედოში" 70 მილიონი დოლარიც გადაიხადოს. ამით ქუთაისის ბიუჯეტიც შეივსება და კლუბსაც ეშველება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ქუთაისელებო რა გახდა 700 ათასი როგორ ვერ უნდა შეაგროვოთ რომ თქენი გახდეს ტორპედო. გუნდი იქნება ხალხის საკუთრება.
0
leqso
ჰო მართალი ხარ, მექანიკური შეცდომაა, შეეძლო მოდერატორსაც გაესწორებინა მაგრამ არ ეცალა ალბათ :)
Jango
18:16 04-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული