თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონთაშორის პერიოდში ქობულეთის "შუქურაში" ძალიან საინტერესო კონტინგენტმა მოიყარა თავი. თემურ შალამბერიძეს კარგი გუნდის დაყენება არ ესწავლება. ეგაა, უამრავ ახალწვეულს სათანადოდ შეთამაშება სჭირდება, დრო კი ძალიან ცოტაა.

"ლელო"ქობულეთელთა მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა...

- უპირველეს ყოვლისა, მოსამზადებელ პერიოდზე გკითხავთ. როგორ შეაფასებდით განვლილ ეტაპს?
- მართალია, მოსამზადებელი პერიოდი ქობულეთში გავიარეთ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ნაყოფიერი შეკრება. ჩავატარეთ რამდენიმე საკონტროლო მატჩი და ამ მატჩებში დავხვეწეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი.

- როგორც ვიცით, გუნდში არაერთი ახალწვეულია. მათ შორის, უკანასკნელ დღეებშიც
გამოჩნდნენ "შუქურაში" ახალი ფეხბურთელები. გვითხარით მათ შესახებ...

- მართლაც ძალიან ბევრი ახალწვეული გვყავს... ჩვენთან ითამაშებენ ლევან საბაძე და ლაშა ჯაფარიძე გორის "დილადან", გუნდში დაბრუნდა გიორგი ჩელებაძე, რომელიც ბოლოს "დილაში" იყო განათხოვრებული. დავიმატეთ ბაქარ მირცხულავა და გურამ ადამაძე ქუთაისის "ტორპედოდან". ეგაა, ადამაძეს მენისკი აწუხებს და ჯერ ვერ დაგვეხმარება...

დავიმატეთ საინტერესო ფეხბურთელი გოგა მამულაშვილი, რომელიც რუსეთში, კერძოდ "ვოლგაში" თამაშობდა. ის ამპლუით ნახევარმცველია. "ოდიშიდან" მოვიდა ლევან კუტალია. ლაშა ომანიძე ბოლოს ესტონეთში, ტალინის გუნდში თამაშობდა. "ბათუმიდან" ავიყვანეთ მეკარე შოთა მამინაშვილი. ამასთან, დარჩა ჩვენი გოლკიპერი ჯიოევი. აქ არის გიორგი ბერიაშვილი, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, კობა შალამბერიძე კი ბოლნისის "სიონიდან" მოვიდა.

- ადამაძის ტრავმაზე უკვე თქვით. სხვა ფეხბურთელები როგორ გრძნობენ თავს?
- არის მცირე დაზიანებები. მაგალითად, წელის პრობლემები აქვს გიორგი ჩელებაძეს...

- "შუქურა" კიდევ დაიმატებს ვინმეს?
- ველოდებით კოტდივუარელ მარცხენაფლანგელს, რომელიც ბოლოს მოლდოვის ჩემპიონატში თამაშობდა.

- შემადგენლობა მართლაც კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახალი გუნდის "აშენება" გიწევთ. ამან, შეიძლება, გავლენა იქონიოს ჩემპიონატის სტარტზე...
- სწორედ ესაა, რომ გვაწუხებს. შეკრებაზე ბოლომდე ვერ მოვასწარით რამდენიმე ტაქტიკური სქემის დახვეწა. ჩვენთან ხომ ეტაპობრივად მოდიოდნენ ფეხბურთელები...

- თან "შუქურა" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა...
- თუ არ ვცდები, სულ 10 ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო...

თქვენ სწორად შენიშნეთ - სტარტზე, შეიძლება, გაგვიჭირდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება, უმტკივნეულოდ გადავიაროთ. ძალიან მოკლე ჩემპიონატია და ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი ადევს.

- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?
- ამ ეტაპზე, არანაირი პრობლემა არ არის. ყველანაირი დავალიანება გასტუმრებულია...

- რას იტყვით ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩზე?

- ქუთაისში ვთამაშობთ. ყველამ კარგად იცის, "ტორპედო" რამხელა ტრადიციის კლუბია. მას ჰყავს ახალი ხელმძღვანელობა, ახალი მთავარი მწვრთნელი... ევროპის ლიგაზე სურთ გასვლა. მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და წესით, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. საამისოდ, ყველა წინა პირობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული