სიონი-დილა 2:0 - როცა ვოლკოვი მართლა მგელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლნისის "სიონმა" მშობლიურ არენაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და უმაღლეს ლიგაში დარჩენის რეალური შანსი შეინარჩუნა. მით უმეტეს, "სიონის" მთავარმა კონკურენტმა "ზუგდიდმა" გამანადგურებელი გასვლითი მარცხი იწვნია ბათუმში.

უნდა ითქვას, რომ ბოლნისელთა წარმატება აშკარად კანონზომიერი იყო. ის კი არა, რიგ ეპიზოდებში "სიონის" შემტევებს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ და გორელთა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი არ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა.

"დილას" არადამაჯერებელი თამაში საკადრო პრობლემებით უნდა აიხსნას. როგორი საქმეა - გორელებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფორვარდი - ირაკლი მოდებაძე და ნიკა გელაშვილი აკლდათ.
ვერ ითამაშა გიორგი ერისთავმა, თადარიგში იყო გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე...

მთლიანობაში, საინტერესო და ცოცხალი თამაში იყო. დაძაბულობა მინდორზე წამითაც არ განელებულა და ერთხელ კინაღამ გუნდური ჩხუბის მომსწრენიც გავხდით. ტრიბუნებზე კი ორივე გუნდის ფანობა აქტიურობდა.

სტუმარმა ხუთი მცველით დაიწყო თამაში, თუმცა გორელთა შეტევისას მათი რაოდენობა ერთით მცირდებოდა. "სიონმა" კი მობილურად ითამაშა. ბოლნისელი ფეხბურთელები არცთუ იშვიათად ცვლიდნენ სათამაშო პოზიციებს. მასპინძლები მეტოქეს ეული ცენტრფორვარდით, ირაკლი სიხარულიძით უტევდნენ, თუმცა მას აქტიურად ეხმარებოდნენ დავით ვოლკოვი და გიორგი ჯანელიძე.

ისე მოხდა, რომ "სიონმა" პირველივე ტაიმში მოათავა საქმე. ბოლნისელები იმდენად მოტივირებულები გამოვიდნენ მათთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩის სათამაშოდ, რომ დასაწყისიდანვე ცხადი გახდა - მათი შეჩერება ძალიან გაჭირდებოდა. რთულ დროს გუნდს ძალიან წაადგა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ლადო ბურდულის დარიგებები. მან იმდენი ენერგია დახარჯა თამაშის დროს, ბარე ორ მატჩს ეყოფოდა...

ცალკე უნდა ითქვას დავით ვოლკოვის თაობაზე. თბილისის "დინამოს" ყოფილი შემტევი, რომელიც გუშინ ძირითადად ფლანგიდან უტევდა მოწინააღმდეგის კარს, აშკარად საუკეთესო იყო. გააზრებულად მოთამაშე ვოლკოვმა გოლიც გაიტანა, მაგრამ საქმე მხოლოდ გოლში როდია. საინტერესოა, რატომ ვერ გამოადგა ის თბილისის "დინამოს"?

მატჩის დასაწყისიდანვე დიდი ჯაფა დაადგა გორელთა მეკარე მუჯრიშვილს. უკვე მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა ფლანგელ ნახევარმცველად გამწესებულ, ძალიან აქტიურ გურამ გიორბელიძეს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

მე-20 წუთზე გორელთა მეკარემ პატარა სასწაული მოახდინა - მუჯრიშვილმა, ვინც მანამდე გიორგი ჯანელიძესა და ლაშა კასრაძეს არ გაატანინა, გიორბელიძეს ურთულესი ბურთი აუღო. დაჩი ფოფხაძის გადაცემის შემდეგ გიორბელიძე ორიოდე მეტრიდან ურტყამდა, თუმცა გორელთა კიპერმა რეაქცია და კუთხის ჩაკეტვა მოასწრო.

24-ე წუთზე "დილამ" ანგარიში გახსნა. სტუმარმა მცველმა რომარიკ ეტუმ საჯარიმოში ვოლკოვი წააქცია. 11-მეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა. ვოლკოვმა ყველაფერი იუველირის სიზუსტით გათვალა. მუჯრიშვილი თითქოს მისწვდა ბურთს, თუმცა ის ჯერ ძელს მოხვდა და ისე გავიდა კარში.

მალე "სიონის" უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ბურთი ჯანელიძემ მოიხელთა და ლაშა თოთაძეს გაატანა. ფლანგზე გამწესებულმა ბოლნისელთა დაცვის ლიდერმა საჯარიმოში კარგად გახსნილ სიხარულიძეს უზუსტესად უპასა და მისი თავური ზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა შეცვლებით სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ორი მომენტი ისევ "სიონს" ჰქონდა. ჯერ იყო და, ვოლკოვმა მაგრად წაიღო ბურთი, რამდენიმე მეურვეს გასცდა, თუმცა საუცხოოდ მოთამაშე მუჯრიშვილს ვერ აჯობა, მერე კი აქტიურ ჯანელიძეს ისევ გორელთა მეკარემ არ გაატანინა.

ამ უკანასკნელმა გუშინ მართლაც ყველაფერი გააკეთა გამოცდილ ლაშა სალუქვაძესთან ერთად იმისთვის, რომ "დილას" არ წაეგო, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ორის მცდელობა ბევრს ვერაფერს წყვეტს. თამაში ისე მორჩა, "დილას" ხეირიანი მომენტიც არ შეუქმნია მეტოქის კართან. გორელ შემტევთაგან ყველაზე აქტიური ისევ შეცვლაზე შესული სოსო ჩახვაშვილი იყო...

უმაღლესი ლიგა. XI ტური. წითელი ჯგუფი
30.10. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-დილა 2:0
გოლები: 1:0 ვოლკოვი (24), 2:0 სიხარულიძე (30)
სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, კასრაძე, თოთაძე, გიორბელიძე, ვასაძე, ჯანელიძე (85. უგულავა), ძარია (65. სანტოსი), სიხარულიძე, ვოლკოვი (73. ზ. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: მერლანი, კობახიძე, ვასილიევი, სუშკინი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, პაპავა (56. ჩახვაშვილი), კოფი, ლომიძე (60. მათიაშვილი), ღონღაძე, ნონიკაშვილი, ბიასადილა, რომარიკი, ცაცკრიალაშვილი (70. გამცემლიძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ა. ჯანელიძე, კვახაძე, გავაშელიშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: სვანიძე (40), თოთაძე (79)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო ტური
5 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-ცხინვალი
შუქურა-დინამო (თბ)
ტორპედო-გურია

წითელი ჯგუფი
დილა-საბურთალო
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-სიონი

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6
გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული