უმაღლესი ლიგის XXI ტურის წინ: უფლება არ აქვს, ქულები დაკარგოს...

AutoSharing Option
17 მარტს დაწყებული ტური დღეს, 18 მარტს გაგრძელდება და შაბათს, 19 მარტს დასრულდება.

იმედი დავიტოვოთ, რომ "დინამო"-"დილას" მართლაც საინტერესო და უშეღავათო მატჩის მსგავსად, ტურის დანარჩენი შეხვედრებიც ასეთივე შინაარსის იქნება. მით უმეტეს, რომ დღესაც და ხვალაც რამდენიმე ისეთი დაპირისპირება გველოდება, სატურნირო თუ პრინციპული თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა რომ ენიჭება.

აი, ამის შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატში, სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, თითქმის ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება...

18.03. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =2 -2, 7:5
დისკვალიფიკაცია:
ლაშა კუჭუხიძე (ჩიხურა)
პირველი წრე 1:1

გუშინ გამართული "დინამო"-"დილას" მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც ტურის ერთ-ერთ საინტრიგო დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ: "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" დღესდღეობით ზედა სამეულში არ იმყოფებიან, მაგრამ ევროტურნირების საგზურ(ებ)ის მოპოვების კანდიდატებად მაინც რჩებიან.

ისიც უნდა ითქვას, რომ წინა სატრანსფერო პერიოდებისაგან განსხვავებით, ამ ზამთარს ორივე გუნდმა ეფექტიანი სატრანსფერო კამპანია აწარმოა და არცთუ ურიგო დონის ლეგიონერებიც ჩამოიყვანა.

დიდ ინტერესს იწვევს უმაღლესი ლიგის მწვრთნელთა შორის ყველაზე გამოცდილთა დუელიც და არა მხოლოდ გამოცდილთა: სოსო ფრუიძეც ("ჩიხურა") და შოთა ჭეიშვილიც ("დინამო") მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელებიც არიან და ბევრი ახალგაზრდა ქართველი კოლეგისაგან განსხვავებით, თავმდაბლობითაც გამოირჩევიან.

ისე, ამ წყვილში ფავორიტის დასახელება უადგილოა, იმდენად თანაბრად მიგვაჩნია ორივე გუნდის შანსები.

18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
სამტრედია-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
11: +3=3 -5, 15-18
დისკვალიფიკაცია: გიორგი ქანთარია, ნიკა ქირია (ორივე - ზუგდიდი)
პირველი წრე 3:3

ოთხი თვეა, გრძელდება "სამტრედიის" წაუგებელი სერია და ამიტომაც არავის უნდა უკვირდეს გია ცეცაძის გუნდის საევროპო ამბიციებიც. თანაც, გუშინ ჩატარებული თბილისის "დინამოსა" და "დილას" მატჩის შედეგიდან გამომდინარე, "სამტრედიას" უფლება არ აქვს, ქულები დაკარგოს.

იმის გარდა, რომ "სამტრედია" მეორე წრეში წაუგებლად ასპარეზობს, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, შედეგიანობის თუ როგორი მაღალი მაჩვენებელი აქვს გია ცეცაძის გუნდს (ამ მხრივ, მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება).

აი, მეტოქეს კი აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს: "ზუგდიდს" მეორე წრეში ჯერ არ გაუმარჯვია, სულ კი ჩემპიონატში 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

არადა, ამ გუნდის ჩამოწერა რომ ჯერ ნაადრევია, ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, თუ როგორი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია "ზუგდიდმა" წინა ტურში ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტს, თბილისის "დინამოს", თანაც, ნეიტრალურ მოედანზე...

18.03. ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
შუქურა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =1 -0, 0:0
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ქიქავა (ლოკომოტივი)
პირველი წრე 0:0

"შუქურამ" მეორე წრე მთლად დამაჯერებლად ვერ დაიწყო, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზიც ჰქონდა: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდიდან ხომ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა. თუმცა, ქობულეთელთა გუნდის ქომაგებს სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონდეთ:

"შუქურამ" ხომ პირველ წრეში ქულათა საკმარისი რაოდენობა დააგროვა.

აი, "ლოკომოტივში" კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა - ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდს უკვე 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და XII ადგილზე ყოფნაც არ უნდა იყოს მშვიდობიანი ფინიშის საწინდარი.

თუმცა ზამთრის პაუზის დროს "ლოკომოტივი" სოლიდურად გაძლიერდა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მძაფრზე-მძაფრი კონკურენციაც არის. ერთ-ერთი პრობლემა კი, ჩვენი აზრით, იმ უამრავ ახალწვეულთა ერთმანეთთან შეთამაშებაა, რაც დროის ამბავია...

18.03. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 15:00
სიონი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +1 =0 -0, 3:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხარაიშვილი, ლაშა თოთაძე, რატი ცაცკრიალაშვილი (ყველა - საბურთალო)
პირველი წრე 3:2

მეორე წრეში ჯერჯერობით დაუმარცხებელი მხოლოდ 2 გუნდია და ამათგან ერთ-ერთი "სიონია". არც ის დღეა შორს, ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი გუნდი პირველ სამეულში რომ მოკალათდეს და ევროტურნირების საგზურისთვის ჩემპიონატიდანაც რომ იბრძოლოს (ნუ დაგვავიწყდება, რომ "სიონი" საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც "ვიტ ჯორჯიასთან" ელოდება ორრაუნდიანი დაპირისპირება).

ამ მატჩში მასპინძლები ფავორიტებად მიიჩნევიან და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მეტოქისაგან განსხვავებით, ბევრად მეტი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ: სატურნირო მოტივაციის თვალსაზრისით, "სიონს" ქულების დაკარგვის უფლება არა აქვს.

ამას გარდა, გასათვალისწინებელია სტუმართა ახალგაზრდული გუნდის ძალზე სერიოზული საკადრო პრობლემებიც: "საბურთალოს" ესპანელი თავკაცი პაბლო ფრანკო მარტინი ძირითადი შემადგენლობის სამ საკვანძო ფეხბურთელს მოისაკლისებს.

18.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
ცხინვალი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
13: +3 =2 -8, 11:15
დისკვალიფიკაცია: ნიკა ჯიშკარიანი, გიგა ბეჭვაია (ორივე - ცხინვალი)
პირველი წრე 3:1

იმის გამო, რომ ამ დღეებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ორივე მოედანზე 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩები მიმდინარეობს, "ცხინვალმა" ეს საშინაო შეხვედრა გორში უნდა გამართოს.

მოკლედ, არ ელევა პრობლები "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას: ცალკე - ფინანსურიო, ცალკე - საკადროო და ასე შემდეგ.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მეორე წრეში "ცხინვალს" ჯერ არ გაუმარჯვია, მაშინ, როცა "ტორპედომ" სამი მატჩი მოიგო; თუმცა, უკრაინელი სპეციალისტის, ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედოს" არასტაბილურობა დასჩემდა: ძლიერ მეტოქე(ებ)ს უგებს, მასზე სუსტებთან კი - აგებს...

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩიც უნდა გავიხსენოთ, რამეთუ ქუთაისელმა გულშემატკივარმა ერთმანეთზე ლამაზი გოლები იხილა: მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამაც ეფექტურად "გაისროლა" სტანდარტულიდან და სტუმართა ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამაც ხომ ერთიმეორეზე უკეთესი დარტყმებით დუბლი შეასრულა!

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით აღარც სიჭინავა თამაშობს "ტორპედოში" და აღარც კაჭარავა - "ცხინვალში"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული