თბილისის "ლოკომოტივი" ავსტრიაში "ქასიმფაშასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ავსტრიაში მზადებას აგრძელებს. ბოლო დღეებში ჟერარდ სარაგოსა მულეტიმ გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა. დილით ძირითადი დრო ტაქტიკურ წვრთნას ეთმობა, საღამოს - ბურთთან ვარჯიშს.

მამია გავაშელიშვილი და გიორგი კუხიანიძე ტრავმირებულები არიან და ვერ ვარჯიშობენ. ორივე მათგანმა ქალაქ ნოიდორფში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. თბილისელები სტამბოლის "ქასიმფაშას" დაუპირისპირდნენ, რომელსაც ორი წლის წინ შოთა არველაძე ავარჯიშებდა...

თბილისელთა წინააღმდეგ ამა თუ იმ ეროვნული ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა - თორინ თუნაიმ, თურგუთ შახინმა, ადემ ბუიოკმა (ყველა - თურქეთი), სტრაილ პოპოვმა, ვასილ ბოჟიკოვმა (ორივე - ბულგარეთი), დავიდ
პაველკამ (ჩეხეთი), აგრეთვე, "პორტუს" ყოფილმა ნახევარმცველმა კასტრომ. თუმცა შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ერენ დერდიოკი მოედანზე არ გამოჩენილა.

თბილისური კლუბის პრესატაშის, ნოდარ სიმსივეს ცნობით, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მარცხის მიუხედავად, სარაგოსას გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 35-ე წუთზე ანგარიში კონტრშეტევის შედეგად "ჰამბურგიდან" იჯარით მოსულმა ბათუჰან ალთინთამ გახსნა.

"ქასიმფაშამ" ანგარიშის გაზრდა მეორე ნახევრის პირველივე წუთზე შეძლო: 46-ე წუთზე რევაზ თევდორაძის კარი "ლანსის" ყოფილმა ფორვარდმა ბენგალი-ფოდე კოიტამ აიღო. თბილისელები ამის შემდეგღა გააქტიურდნენ.

64-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა ირაკლი კლიმიაშვილი, რომლის დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. "ლოკომოტივმა" ანგარიშის შემცირება სამ წუთში შეძლო: ამჯერად, კიკნაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა დავით უბილავა და კაპიტანმა შეტევა გოლით დააგვირგვინა - 1:2.

ანგარიშის შემცირების შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და ზუსტად სამ წუთში აქტიური კიკნაძის ფლანგურ ჩაწოდებას ბაჩანა ცხადაძე გამოეხმაურა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

71-ე წუთზე თურქები კიდევ ერთ გოლს გადაურჩნენ: კლიმიაშვილი ფლანგზე მცველს გასცდა, სწრაფად მოძებნა ცხადაძე, რომლის დარტყმულიც მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

მატჩის ბოლო მომენტი რატი არდაზიშვილმა შექმნა - სამი მცველი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ძელს მოარტყა ბურთი.

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე (75. წივწივაძე), ჩიტეიშვილი (75. გაბაძე), კლიმიაშვილი (80. კიკაბიძე), დიასამიძე (62. არდაზიშვილი), ხიდეშელი (57. გეთიაშვილი), ზარანდია (57. კიკნაძე), ჩაგელიშვილი (46. ქიქავა), მახარაძე (75. ჭანტურია), უბილავა (80. მზევაშვილი), სამურკასოვი (40. ცხადაძე).

"ლოკომოტივი" მომდევნო მატჩს 29 აგვისტოს, შოთა არველაძის კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, "ქაისერისფორთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული