უმაღლესი ლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც საინტერესო ტური გამოვიდა: სასტარტოსაგან განსხვავებით, აღარც უღიმღამო ნულოვანი ფრეები სჭარბობდა და იმავე სასტარტოსგან განსხვავებით, უხვგოლიანიც გამოდგა.

თავად განსაჯეთ: თუ პირველი ტურის ექვს მატჩში მხოლოდ 6 გოლი გავიდა, ამჯერად უკვე 22 გოლი ვიხილეთ! ანუ საშუალოდ 3,6 გოლი - მატჩში. ეს კი, დაგვეთანხმებით, მართლაც მშვენიერი შედეგია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, თუ რა კლიმატურ პირობებში მოუწიათ მეორე ტურის მატჩების ჩატარება ჩვენს გუნდებს.

ჰო, ჯერჯერობით, ისევ ძალიან ცხელა, მაგრამ, თურმე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებშიც შესაძლებელი ყოფილა შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის ჩვენება.

ლიდერი
ოთხია თუ ექვსი?
მეორე ტურის ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთი დამთავრდა საყაიმო ანგარიშით, ერთ დაპირისპირებაში ორბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი დიდი ანგარიში დაფიქსირდა!

ყველაზე უცნაური სწორედ ეს იყო, რამეთუ ერთი მატჩის (თბილისის "დინამო"-"გურია") გარდა, ვერც ერთ წყვილზე ვერ ვიტყოდით, რომ გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავსო.

აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ "კოლხეთი" საშინაო მატჩში 0:5-ს წააგებდა ბათუმის "დინამოსთან"? აღასანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის 27-წლიან ისტორიაში პირველად სწორედ ახლა მოხდა, როცა ბათუმის "დინამომ" შეძლო და თავის ძველ მეტოქეს ასეთი ანგარიშით მოუგო გასვლაზე.

საერთოდ კი, ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში 15 წელიწადი არ ჰქონდა სტუმრად 5:0 მოგებული! ამ წარმატებული სტარტით კი ლევან ხომერიკის დამოძღვრილი გუნდი "წითელი ჯგუფის" ლიდერი გახდა, თუმცა მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს "სამტრედიას", გუნდს, რომელიც, წინა სეზონის მსგავსად, ამჯერადაც ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

არც ის ფაქტი უნდა ყოფილიყო გასაკვირი, გია ცეცაძის გუნდმა პირველსავე საშინაო მატჩში დიდი ანგარიშით რომ გაიმარჯვა.

სამაგიეროდ, ამ ახალი, გარდამავალი ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა "სიონის" ზედიზედ ორი მარცხია. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლნისურ კლუბში უამრავი ახალწვეულია და არმაზ ჯელაძის გუნდის სასტარტო ფიასკოც ფეხბურთელთა შეუთამაშებლობას უნდა დავაბრალოთ.

...ბათუმის "დინამოს", "სამტრედიას", თბილისის "დინამოსა" და "ჩიხურას" 4-4 ქულა აქვთ და სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ თავიანთ ჯგუფებში. ანუ 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი არავის მოუგროვებია, თუმცა 100-პროცენტიანი შედეგის მქონე 2 გუნდი მაინც გვყავს: "დილამ" და "საბურთალომ" თითო მატჩი ჩაატარეს და თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

აი, ასეთ "არათანაბარ" პირობებში იქნებიან გუნდები ჯერ პირველი წრის ბოლომდე, მერე კი - მეორე წრის დასასრულამდე. მიზეზი კი ყველასთვის ნაცნობია: ყველა ტურში ხომ ორივე ჯგუფის თითო გუნდი ისვენებს.

სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები
პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში. ლეგიონერებზე ცალკე ვისაუბრებთ, მანამდე კი ის ქართველი ფეხბურთელები გვინდა გაგაცნოთ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მატჩები რომ ჩაატარეს:
24 წლის გიგა მამულაშვილი, 22 წლის ლაშა ომანიძე (ორივე - "შუქურა"), 20 წლის ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი"), 21 წლის გურამ ლუკავა ("კოლხეთი"), 18 წლის გიორგი კურმაშვილი, 23 წლის იოსებ ჩახვაშვილი (ორივე - "დილა").

აღსანიშნავია, რომ "დილას" ახალწვეულმა ცენტრფორვარდმა იოსებ ჩახვაშვილმა (საქართველოში ირანსა და სომხეთში გატარებული პერიოდის მერე რომ დაბრუნდა) უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩშივე შეძლო ასევე სადებიუტო გოლის გატანა.

ასევე პირველი გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში 19 წლის ნიკა ლაშხიამ ("ზუგდიდი").

ახალი ლეგიონერები
XXVIII ეროვნული ჩემპიონატი სულ ახალი დაწყებულია, მაგრამ კონკრეტულ სარეკორდო მაჩვენებელზე თქმა უკვე ახლავე შეიძლება: საქართველოს ჩემპიონატში ხომ უკრაინელი ლეგიონერების მოზღვავებაა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს ანატოლი ტიმოფეევმა (ბათუმის "დინამო"), იგორ ოზარკივმა და ვიტალი ივანკომ (ორივე - "კოლხეთი"). კიდევ 3 უკრაინელი ლეგიონერი კი თავის მეორე სეზონს ატარებს საქართველოს ჩემპიონატში: დმიტრო ზოზულია ("ზუგდიდი"), ვლადიმირ კორობკა ("კოლხეთი"), ევგენი მოროზენკო ("გურია").

და აი, მეორე ტურში კიდევ ორი უკრაინელი ლეგიონერის დებიუტიც შედგა ჩვენს ჩემპიონატში და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივეს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: 26 წლის ოლეკსანდრ ილიუშჩენკოვის ახალი გუნდიც ("სიონი") 1:4 დამარცხდა, ისევე, როგორც 26 წლის ოლეკსანდრ ერმაჩენკოს "ზუგდიდიც".

ლეგიონერების თემა გასულ ტურში სხვა მხრივაც "აქტუალური" იყო: ბათუმის "დინამოს" ახალწვეულმა შემტევმა, 26 წლის ლაზარ მარიანოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში!

პირველი გოლ(ებ)ი ახალი გუნდის მაისურით
ყოველი სატრანსფერო პაუზის დროს ჩვენთან ისეთი მიდი-მოდი აქვთ ფეხბურთელებს, თითქმის ყოველ ტურში მოგვიწევს იმ მოთამაშეთა აღნიშვნა, რომლებმაც ახალი გუნდის მაისურით შეძლეს გოლის გატანა.

ასე მოხდა II ტურშიც, როცა თავი გამოიჩინეს 29 წლის გიორგი ბერიაშვილმა ("შუქურა"), 28 წლის გიორგი გამყრელიძემ ("სამტრედია"), 23 წლის ელგუჯა ლობჯანიძემ (ბათუმის "დინამო"), 22 წლის ბაჩანა არაბულმა ("სამტრედია"), 21 წლის საბა ლობჟანიძემ ("ჩიხურა").

კიდევ ერთი ფეხბურთელიც გვინდა გამოვყოთ: "დილას" 20 წლის ნახევარმცველმა თენგიზ წიქარიძემ სწორედ ახლა შეძლო მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურით პირველი გოლის გატანა.

არის პირველი დუბლი!
პირველი ტურისაგან განსხვავებით, ამჯერად მართლაც უხვგოლიანი მატჩები გაიმართა და, რაც მთავარია, ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა კონკრეტული ფეხბურთელი: "სამტრედიის" 22 წლის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ "სიონთან" შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ახალ ჩემპიონატში პირველი დუბლის ავტორიც შეიქნა.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძემ გასული სეზონიც მშვენივრად ჩაატარა (16 გოლი) და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ოთარ მარცვალაძესა და გიორგი ქვილითაიას ჩამორჩა. ამიტომაც არ უნდა გაჰკვირვებოდა არავის, როცა გაზეთ "ლელოსა" და კომპანია "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის ლაურეატიც გახდა: "სეზონის აღმოჩენის" ნომინაციაში საუკეთესოდ სწორედ ბუდუ ზივზივაძე მივიჩნიეთ.

ისე, გასულ ტურში ორმა ვეტერანმა გოლეადორმაც გაიტანეს გოლები: 32 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა ("ჩიხურა") და 31 წლის ირაკლი მოდებაძემ ("დილა"). სწორედ ეს გამოცდილი ფორვარდები უნდა მივიჩნიოთ კიდეც ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირობის უმთავრეს კანდიდატებად...

ზივზივაძემ ორივე ტურში შეძლო გოლების გატანა და ასეთივე შედეგით მოიწონებს თავს კიდევ 2 ფეხბურთელი: ბათუმის "დინამოს" 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თეიმურაზ შონია და "სიონის" 21 წლის შემტევი დავით ვოლკოვი.

აღსანიშნავია, რომ ვოლკოვი ბოლნისური გუნდის ახალწვეულია (თბილისის "დინამოდან" იჯარით არის), თუმცა ამ ჩემპიონატში "სიონიდან" გოლები მხოლოდ მას გააქვს...

ყოჩაღი შემცვლელები, უიღბლონი და სხვა...
გასულ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო და შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა გოლი: 24 წლის თორნიკე მუმლაძემ ("ჩიხურა"), 22 წლის ვაკო თევდორაძემ (ბათუმის "დინამო"), აგრეთვე, ზემოთ უკვე ნახსენებმა გიორგი გამყრელიძემ ("სამტრედია") და ნიკა ლაშხიამ ("ზუგდიდი").

პირველ ტურში თუ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან, ამჯერად ორ ფებურთელს უჩვენეს წითელი ბარათი: ვაჟა ტაბატაძესა ("ტორპედო") და ომარ გოგონაიას ("კოლხეთი").

კიდევ ერთი უიღბლო "კოლხეთის" ახალწვეული ბიჭიკო გედენიძე გახლდათ, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა.

წარმატებული დაბრუნებები
ზემოთ დიმიტრი ტატანაშვილი ვახსენეთ. გამოცდილი ფორვარდი "ჩიხურაში" ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაბრუნდა და გოლიც გაიტანა!

ასევე გოლით დაბრუნდა (ოღონდ თავის მშობლიურ კლუბში) 20 წლის გიორგი პაპუნაშვილიც. ეს ნიჭიერი შემტევი თბილისის "დინამოში" ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა.

დაბოლოს, ამ ტურის კი არა, საერთოდ, ამ სეზონის ყველაზე ხმაურიან დაბრუნებაზეც: ყოველთვის შესაშური სტაბილურობით გამორჩეული ლაშა სალუქვაძე საქართველოს ჩემპიონატში სამწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაბრუნდა.

34 წლის სალუქვაძე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ბაქოს "ინტერში" გამოდიოდა, მანამდე კი ასევე წარმატებით თამაშობდა ყაზანის "რუბინში", რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი.

ტიტულები მას არც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის დროს აკლდა, როცა სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომოტივში", თბილისის "დინამოსა" და "დილაში" თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Samtrediis tamashis ganxilva rato ar devs... jurnalistebs dzinavtt... samtrediiss ganxinvals roar dadebt saertod razea saubarii..
dato
12:04 17-08-2016
0
ტურის მიმოხილვა თუ ჰქვია ირველ რიგში უპრიანია გუნდეის შეხვედრების შედეგები დადოთ და შემდეგ ისაუბროთ რომელმა ფეხბურთლმა და ტრანსფერმა გაამართლა!
გიორგი
08:33 17-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული