"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ივნისში, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზე იყო. მაგრამ კლუბის გასხვისების პროცესის დასრულებას მხოლოდ ფორმალური მხარის მოგვარება აკლდა. დააანონსეს, რომ "ტორპედო" ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავიდოდა. მაშინ კლუბის მომავალი პრეზიდენტი, ბიზნესმენი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა წარუდგინეს - ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის სიძე.

"ჩვენი ჯგუფის მოსვლის მიზანია, "ტორპედო" ძლიერ კლუბად ვაქციოთ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება და ევროპულ ტურნირებზე სისტემატურად ითამაშებს", - ამბობდა მაშინ ჩაჩავა.

ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 3 ტურია გასული და "ტორპედო" თავს ჯერჯერობით ვერაფრით მოიწონებს -
მხოლოდ 2 ქულა აქვს და გოლიც არ გაუტანია. მაგრამ ჩაჩავას გუნდის ლეგიონერებით გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი ჩანაფიქრებიც აქვს.

"ლელომ" მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა...

რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი?
- კლუბში მეგობრებთან ერთად მოვედი, ვიცე-პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილია, გოგა გახოკიძე კი - ჩემი მრჩეველი. მართალია, საფეხბურთო ცხოვრებაში მმართველის როლში აქამდე არასოდეს ვმონაწილეობდი, მაგრამ ფეხბურთი მთელი ცხოვრება მიყვარს და მასთან შეხება სულ მქონდა.

ახლა ჩავერთე და ვიცოდი, რომ რთული საქმე მელოდა. მაგრამ არ მეგონა, ასე თუ ჩამითრევდა. ფეხბურთი და გუნდის შენების სურვილი ძალიან აზარტული რამაა. მე ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და "ტორპედოს" ისე გაძლიერება მსურს, რომ სულ ლიდერებში ვიყოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ახლა გუნდის ფეხზე დაყენებას ვცდილობთ.

- ქართულ ფეხბურთში ახლა უმძიმესი მდგომარეობაა. მაგრამ წლეულს ზაფხულში კლუბებისკენ რამდენიმე ბიზნესჯგუფმა გამოიხედა, მათ შორის - უცხოურმაც...
- იმიტომ, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა საინტერესო დოკუმენტია და მიმაჩნია, რომ ამან უნდა იმუშაოს. ეს ნაბიჯი იმიტომაც გადავდგი, რომ პროგრამამ დამაიმედა. შესაძლოა, გუნდები მთლად ვერ აშენდნენ, მაგრამ 5 წლის განმავლობაში სტაბილური დაფინანსება პროგრესის წინაპირობა უნდა გახდეს - შეკრება, მომზადება, ტრანსპორტირება, ბურთები და ეკიპირება პრობლემა აღარ იქნება და წესით, უკეთესი ჩემპიონატი უნდა მივიღოთ. ეს პროგრამა ყველა კლუბმა სწორად უნდა გამოიყენოს, თანხები სწორად უნდა დახარჯოს...

ფოცხვერია და ბოკერია ტორპედოში
- თანხების სწორად განკარგვაში რას გულისხმობთ?
- პირადად ჩემი ინტერესია, რომ ძლიერი საფეხბურთო სკოლა დავაფუძნოთ, რომელიც ქუთაისელ და მიმდებარე რეგიონების ნიჭიერ ბავშვებს მოიზიდავს და დღევანდელივით ყველა თბილისში არ წავა. ესაა ჩემი აზრით ფულის სწორად ხარჯვა - ინვესტირება მომავალში. ქუთაისსა და იმერეთში ვარსკვლავები მუდამ იბადებოდნენ და იბადებიან, მაგრამ ადრინდელივით ხელშეწყობა აღარ ჰქონდათ და ღირსეულ შევსებას ვეღარ ვიღებდით.

- გჯერათ, რომ საქართველოში ევროპული დონის გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი?
- მჯერა და თანაც, ეს ადგილობრივი რესურსითაცაა შესაძლებელი. დროთა განმავლობაში, აუცილებლად ასეც მოხდება.

მოკლედ, ამ საქმის მიხედვა გადავწყვიტეთ და მეამაყება, რომ "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლაში ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტი თემურ ფოცხვერია მოვიყვანეთ, ვისაც ყაზაიშვილი, ჭანტურია, პარუნაშვილი, ტვილდიანი და 1993 წელს დაბადებული ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაუზრდია.

ამას გარდა, ჩვენთან იმუშავებს ზაზა ბოკერია, რომელმაც ქართველებს რეკომენდაცია "ფრაიბურგში" გაუწია, ბოლო წლებში კი "ვიტესის" სელექციონერად მუშაობდა. ფოცხვერიასა და ბოკერიას ძალიან დიდი იმედი მაქვს. ორივე ცნობილი სელექციონერია, ქუთაისში კი იმდენი ტალანტია, სამუშაო არ დაელევათ.

კლუბის გადმოცემის პროცესი მალე დასრულდება
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უცნაურია, რომ ფორმალობის მოგვარება ძალიან გაიწელა და ჯერ კლუბის გადმოცემის პროცესი არ დასრულებულა...
- დიახ, ასეა. მესმის, რომ ერთი შეხედვით ეს უცნაურად ჩანს. უბრალოდ, გუნდი დაშლის პირას იყო, ფორმა და შეკრების ფული არ ჰქონდა, მწვრთნელის საკითხი გაურკვეველი გახლდათ და ფეხბურთელები გარბოდნენ. ეს ყველაფერი რომ ვნახე, განზე გაწევა არ მსურდა და ამ საკითხის მოგვარებამდე მოვედი.

ახალი გუნდის შექმნას ბევრად დიდი დრო და ენერგია დასჭირდებოდა, ვიდრე არსებულის შენარჩუნებას. ვისი შენარჩუნებაც შევძელით, დავტოვეთ. ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, იურიდიული საკითხების მოგვარება დროულად ვერ მოხერხდა. "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზე იყო და შეთანხმება არსებობს, ჩვენი ბიზნესჯგუფის ხელში გადმოვიდეს. ეს პროცესი უახლოეს დროში უნდა დასრულდეს.

- სახელმწიფოს აწყობს, რომ საფეხბურთო კლუბი ბიზნესს გადასცეს და ხარჯი მოიშოროს. თქვენ კი "ტორპედოს" შეძენა გსურთ - აბა, გარიგების დაკანონებას ხელს რა უშლის?
- არაფერი არ უშლის, უბრალოდ, იურიდიული საკითხები ასე სწრაფად ვერ გვარდება.

- სხვაგან ეს პროცესი სწრაფად დაასრულეს...
- საქმეც ისაა, რომ ჩვენ სპონსორად კი არ მოვედით, არამედ, კლუბის გამოსყიდვა გვსურს. ამიტომ, ყველა საკითხი დეტალურად განიხილება. გარდა ამისა, დასაზუსტებელია, "ტორპედოს" სტადიონთან და ბაზასთან ერთად ვყიდულობთ თუ მხოლოდ ბაზას გადმოგვცემენ.

- ქალაქს სტადიონის გადმოცემა არ სურს?
- პირიქით, ყველანაირად ხელს გვიწყობენ. უბრალოდ, ცდილობენ, სწორი პაკეტი გადმოგვეცეს და იურიდიული ხარვეზი არ დარჩეს - ასეთი ამბები ხომ ყოველდღიურად არ ხდება. მაგრამ სტადიონს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ქალაქის ბიუჯეტიდან ინახავენ და ქუთაისის მერია, შესაძლოა, სწორედ ამ ხარჯში შემოგვეშველოს - სტადიონს მოუაროს, რაც ქალაქის ვალდებულებაა, გუნდს და ბაზას კი ჩვენ მივხედავთ.

- პროცესი როდის უნდა დასრულდეს?
- დღე-დღეზე. ჩემი ვარაუდით, საკითხი 10 სექტემბრამდე უნდა დაიხუროს.

დინამოზე არანაკლები ინვესტიცია
- ქართულ ფეხბურთში, მყარ ფინანსურ საფუძველზე ხან "დინამო" იდგა, ხან "სამტრედია", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "სიონი", "ზესტაფონი" და გორის "დილა". მაგრამ თითქმის, არასოდეს ყოფილა ფინანსურად ძლიერი ორი-სამი გუნდი და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ჩემპიონატმა მაყურებლის ინტერესი რომ დაკარგა. "აიაქსი"-"ეინდჰოვენის" ან "შახტარისა" და კიევის "დინამოს" მსგავსი დაპირისპირება უმაღლეს ლიგას ჰაერივით სჭირდება...
- კონკურენციის გაზრდა ჩემპიონატის დონესაც გაზრდის. ამას კი "ტორპედოს" გაძლიერება აუცილებლად შეუწყობს ხელს.

