ჩიხურა-ცხინვალი 2:1 - აი, სეირი (სეივიც) ჯერ არნახული! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წამდაუწუმ გოლების მომლოდინეებს ჩვენგან პერიფრაზირებული იოსებ გრიშაშვილის ეს სიტყვები გაგვახსენდა, იმდენად თვალსასეირო, სანახაობრივი, მღელვარე, დიდი საფეხბურთო კომპონენტებით აღსავსე გამოდგა მატჩი.

ერთი სიტყვით, ბრძოლა კი არა, ნამდვილი ომი იყო, ხოლო ორივე მხარე - მხოლოდ საუკეთესო თავდაცვად აღიარებულ შეტევაზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ აგვეკვიატა წარსულის საფეხბურთო დიდებით ნოსტალგირებულებს აზრი - ამდენი თუ შეგვეძლო, აქამდე სად ვიყავითო?!.

არადა, დასაწყისში თამაშს ისეთი პირი უჩანდა, თითქოს, "ჩიხურას" ადვილად უნდა დაემარცხებინა მეტოქე. სტარტიდან 4 წუთიც არ იყო გასული და, საჩხერელებმა სამჯერ შეძლეს მოწინააღმდეგის მეკარის შეწუხება, ხოლო მე-5
წუთზე ვოლკოვის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველებისგან ისევ ვოლკოვმა დაისაკუთრა და იმდენად ძლიერად და ზუსტად დასცხო, ნადირაძემ მხოლოდ მოგერიება შეძლო (აღება ნებისმიერ მეკარეს გაუჭირდებოდა), უკუგდებულზე კი განუგრავამ არ დაახანა - 1:0.

მე-7 წუთზე კორიფაძემ სწრაფი რეიდი განახორციელა თავისი საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან, ორ მცველს მაღალოსტატურად გადაუტარა თავზე ბურთი და ფილიგრანული პასი მისცა ვოლკოვს. მეკარის თავგანწირვამ არ მისცა საშუალება მაყურებელს, დამტკბარიყო ულამაზესი გოლით...

ერთი წუთის შემდეგ იმავე ვოლკოვმა მაინც შეაგდო, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც ოდნავ საეჭვო ჩანდა...

მე-10 წუთზე ლოვრეჩიჩმა შორეული ჯარიმიდან ზედ თავზე დაასვა ბურთი ჩიკვაიძეს და ანგარიში 2:0 გახდა.

აქ კი ცხინვალელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელდა, კახა კაჭარავას შეგირდები მალევე მოეგნენ გონს და უმკაცრესი პრესინგით მეტოქეს მეტი გოლი აღარ გაატანინეს - მაშინაც კი, როცა ბოლოსკენ კაცნაკლულნი დარჩნენ.

პირიქით, თანდათანობით, მეთოდურად გაუშინაურდნენ საჩხერელთა საჯარიმო მოედანს და მე-17 წუთზე ივანიშვილმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა, რასაც კუჭუხიძემ ასპროცენტიანი საგოლე შანსის განიავებით უპასუხა, ხოლო მე-19 წუთზე ქოჩლაძემ დაუბრუნა თამაშს ინტრიგა აუღებელი დარტყმით - 2:1 და ეს ინტრიგა შეხვედრის ბოლომდე შენარჩუნდა.

კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი დაიკარგა კირკიტაძე-ლოვრეჩიჩის შთამბეჭდავი კომბინაციის შემდეგ, ტაიმის ბოლოს კი "ჩიხურა" სამჯერ ბეწვზე გადაურჩა გოლს. ერთ ეპიზოდში ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ორჯერ ჰამზიჩმა სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა.

მეორე ტაიმის დასაწყისი პირველის ანალოგიური იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სტუმრები მოგვევლინნენ დომინანტებად. 50-ე წუთზე კიდევ ორი სასწაული ვნახეთ! სხვა რა უნდა ეწოდოს ჰამზიჩის ქმედებას, როცა ლექვთაძის მიერ სულ რაღაც ხუთიოდე მეტრიდან უძლიერესად დარტყმულიც მოიგერია და იქვე - დამატებულიც!

შემდგომში, უამრავი მომენტიდან განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო კირკიტაძისა და დობროვოლსკის კინაღამ გატანილი გოლები, 75-ე წუთზე, კუჭუხიძესთან ჭიდილში "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის ქარდავას დამსახურებული წითელი ბარათი და კიდევ ერთი სასწაული - ჩვეულებად ექცა რა სარდალიშვილს შეცვლაზე შესვლისას გოლის გატანა, ამჯერადაც არ დაუკლია საამისო ცდა და რამდენჯერმე ღირსიც იყო, შეეცვალა ანგარიში.

განსაკუთრებით, ეს ზემოხსენებულ მომენტზე ითქმის, როცა მის გარდაუვალ საგოლე დარტყმას სასწაულებრივი "სეივით" შეეგება ნადირაძე.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
06.04. ივანწმინდა
ჩიხურა-ცხინვალი 2:1
გოლები: 1:0 განუგრავა (5), 2:0 ჩიკვაიძე (10. ლოვრეჩიჩის პასით), 2:1 ქოჩლაძე (19)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კირკიტაძე, მეგრელიშვილი, განუგრავა, კუჭუხიძე (87. მუმლაძე), კორიფაძე, ვოლკოვი (56. სარდალიშვილი), ლოვრეჩიჩი (59. ჭანკოტაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: კუპატაძე, კაკაშვილი, დეკანოიძე, რეხვიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ცხინვალი: ნადირაძე, გორგიაშვილი, ქოჩლაძე, ქარდავა, ბაჩიაშვილი (87. ძაგოევი), ბეჭვაია, კაკუბავა, მაისაშვილი, ლექვთაძე (71. ჯიშკარიანი), ივანიშვილი, ისიანი (67. ლობჯანიძე).
სათადარიგოები: კერესელიძე, ბურძენიძე, ბუტვევი, ნოზაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ლექვთაძე (69)
გაძევება: ქარდავა (75)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13

მომდევნო, XXIV ტური
10 აპრილი, კვირა
კოლხეთი -ჩიხურა
საბურთალო-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-გურია
დილა-სიონი
მერანი-საპოვნელა
ტორპედო-სამტრედია
ზუგდიდი-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული