აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" ძირითადი ბირთვი არ იშლება და ფეხბურთელების დიდი ნაწილი კლუბთან თანამშრომლობას აგრძელებს - უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდის გულშემატკივრებისთვის ეს სასიამოვნო სიახლე "მერანის" პრესატაშე ედემ ელერჯიამ გაგვანდო.

"კარგია, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები რჩებიან და გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას შეეცდებიან. ესენი არიან: ზურაბ მამალაძე, სერგი ორბელაძე, კიჭი მელიავა, ანდრია გიორგაძე, აკაკი წყაროზია, ვანო ხაბელაშვილი, შოთა ჯიქია, ბენჟამინ ტეიდი, ნიკა საბანაძე... ეს "მერანში" დამრჩენი ფეხბურთელების არასრული სიაა. საქმე ისაა, რომ უახლოეს დღეებში, კლუბის ხელმძღვანელობა თანამშრომლობის გაგრძელებაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაელაპარაკება და მათი
საკითხიც გაირკვევა", - ამბობს ელერჯია.

ნიკა საბანაძემ, რომელიც ერთი ხანობა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ, აგვიხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდში დარჩენა.

"ფრიდონ ინჯიას სურს, რომ გუნდი გააძლიეროს და გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დავბრუნდეთ.

სხვათა შორის, ახლა, შესაძლოა, შემდეგ წელს გასამართავ PRO ლიგა A-ში მოხვედრა პირველი ლიგიდან უფრო გაგვიადვილდეს, ვიდრე უმაღლეს ლიგაში დარჩენის შემთხვევაში - იქიდან 4 გუნდი გავარდება და ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება. მე კი აქეთ-იქით სირბილს სტაბილურ გარემოში ვარჯიში და თამაში მირჩევნია", - ამბობს საბანაძე.

ელერჯიას თქმით, მარტვილის "მერანში" რამდენიმე ცნობილი ახალწვეულია:

"გუნდს შემტევი ნახევარმცველი აკაკი შულაია დაუბრუნდა, რომელიც იჯარით ჯერ "ცხინვალში", ხოლო შემდეგ ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

მარტვილში კიდევ ერთი ექსმერანელი, ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე ითამაშებს, რომელმაც დასრულებული სეზონი ქობულეთის "შუქურაში" გაატარა.

კიდევ ერთი ახალწვეული მეკარე დავით კუპატაძეა, რომელიც "ზესტაფონში", "ტორპედოსა" და ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა. გაძლიერების პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში "მერანის" მორიგ ახალწვეულთა გვარებსაც გაგიმხელთ".

კარგია, რომ "მერანის" ხელმძღვანელობამ ხელები არ ჩამოუშვა და ძლიერდება. იმედია, ასეთი მიდგომით "მერანი" უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება და ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერანი ბევრს მიაღწევს...
გიორგი
13:15 03-06-2016
0
ვერ მივხვდი, როგორ აპირებენ წელსვე დაბრუნებას. აკი მოკლე ჩემპიონატში უმაღლესში ვერავინ გადავაო?
Kote
09:28 03-06-2016
0

სიახლეები პოპულარული