- ბრძანეთ, რომ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება გსურთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ეს სოლიდური ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია...
- ჩვენ სოლიდური ფინანსების დაბანდებას ვაპირებთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

- მერედა, გაქვთ კი იმხელა ფინანსები, რომ თბილისის "დინამოს" კონკურენცია გაუწიოთ?
- ხმამაღალი ნათქვამი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და თბილისის "დინამოს" სერიოზული კონკურენტი გავხდეთ. მიმაჩნია, რომ ამით თავად "დინამოს" გავუწევთ დიდ სამსახურს. სხვათა შორის, ეს თავად რომან ფიფიამაც თქვა - "დინამოს" მდიდარი და ძლიერი კონკურენტები სჭირდება, მხოლოდ ერთი კლუბით ჩემპიონატი და მისი დონე ვერ გაიზრდება. ჩემპიონატით მაყურებელიც არ დაინტერესდება. კლუბების გაძლიერებით ჩვენ ერთმანეთს და ქართულ ფეხბურთს გავაძლიერებთ.

რაც აქამდე მოვახერხეთ, ეს მაქსიმუმი არაა. სათითაოდ ყველა კარგი მოთამაშეა ჩვენთან, მაგრამ შესათამაშებლად და გუნდის ასაწყობად დროც გვჭირდება და გაძლიერებაც.

მალე ლეგიონერები ჩამოვლენ
- მოთამაშეთა ნაწილობრივ შენარჩუნება და ახლების მოთამაშეების მოყვანა მოახერხეთ. თუმცა, "ტორპედოს" ჯერ მხოლოდ 2 ქულა აქვს...
- ჩვენ საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ორ თვეში მაქსიმუმი გავაკეთეთ, თითოეული ახალი ფეხბურთელის მოყვანაზე კი დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები გვყოლოდა. მაგრამ სელექცია დღემდე არ დაგვისრულებია.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და მანამდე ზოგ პოზიციაზე გაძლიერება უნდა მოვასწროთ.

- კონკრეტულად, რომელ პოზიციებზე?
- ჩვენ თავდასხმაში კვერნაძე და კაპანაძე გვყავს, მაგრამ კიდევ ერთის დამატება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებაც არ გვაწყენდა.

- მართალია, რომ ფეხბურთელებს ესპანეთიდან ელოდებით?
- დიახ, ასეა. უახლოეს დღეებში ესპანეთიდან რამდენიმე მოთამაშე უნდა ჩამოვიდეს.

- რა დონის ფეხბურთელები არიან?
- ორი მათგანი ლა ლიგაში წლეულს გადასული ვიტორიის "ალავესის" მოთამაშეა, ერთიც - ფრანგული კლუბიდანაა. მათზე ინფორმაციებს დეტალურად ვამოწმებთ, ტრანსფერი კი უნდა მოვასწროთ.

მაგრამ არ გვინდა, ამ სიჩქარეში შეცდომა დავუშვათ. ძლიერი ლეგიონერები გვჭირდება და არა ისეთი, ხალხმა რომ აგინოს. ქუთაისელ გულშემატკივარს შავი და თეთრი ერთმანეთში არ ერევა. სხვათა შორის, ვიტორია ქუთაისთან დაძმობილებული ბასკური ქალაქია.

ჩვენ უმაგრესი ფანები გვყავს - მათი გაღიზიანებისა და უკმაყოფილების მიზეზები კარგად მესმის. მაგრამ "ჯუნგლები" და მისი ლიდერი ლევან დანელია გვერდზე დამიდგნენ და მჯერა, ჩვენ "ტორპედოს" ერთად გავაძლიერებთ. პირობას ვდებ, რომ მალე ქუთაისელები ისეთ "ტორპედოს" ნახავენ, რაც მათ გულებს გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
ჩიხურას ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გყავს სათავეში.
გოგი
11:25 29-08-2016
0
ტორპედოს სტადიონის უბანში და არა მხოლოდ აქ ბევრი ღირსეული ფეხბურთელი იზრდებოდა,მრავალი წლებია ბალახებითაა გადაჯეჯილებული ტორპედოს სტადიონის დამხმარე სტადიონები,ახალგაზდრობას შიგ არ უშვებენ,ჩანასახშივე კლავენ ფეხბურთისადმი სიყვარულს !
Besiki LLL
15:01 28-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული